ელიზაბეთ ბავარიელი (1876-1965)

ელიზაბეთ ბავარიელი (გერმ. Elisabeth in Bayern, ფრანგ. Élisabeth en Bavière; დ. 25 ივლისი, 1876, შტარნბერგი, გერმანია — გ. 23 ნოემბერი, 1965, ბრიუსელი, ბელგია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის ჰერცოგ კარლ თეოდორისა და ინფანტა მარია ჟუზეფა პორტუგალიელის ასული. ბელგიის დედოფალი 1909-1934 წლებში როგორც ალბერტ I-ის მეუღლე. ბელგიის მეფე ლეოპოლდ III-ისა და იტალიის დედოფალ მარი ჟოზე ბელგიელის დედა.

ელიზაბეთ ბავარიელი
ბელგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 17 დეკემბერი, 1909
მმართ. დასასრული: 17 თებერვალი, 1934
წინამორბედი: მარია ჰენრიეტა ავსტრიელი
მემკვიდრე: ასტრიდ შვედი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 ივლისი, 1876
დაბ. ადგილი: შტარნბერგი, გერმანია
გარდ. თარიღი: 23 ნოემბერი, 1965, (89 წლის)
გარდ. ადგილი: ბრიუსელი, ბელგია
მეუღლე: ალბერტ I, ბელგიის მეფე
(ქ. 1900 - გარდ. 1934)
შვილები: ლეოპოლდ III, ბელგიის მეფე
შარლი, ფლანდრიის გრაფი
მარი ჟოზე, იტალიის დედოფალი
სრული სახელი: ელიზაბეთ გაბრიელა ვალერია მარია
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: კარლ თეოდორი, ბავარიის ჰერცოგი
დედა: მარია ჟუზეფა პორტუგალიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელიზაბეთი დაიბადა 1876 წლის 25 ივლისს შტარნბერგში, გერმანიაში. იგი იყო ბავარიის ჰერცოგ კარლ თეოდორისა და მისი მეუღლის, პორტუგალიის მეფე მიგელ I-ის ასულ მარია ჟუზეფა პორტუგალიელის ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი ბიძაშვილი იყო შვედეთ-ნორვეგიის დედოფალი ჟოზეფინა ლოიხტენბერგელი, რომლის ხაზითაც ელიზაბეთს ახლო ნათესავებად ერგებოდნენ შვედეთ-ნორვეგიის მეფეები: ოსკარ II და კარლ XV.

 
ელიზაბეთი და მისი მეუღლე, მეფე ალბერტ I

1900 წლის 2 ოქტომბერს ელიზაბეთი ცოლად შერთეს ბელგიის პრინც ფილიპესა და მისი ცოლის, მარია ლუიზე ფონ ჰოენცოლერნ-ზიგმარიგენის უფროს ვაჟს, პრინც ალბერტ ბელგიელს.

1909 წლის 17 დეკემბერს მისი ქმარი ბელგიის ტახტზე ავიდა ალბერტ I-ის სახელით, რითაც ელიზაბეთი დედოფალი გახდა. მათი ტახტზე ასვლიდან ხუთ წელიწადში, 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რა დროსაც გერმანელებმა ბელგიის ოკუპაცია მოახდინეს. მსგავსად დანიის, რუსეთის, ესპანეთისა და იტალიის დედოფლებისა, ელიზაბეთმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ომში დაჭრილი მეომრების დახმარებით. იგი წითელი ჯვრის ორგანიზაციაში გაწევრიანდა და როგორც მედდა ისე მსახურობდა და ეხმარებოდა ჯარისკაცებსა თუ ლტოლვილებს. გარდა ამისა, იგი იმითაც გახდა ბელგიაში ცნობილი, რომ თითქმის არასოდეს აკლდებოდა ევროპის მუსიკალურ ფესტივალებს.

