ენგურის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან ენგურის ბრძოლა 1855)

ენგურის ბრძოლა — ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის მდინარე ენგურის ნაპირებზე 1855 წლის 25 ოქტომბერს, ყირიმის ომის (1853-1856) დროს.

ომარ-ფაშას შეჭრა სამეგრელოში. გუსტავ დორეს ლითოგრაფია, 1856 წ.
ენგურის ბრძოლის რუკა (სიტინის „სამხედრო ენციკლოპედია“, 1912-1913.

1855 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თურქებმა დიდძალი ჯარი გადმოსვეს ყულევში, ტრაპიზონში, ხოლო 1856 წლის სექტემბერ-ოქტომბერში 36-ათასიანი არმია გადასხეს აფხაზეთში ომერ-ფაშას მეთაურობით. ოსმალეთის სარდლობა აფხაზეთ-სამეგრელოს ხელში ჩაგდებას ვარაუდობდა. ამავე დროს საქართველოში გამარჯვება მდგომარეობას შეუმსუბუქებდა ალყაში მოქცეულ ყარსის თურქულ გარნიზონს.

1856 წლის ოქტომბერში ომერ-ფაშას ჯარი აფხაზეთიდან სამეგრელოსკენ დაიძრა. მის წინააღმდეგ იდგა „გურიის რაზმი“ — 7 ბატალიონი და ქართველთა სახალხო ლაშქარი — დაახლოებით 5 ათასი კაცი გენერალ-მაიორ ივანე მუხრანბატონმა მეთაურობით. მუხრანბატონმა სცადა გაემაგრებინა გადასასვლელები მდ. ენგურზე; ყველაზე უკეთ იყო გამაგრებული რუხის გადასასვლელი, რომელიც ზუგდიდის გზას კეტავდა. ომერ-ფაშამ იერიში მიიტანა რუხის გადასასვლელზე, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. მაშინ მან მოულოდნელად შეუტია ნაკლებად გამაგრებულ სანარმანიოს გადასასვლელს. უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვება ოსმალებს დარჩათ.

ამის შემდეგ ოსმალებმა იერიში მიიტანეს კოკის გადასავლელზეც და გარემოცვის მუქარით აიძულა მუხრანბატონი უკან დაეხია. რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის ჯარმა საერთოდ დატოვა სამეგრელო და ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე გადავიდა. მოკლულთა, დაჭრილთა და დაკარგულთა სახით რუსეთის ჯარმა 500-ზე მეტი ადამიანი დაკარგა, ოსმალებმა — 300-ზე მეტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კაჭარავა დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 671.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თ., 1970.
  • ბურჭულაძე გ., ყირიმის ომი და საქართველო, თბ., 1960.
  • Ингур // Военная энциклопедия : [в 18 т.] / под ред. В. Ф. Новицкого … [и др.]. — СПб. ; [М.] : Тип. т-ва И. Д. Сытина, 1911—1915.