ელესა
ელესა, ჰელესა — ხალხური ლექს-სიმღერა, შრომის პოეზიის სახეობა, რომელიც სრულდებოდა მძიმე ტვირთის გადატანისას ლაზეთში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთში.
ელესას სიტყვიერი ნაწილი მწირია, ისმის მხოლოდ „ელესა“ და „იო“ (გურიაში). ერთი მოსაზრებით, ეს „კირიელეისონიდან“ (ბერძნული „კჳრიელეჲსონ“ – „უფალო შეგვიწყალე“) მიღებული სიტყვებია. ელესას პირველი ჩანაწერი დასტურდება გიორგი ავალიშვილის „მოგზაურობაში“ (1819). ელესას ასრულებდნენ მეზღვაურები ღუზის ამოღებისას. ლაზური „ელესა“ მონოდიური (ერთხმიანი გუნდური) სიმღერაა, აჭარული და გურული — სამ- და ოთხხმიანი, იმერული და მეგრული — სამხმიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- თანდილავა ზ., ლაზური ხალხური პოეზია, თბ., 1972.
- ქართული ფოლკლორი, [ტ.] 4, თბ., 1974.
- ჩხეიძე ჯ., შრომის პოეზია ქართულ ფოლკლორში, ბათ., 1973.
- ჭელიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 626.