1934 წლის 17 თებერვალს მისი მეუღლე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მათმა ვაჟმა, ლეოპოლდ III-მ დაიკავა, ელიზაბეთს კი დედა-დედოფლის წოდება მიენიჭა, რომელსაც მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ატარებდა. მას შემდეგ, რაც 1935 წელს მისი რძალი, დედოფალი ასტრიდი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, ელიზაბეთი იძულებული გახდა თავის თავზე კვლავ აეღო დედოფლის წოდებრივ-წარმომადგენლობითი მოვალეობები. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მან თავისი გერმანული კონტაქტები კარგად გამოიყენა და ნაცისტებისაგან იხსნა მრავალი ებრაელი. ამის გამო შემდგომში შექმნილი ისრაელის რესპუბლიკის მთავრობისაგან დედოფალმა ელიზაბეთმა საპატიო ჯილდო მიიღო.

 
დედოფალი ელიზაბეთი თბილისის წმ. პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში სააღდგომო წირვაზე, 1958 წელი (გაფერადებული).

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მან თავისი პოპულარობა დაკარგა, რადგან მიუხედავად ხალხის გაჭირვებისა იგი ხშირად დადიოდა პოლონეთსა და რუსეთში მუსიკალურ ფესტივალებზე. ამის გამო ბელგიელებმა მას „წითელი დედოფალი“ შეარქვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამეფო ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, ომის პერიოდში ელიზაბეთიც გერმანელთა მკაცრი დაკვირვების ქვეშ იყო, თუმცა მისი გერმანული ფესვების გამო მაინც ხშირად იღებდა შეღავათს და შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც იყო.

1958 წლის 5 აპრილს დედოფალი ელიზაბეთი საბჭოთა კავშირს, კერძოდ კი საქართველოს ესტუმრა. აქ იგი თბილისის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის კათოლიკურ ტაძარში დაესწრო სააღდგომო წირვას. დედოფალ ელიზაბეთს აეროპორტში დახვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე დავითაძე, აღმასკომის თავმჯდომარე და პრეზიდიუმის წევრები. გარდა თბილისის კათოლიკური ტაძრისა, დედოფალი ეწვია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, გორის სტალინის მუზეუმსა და სოფელ მეჯვრისხევის კოლმეურნეობას.

დარჩენილი ცხოვრება ელიზაბეთმა ბრიუსელში, სამეფო სასახლეში, სიმშვიდესა და ფუფუნებაში გაატარა. იგი გარდაიცვალა 1965 წლის 23 ნოემბერს, 89 წლის ასაკში.

  1. ლეოპოლდ III (1901-1983), ბელგიის მეფე 1934-1951 წლებში. ცოლად შეირთო პრინცესა ასტრიდ შვედი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა: ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია ჟოზეფინ შარლოტი და ბელგიის მეფეები — ბოლდუინი და ალბერტ II. დაქვრივების შემდეგ მეორედ დაქორწინდა მერი ლილიან ბაელსზე, რომელთანაც შეეძინა კიდევ სამი შვილი;
  2. შარლი (1903-1983), ფლანდრიის გრაფი და თავისი ძმის რეგენტი 1944-1950 წლებში. ცოლად შეირთო ჟაკლინ პერიბრუნი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  3. მარი ჟოზე (1906-2001), ცოლად გაჰყვა იტალიის მეფე უმბერტო II-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Keleher and Chant. The Padre of Isleta. Sunstone Press, 2009, p. 94.
  • W.A. Keleher. The Indian sentinel.1920, vol.2. p.23-24
  • "Queen Elisabeth of Belgium". Unofficial Royalty. 2015-01-15. Retrieved 25 September 2018.
  • p.70, Horrocks, Brian, Belfield, Eversley, Essame, H., Corps Commander, Magnum Books, London, 1977
  • Kawalerowie i statuty Orderu Orła Białego 1705-2008, 2008, s. 300
  • Dziennik Personalny M.S.Wojsk. Nr 13 z 8.06.1922 r.