ელიჟბიეტა ბენკოვსკა
ელიჟბიეტა ბენკოვსკა, პოლ. Elżbieta Ewa Bieńkowska, ქალიშვილობისას - მოიხი (დ.1964 წ.) - პოლონეთის პოლიტიკური მოღვაწე, ვიცე-პრემიერი, ევროკავშირის კომისარი შიდა ბაზრის, მრეწველობის და საშუალო და მცირე ბიზნესის სფეროში 2014-19 წლებში.
ელიჟბიეტა ბენკოვსკა | |
პოლონეთის ვიცე-პრემიერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ნოემბერი, 2013 – 22 სექტემბერი, 2014 | |
წინამორბედი | იაცეკ როსტოვსკი |
მემკვიდრე | ტომაშ სიემონიაკი |
დაბადებული | 4 თებერვალი, 1964 კატოვიცე, პოლონეთი |
მოქალაქეობა | პოლონეთი |
მამა | ტადეუშ მოიხი |
დედა | იადვიგა მოიხი |
მეუღლე | არტურ ბენკოვსკი |
შვილები | მიხალინა, ტადეუში, ზოფია |
განათლება | იაგელონიის უნივერსიტეტი, კრაკოვი ვარშავის ეკონომიკის სკოლა |
პროფესია | აღმოსავლეთმცოდნე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელიჟბიეტა ბენკოვსკა დაიბადა სილეზიის რეგიონის ქალაქ კატოვიცეში. სოსნოვიეცში სკოლის დამთავრების შემდეგ მან 1988 წელს უმაღლესი განათლება მაგისტრის წოდებით მიიღო კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ირანისტიკის სპეციალობით.
მოგვიანებით ბიზნესის ადმინისტრირების განხრით მან სწავლა განაგრძო ვარშავაში მდებარე საჯარო მოხელეთა ეროვნულ სასწავლებელში და ეკონომიკის სკოლაში. საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირების გავლის შემდეგ ელიჟბიეტა ბენკოვსკამ მუშაობა დაიწყო კატოვიცეს რეგიონულ მთავრობაში, როგორც ევროკავშირის საფინანსო პროგრამების მართვაზე პასუხისმგებელმა პირმა. თავდაპირველად იგი რეგიონის განვითარების სტრატეგიის საკითხებში მხარის ხელმძღვანელის მრჩეველი იყო, ხოლო 1999-დან 2007 წლამდე მუშაობდა შლიონსკის პროვინციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორად. ამ პერიოდში პროვინციას ხელმძღვანელობდა იან ოლბრიხტი, რომელიც მოგვიანებით ევროკავშირში პოლონეთის ელჩი გახდა. მისი რეკომენდაციით, მმართველმა პარტიამ "სამოქალაქო პლატფორმამ" საკუთარი რეიტინგის შემცირების ფონზე წინა პლანზე გამოცდილი მენეჯერი წამოსწია.
2007 წელს ელიჟბიეტა ბენკოვსკა დაინიშნა დონალდ ტუსკის სამთავრობო კაბინეტში რეგიონული განვითარების მინისტრად. თავდაპირველად ეს საკადრო გადაადგილება საპენსიო სისტემის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ დროებით ნაბიჯად მოჩანდა, თუმცა მინისტრმა გააგრძელა კარიერა მთავრობაში, რომელმაც საკუთარ მიზნად საუკუნის მესამე დეკადაში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ოცეულში პოლონეთის შესვლა დაისახა.[1]
ელიჟბიეტა ბენკოვსკა საკუთარ თავს ტექნოკრატად მიიჩნევდა, რომლისთვისაც უცხოა პარტიული კუთვნილება. იგი სიამაყით აღნიშნავდა, რომ კარიერული წინსვლისთვის მას არ დასჭირდა პოლიტიკური ორგანიზაციის იერარქიულ საფეხურებზე ასვლა. პარტიის მხარდამჭერებს შორის ბიენკოვსკას გავლენა დიდი არ ყოფილა, თუმცა ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში და ევროკავშირის ასპარეზზე მისი ავტორიტეტი უდავო იყო.[2]
ოთხი წლის შემდეგ მინისტრმა კენჭი იყარა სენატის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატის სახით, ოღონდ "სამოქალაქო პლატფორმის" მხარდაჭერით. გამარჯვების შემდეგ მან დონალდ ტუსკის მეორე მთავრობაში დაწინაურდა და ვიცე-პრემიერი გახდა, მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის არეალი კი გაფართოვდა ორი სხვადასხვა უწყების გაერთიანებით ინფრასტრუქტურის და განვითარების სამინისტროში. ფინანსთა სამინისტროს შემდეგ ეს ყველაზე მსხვილი სახელმწიფო უწყება გახდა.
2013 წელს პოლონეთმა 105 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება მიიღო მომდევნო შვიდი წლისთვის, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ პოლონურ "მარშალის გეგმას" შეადარა.
2014 წელს ქვეყანაში მასშტაბური პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია მაღალი რანგის თანამდებობის პირების სატელეფონო და პირადი საუბრების უკანანო ჩანაწერების გამოქვეყნებამ.[3] ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერის ფიგურანტი ელიჟბიეტა ბენკოვსკა იყო. სკანდალმა დასცა "სამოქალაქო პლატფორმის" რეიტინგი, რასაც მომდევნო წელს გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე მისი დამარცხება მოჰყვა.
ევროკომისიის თავმჯდომარის ჟან-კლოდ იუნკერის წარდგინებით, 2014-19 წლებში ყოფილი ვიცე-პრემიერი მუშაობდა კომისრად შიდა ბაზრის, მრეწველობის, მეწარმოების და საშუალო და მცირე ბიზნესის სფეროში. ამავდროულად, ის თავდაცვის სფეროში კვლევის ჯგუფს ხელმძღვანელობდა.[4]
იგი მიიჩნევა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ პოლონელ პოლიტიკურ მოღვაწედ.[5]
ოჯახური მდგომარეობა
რედაქტირებადაქორწინებულია არტურ ბენკოვსკიზე. წყვილს სამი შვილი ჰყავს - მიხალინა, მატეუში და ზოფია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Elżbieta Bieńkowska – Hidden asset politico.eu, 15 January 2014
- ↑ Elizbieta Bienkowska howold.co
- ↑ Polish government hit by resignations over eavesdropping scandal sg.news.yahoo.com
- ↑ Commissioner: Elizbieta Bienkowska blue-growth.org
- ↑ Elizbieta Bienkowska, net worth[მკვდარი ბმული] trendcelebnow.com