ელისო ასათიანი
ელისო ასათიანი (დ. 20 იანვარი, 1972, თბილისი) — ქართველი მუსიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაელისაბედ ლევანის ასული ასათიანი არის პიანისტი, კონცერტმაისტერი, მუსიკის ისტორიკოსი, მთარგმნელი.
ელისომ 1987 წელს დაამთავრა თბილისის „ნიჭიერთა ათწლედი“, 1992 წელს კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. საფორტეპიანო განხრით, პროფესორ რევაზ თავაძის კლასი. მასთანვე გააგრძელა სწავლა ასპირანტურაში. 1992 წელს სამოქალაქო ომის გამო გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. თავდაპირველად წავიდა გერმანიაში ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ჯერ კიდევ იქ იყო როცა ესპანეთში დამკვიდრებულმა მომღერალმა ეთერ ლამორის-ჭყონიამ შესთავაზა მის კონცერტმაისტერად მუშაობა. ორი წლის მანძილზე ისინი ერთად მონაწილეობდნენ კონკურსებში და წინ მიიწევდნენ მუსიკალურ კარიერაში. 1992 წელს მან მოიპოვა II პრემია, როგორც კონცერტმაისტერმა, ხოსე კარერასის სახელობის კონკურსზე. 1996 წელს კი I პრემია მადრიდში.
1995 წლიდან ელისო ასათიანმა სწავლა გააგრძელა ჰამბურგის უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელში. პარალელურად სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტის გერმანისტიკისა და მუსიკალური მეცნიერების ფაკულტეტებზე. სტუდენტობის დროს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იყო სხვადასხვა სახელობითი სტიპენდიის ნომინანტი. 2001 წელს მიღებულმა რიჰარდ ვაგნერის სახელობითმა სტიპენდიამ ბაირეიტში საფესტივალო ზაფხულის გატარების საშუალება მისცა, სადაც ვაგნერისადმი მიძღვნილ კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა. სწავლისა და სწავლის შემდგომ პერიოდშიც ელისო ასათიანი ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას. როგორც კონცერტმაისტერი, სოლო შემსრულებელი და კამერული ანსამბლის პიანისტი. 2003 წელს დაამთავრა ჰამბურგის კონსერვატორიის მუსიკისა და თეატრის Hochschule–ს მაგისტრატურა. 2005 წელს — ჰამბურგის უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხით. იყო ვაგნერის Bayreuth-Festspiele-ს, ბერლინის, ჰამბურგის, მაიზენის, ბრემენის ფესტივალების მონაწილე; გასტროლებით მოიარა: აშშ, გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები, ჰოლანდია, იტალია; 2008 წელს ცნობილ ბარიტონ ოლაფ ფრანცთან ერთად ჰქონდა გამოსვლები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
ელისო ასათიანმა ბოლო წლებში სინთეზური საღამოების გამართვა დაიწყო. ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს, მაგრამ საქართველოსთანაც დაამყარა შემოქმედებითი კავშირი. მშობლიურ ქალაქში ჩამოსვლისას მის მიზანს წარმოადგენს მსოფლიო მუსიკალური კულტურისათვის უმნიშვნელოვანესი, საიუბილეო თარიღების აღნიშვნა. აქ უკვე ეგულება აუდიტორია, რომელიც მოუთმენლად ელოდება მუსიკოსის მიერ გამართულ ლექცია-კონცერტებს, სადაც იგი გვევლინება ავტორის, წამყვანის, შემსრულებლის ამპლუაში. ამ საღამოებისადმი ინტერესს უპირველესად განაპირობებს მათი ავტორის არაორდინალური ხედვა და მიდგომა არჩეული თემისადმი. აქ ერთმანეთს ცვლის თხრობა, მუსიკალური ნომრები და მის მიერვე თარგმნილი პოეზიის ნიმუშები. ასეთი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოები ელისო ასათიანმა უკვე მიუძღვნა გუსტავ მალერს, ფერენც ლისტს, რობერტ შუმანს, რიხარდ ვაგნერსა და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015. გვ. 39.
- ლისტი, ფერენც. რობერტ შუმანი : [ნაწყვეტი ფილოსოფიურ-ესთეტიკურ წიგნიდან "ლისტი შუმანზე"] / ფერენც ლისტი ; გერმანულიდან თარგმანი და წინასიტყვაობა ელისო ასათიანისა //მუსიკა / საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი. თბ., 2010 გვ. 24-25.
- წულუკიძე, თამარ. მონათესავე სულები: [რიხარდ ვაგნერისადმი მიძღვნილი ლექცია-კონცერტი] // მუსიკა / საქ. კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი. თბ., 2013 გვ.49-52.
- ასათიანი, ელისო. როგორ გახდა ელისო ასათიანი ევროპაში ცნობილი პიანისტი და რატომ "ამოიქაჩა" მან მიუნჰაუზენივით თმით "ჭაობიდან" თავი : ინტერვიუ / ელისო ასათიანი ; ესაუბრა კატო ჟღენტი // თბილისელები. თბ., 2012 გვ. 74.