ევაგრიოს სქოლასტიკოსი
ევაგრიოს სქოლასტიკოსი (ბერძ. Ευάγριος Σχολαστικός; ლათ. Evagrius Scholasticus დ. 537, ეპიფასია — გ. 594) — ბიზანტიელი ისტორიკოსი, ღვთისმეტყველი, იურისტი და ლიტერატორი. იურიდიული განათლება მიიღო და ვექილად მუშაობდა ანტიოქიაში. ევაგრიოს სქოლასტიკოსი მსახურეული არისტოკრატიის განათლებული ნაწილის წარმომადგენელი და პატრიარ გრიგოლთან (570-593) დაახლოებული პირი იყო. როდესაც გრიგოლი მის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, ევაგრიოსიც მას გაჰყვა. აქ ის დაწინაურდა სამეფო კარზე, იმპერატორების, ტიბერიუს II-სა და მავრიკიოსისგან მიიღო საპატიო წოდებები.
მისი ძირითადი ნაშრომია ექვს წიგნად დაწერილი „საეკლესიო ისტორია“, რომელიც მოიცავს 431-593 წწ. პერიოდს. ევაგრიოს სქოლასტიკოსი აგრძელებს საეკლესიო ავტორების - სოკრატეს, ევსები პამფილიელის, სოზომენეს და თეოდორიტე კვრელის ტრადიციებს. ის აგრეთვე სარგებლობდა საერო ისტორიკოსებითაც, პროკოპი კესარიელით, მენანდრე პროტიქტორით, იოანე ეპიფანელით. სხვა საეკლესიო მწერლებისაგან განსხვავებით, ევაგრიოს სქოლასტიკოსი წყაროებს კეთილსინდისიერად და კრიტიკულად ეკიდება. ევაგრიოს სქოლასტიკოსი ორთოდოქსალური მიმართულებისაა. დიდ ადგილს უთმობდა საერო ისტორიისა და სახალხო მოძრაობის აღწერას, თუმცა ამ უკანასკნელს საკმაოდ მუქი ფერებით ხატავდა. აქვს ცნობები პეტრე იბერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, აფხაზეთში ქრისტიანობის განმტკიცების, 572 წელს სპარსელების წინააღმდეგ სომეხთა და ქართველთა აჯანყების შესახებ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 30.
- ლომოური ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 546.
- ყაუხჩიშვილი, ს. (1936). ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი III. ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 290-300.