ევგენი ლეონოვი (რუს. Леонов, Евгений Павлович; დ. 2 სექტემბერი, 1926, მოსკოვი — გ. 29 იანვარი, 1994, მოსკოვი) — თეატრისა და კინოს საბჭოთა და რუსი მსახიობი. 1978 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. 1976 წელს სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის, ხოლო 1992 წელს — რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის მფლობელი გახდა. 1955 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.

ევგენი ლეონოვი
დაბადების თარიღი 2 სექტემბერი 1926
მოსკოვი, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 29 იანვარი, 1994 (67 წლის)
მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1947—1994
მეუღლე(ები) ვანდა ლეონოვა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა პავლე და ანა ლეონოვების ოჯახში. მამა მუშაობდა ავიაქარხანაში, დედა დიასახლისი იყო. ევგენი ოჯახში მეორე შვილი იყო და ჰყავდა ორი წლით უფროსი ძმა, ნიკოლოზი. ოჯახში კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა და ორ მომცრო ოთახს იკავებდა. დიდი სამამულო ომის პერიოდში ევგენიმ მეშვიდე კლასი დაამთავრა. მშობლების რჩევით სახარატო ჩარხზე ავიაქარხანაში მუშაობა დაიწყო. ომის პერიოდში იქ მთელი ოჯახში მუშაობდა: მამა ინჟინერი იყო, დედა - მეტაბელე, ხოლო ძმა - ასლის გადამღებ აპარატზე.

1945 წლის შემოდგომაზე ლეონოვი სერგო ორჯონიკიძის სახელობის საავიაციო ტექნიკუმში მოეწყო. მესამე კურსზე ყოფნისას ჩააბარა მოსკოვის ექსპერიმენტული თეატრალური სტუდიის დრამატულ განყოფილებაზე, რომელსაც როსტისლავ ზახაროვი, დიდი თეატრის ბალეტმეისტერი ხელმძღვანელობდა.[1] 1947 წელს დაამთავრა სტუდიაში სწავლა და ძერჟინსკის რაიონის მოსკოვის თეატრში იქნა მიღებული. 1948 წლიდან გამოდიოდა კ. სტანისლავსკის სახელობის თეატრის სცენაზე.

1968 წლიდან იყო ვ. მაიაკოვსკის სახელობის თეატრის მსახიობი. 1970-იანი წლების დასაწყისში თეატრალური რეპეტიციების ხშირად გაცდენის გამო ლეონოვს ჰქონდა კონფლიქტები თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ანდრეი გონჩაროვთან.[2] 1974 წელს გადავიდა ლენინური კომკავშირის სახელობის თეატრში, რომელსაც 1990 წლიდან „ლენკომი“ ეწოდა (თეატრს 1973 წლიდან მარკ ზახაროვი ხელმძღვანელობდა. 1982 წლიდან ლეონოვი არჩეული იქნა ა. იაბლოჩკინას სახელობის მსახიობის ცენტრალური სახლის საზოგადო დირექტორად.

ლეონოვმა პოპულარობა მოიპოვა ფილმში „ზოლებიანი რეისი“ შესრულებული როლით. აქვს ბევრი აღსანიშნავი როლი, რომელთა შორის არის: მეფე („ჩვეულებრივი სასწაული“), კოლია („აფონია“), ხარიტონოვი („შემოდგომის მარათონი“), ტროშკინი / დოცენტი („იღბლიანი ჯენტლმენები“), უეფი („ქინ-ძა-ძა“) და ა.შ.

კინოში გადაღებებისას ლეონოვი თითქმის არ იყენებდა გრიმს. მაყურებელს დაამახსოვრდა ოდნავ ხრინწიანი ხმით. ახმოვანებდა ანიმაციურ ფილმებსაც, რომელთა შორის აღსანიშნავია „ვინი პუჰი“.

1988 წელს, გერმანიაში გასტროლების პერიოდში კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. 16 დღის მანძილზე კომაში იმყოფებოდა. 4 თვის შემდეგ დაუბრუნდა შემოქმედებას. გარდაიცვალა 1994 წლის 29 იანვარს, 68 წლის ასაკში, ტრომბის მოწყვეტის შედეგად, როდესაც სპექტაკლისათვის ემზადებოდა. დასაფლავებული იქნა მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

 
ე. ლეონოვის საფლავი ნოვოდევიჩის სასაფლაოზე

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Я Леоновым не стал, я Леоновым родился | Новости — most.ua[მკვდარი ბმული]
  2. Леонов в «Ленкоме»[მკვდარი ბმული]