ევბეა

(გადამისამართდა გვერდიდან ევია)

ევბეა,[1] ევია (ბერძ. Εύβοια) — კუნძული ეგეოსის ზღვაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, მასთან დაკავშირებულია ხიდით. კონტინენტისგან გამოყოფილია ევრიპოსის ვიწრო სრუტით (სიგანე — მხოლოდ 15 მეტრი).[2] საბერძნეთის ტერიტორიაა. ფართობი 3661,637 კმ²-ია,[3] მიმდებარე პატარა კუნძულებთან ერთად — 3908 კმ². გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით,[4] დაახლოებით 180 კმ-ზე. ნაპირები ციცაბოა, ზედაპირი — მთიანი;[1] სიმაღლე 1743 მეტრამდე (მთა დირფისი),[4] აგებულია უმეტესად კირქვებით,[1] განვითარებულია კარსტი. დაფარულია ხმელთაშუაზღვიური ბუჩქნარითა და ტყეებით. განვითარებულია სუბტროპიკული მიწათმოქმედება, მეცხოველეობა. კუნძულზე არის მაგნეზიტის საბადო (ლიმნი),[4] ქრომისა და რკინის მადნის საბადოები.[1] მთავარი ქალაქია ქალკისი.[4]

ევბეა
მშობ. სახელი: Εύβοια

ქალაქი ედიფსოსი
გეოგრაფია
მდებარეობა ეგეოსის ზღვა
კოორდინატები 38°30′ ჩ. გ. 24°00′ ა. გ. / 38.500° ჩ. გ. 24.000° ა. გ. / 38.500; 24.000
ფართობი 4000,811 კმ²
სიგრძე ≈180 კმ
უმაღლესი წერტილი 1743 მ
დირფისი
ადმინისტრაცია
პერიფერია ცენტრალური საბერძნეთი
ნომი ევბეის ნომი
დემოგრაფია
მოსახლეობა 191 206 (2011)
სიმჭიდროვე 54 /კმ²
ევბეა — საბერძნეთი
ევბეა

პირველი სამოსახლოები დათარიღებულია ბრინჯაოს ხანით. კუნძულზე ერთდროულად არსებობდა ფინიკიელებისა და კრეტელების დასახლებები, მოგვიანებით — იონიელებისა.[5] მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ძველი საბერძნეთის ისტორიაში. მოხსენიებულია ჰომეროსის „ილიადაში“.[1] მთავარი ქალაქები — ქალკიდა და ერეტრია — ძვ. წ. VII საუკუნეში მსხვილი სავაჭრო ცენტრები იყო, რომლებმაც კოლონიები დააარსეს სიცილიაზე, იტალიაში, ქალკედონის ნახევარკუნძულზე. ძვ. წ. 700–650 წლებში ამ ორ ქალაქს შორის მიმდინარეობდა ომი ტერიტორიების მოსაპოვებლად (1-ლი საერთობერძნული კოალიციური ომი). ძვ. წ. 506 წელს ევბეა დაიმორჩილა ათენმა. ძვ. წ. 490 წელს ერეტრია სპარსელებმა დაანგრიეს. ათენის 1-ელ საზღვაო კავშირში მონაწილეობდა ევბეის დაახლოებით 12 ქალაქი, მისგან გამოსვლის მცდელობები ძვ. წ. 446 წელს აღკვეთა პერიკლემ. 411 წლიდან ქალკიდა და ერეტრია კვლავ დამოუკიდებლები გახდნენ. ელინისტურ ეპოქაში ქალკიდა ძლიერი ციხესიმაგრე გახდა.[2] ძვ. წ. IV საუკუნიდან მაკედონიას ემორჩილებოდა, ძვ. წ. 198 წლიდან — რომს, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ბიზანტიას ეკუთვნოდა. 1205 წელს იგი IV ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა დაიპყრეს, 1366 წელს ვენეციის რესპუბლიკის გამგებლობაში გადავიდა, XV საუკუნეში თურქებმა აიღეს. ევბეის მოსახლეობა აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბერძენი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, 1830 წელს კუნძული აღორძინებული საბერძნეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.[1]

ევრიპოსის სრუტეზე, რომელიც კუნძულს კონტინენტისგან გამოყოფს, ძვ. წ. VI საუკუნიდან არსებობს ხიდები.[5]

კულტურული მემკვიდრეობა

რედაქტირება

ქალაქ ქალკისში მდებარეობს XIX საუკუნის სინაგოგა, XV საუკუნის მეჩეთი, XIII საუკუნის აია-პაპასკევის ეკლესია. ქალკისიდან 22 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით არის ქალაქი ერეტრია. თანამედროვე ქალაქი მდებარეობს ძველი, ძვ. წ. 87 წელს განადგურებული ქალაქის ადგილზე. შემორჩენილია აგორის, ტაძრების, გიმნაზიების, თეატრისა და სალოცავების ნანგრევები. მის მიდამოებში ბევრი ვენეციური კოშკია. ქალაქ კარისტოსში მდებარეობს ციხესიმაგრე კასტელ-როსო, ე.წ. „დრაკონების სახლი“ (დრაკოსპიტა, სალოცავი). კუნძულზე შემორჩენილია ჯვაროსანთა ფრანგული ციხესიმაგრე, მასთან ახლოს არის ევბეაზე ყველაზე დიდი ეკლესია — წმინდა დიმიტრიოსის XIV საუკუნის ბაზილიკა. ქალაქ კიმიდან ჩრდილოეთით მდებარეობს XVII საუკუნის ქალთა მონასტერი — მონი-სოტიროსი.[5]

კუნძულზე არის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ყოფილ ვენეციურ ციხესიმაგრეში, და არქეოლოგიური მუზეუმი.[5]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ევბეა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 30.
  2. 2.0 2.1 Эвбея // Словарь античности : Перевод с немецкого. — М.: Прогресс, 1989.
  3. „Eπιφάνεια, πραγματικός και μόνιμος πληθυσμός των κατοικημένων νήσων της Eλλάδος“ (PDF). Σtatiσtikh eπethpiδa τησ Eλλαδοσ 2009 & 2010 (ბერძნული). Πειραιάς: Ελληνική Στατιστική Αρχή. 2011. ISSN 0081-5071.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Эвбея // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 29 — М., 1978.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Эвбея. Энциклопедический словарь (2009). niv.ru. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2021