მარშალის გეგმა
მარშალის გეგმა (ინგლ. Marshall Plan), ოფიციალურად ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა (European Recovery Program - ERP) — აშშ-ის მთავარი პროგრამა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღმშენებლობისთვის. ინიციატივას სახელი ეწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად. გეგმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს, ძირითადად კი უილიამ კლეიტონმა და ჯორჯ კენანმა.
რეკონსტრუქციის გეგმა დამუშავდა მონაწილე ევროპულ სახელმწიფოთა შეხვედრაზე 1947 წლის ივლისში. შეხვედრაზე საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც იყვნენ მოწვეული, თუმცა სტალინმა ეს გეგმა საბჭოეთისთვის საშიშროებად მიიჩნია, ამერიკის იმპერიალისტური გეგმა უწოდა და ამგვარად, საბჭოთა ბლოკის ქვეყნები შეხვედრაზე არ დაუშვა. გეგმა ხორციელდებოდა 1947 წლის ივლისიდან დაწყებული ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში გაღებულ იქნა $13 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ეკონომიკური და ტექნიკური დახმარება − რაც 2006 წლის კურსით $130 მილიარდი ამერიკული დოლარის ექვივალენტურია (ინფლაციის გათვალისწინებით). ეს თანხა მოხმარდა ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაერთიანდნენ.
გეგმის განხორციელების დასასრულს, მონაწილე ქვეყნების (გერმანიის გამოკლებით) ეკონომიკამ მათ ომამდელ დონეს გაუსწრო. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში დასავლეთ ევროპა განიცდიდა უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას. მარშალის გეგმა მოიაზრება, როგორც ევროპის ინტეგრაციის ერთ-ერთი უპირველესი ელემენტი, ვინაიდან მან მოხსნა ტარიფები და სავაჭრო ბარიერები და შექმნა ინსტიტუტები ეკონომიკის კოორდინაციისთვის კონტინენტურ დონეზე. მარშალის გეგმის შედეგი იყო ამერიკული მმართველობის ტექნიკის სისტემატური დანერგვა. ბოლო წლებში ზოგიერთი ისტორიკოსი ეჭვქვეშ აყენებს მარშალის გეგმის საერთო ეფექტურობას, თუმცა მაინც მოიაზრებს მას, როგორც პოზიტიურ და წარმატებულ სქემას, რომელმაც ევროპა ფეხზე დააყენა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ მიერ მარშალის გეგმის 25-ე წლისთავზე, 1972 წელს, დაფუძნდა მარშალის ფონდი. ფონდის დაარსებისას ჰარვარდში წარმოთქმულ სიტყვაში გერმანიის კანცლერმა ვილი ბრანდტმა აღნიშნა, რომ „ჩემს მთავრობას სურდა მარშალის გეგმის დაწყების 25-ე წლისთავის აღნივნა უფრო მეტით, ვიდრე სიტყვებით. გერმანიის მთავრობამ, პარლამენტის ნებართვით, გამოყო გარკვეული თანხები მარშალის მემორიალური ფონდის შესაქმნელად. ეს თანხა გამოყოფილია ამერიკა-ევროპის კვლევებისა და საკვლევი პროექტებისთვის.“ [1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 472.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მარშალის გეგმა“ ვიკისაწყობში.
- მარშალის ფონდი დაარქივებული 2006-06-15 საიტზე Wayback Machine. .
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Brandt, Willy (1976), People and Politics. The Years 1960-1975. ("Begegnungen und Einsichten. Die Jahre 1960-1975."), p. 308