ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ედიშერ ცხადაძე (დ. 14 მაისი, 1958, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფიზიკოსი ედიშერ ცხადაძე წლებია უცხოეთში ცხოვრობს. მერვე კლასიდან კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლობდა, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1975 წელს. ოჯახში ფიზიკოსი არავინ ჰყოლია. მამა და ძმა ინჟინრები არიან, რაც მოგვიანებით საკმაოდ გამოადგა. როცა საქმემ მოიტანა და ნახაზებში, პროექტირებაში გარკვევა და მუშაობა მოუხდა, კონსულტანტები აღარ უძებნია. სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე გააგრძელა. უნივერსიტეტი 1980 წელს დაამთავრა. თავდაპირველად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის პარალელურად სსრკ-ის უდიდეს სამეცნიერო ცენტრებში, სერპუხოვოსა და დუბნაში მუშაობდა. 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „დიმიუონებთან ასოცირებულ ნაწილაკთა დაბადება რეაქციაში (ექსპერიმენტი რისკი)“. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დუბნის ბირთვული კვლევის ინსტიტუტში მონაწილე რესპუბლიკებმა უკვე მონაწილე ქვეყნების სტატუსი მიიღეს და ედიშერ ცხადაძე ამ საერთაშორისო ინსტიტუტში საქართველოდან მივლინებული სამეცნიერო ჯგუფის წევრი აღმოჩნდა. 1995 წლიდან, სწორედ დუბნის ინსტიტუტის ხელშეწყობით, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი გახდა შვეიცარიაში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილი სამეცნიერო კოლაბორაციის, „ატლას“-ექსპერიმენტის წევრი (ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრი – ცერნი, ჟენევა). ფიზიკის ინსტიტუტისა და თსუ-ს ჯგუფები მონაწილეობდნენ, როგორც ექსპერიმენტული დანადგარების შექმნაში, ასევე, შესასწავლი ფიზიკური პროცესების მოდელირებაში. „ატლას“-ექსპერიმენტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისა და შედეგების ბაზაზეა დაწერილი ედიშერ ცხადაძის სადოქტორო დისერტაცია: „დრეიფული კამერების სისტემების შემუშავება და შექმნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ექსპერიმენტებისათვის“ (2005). 2001 წელს ქართველ მეცნიერთა ჯგუფს დუბნის ბირთვული კვლევის ინსტიტუტის პრემია მიენიჭა, 2010 წელს კი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატობაც ერგოთ: „საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში 2010 წლის საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ ფიზიკა-მათემატიკის დარგის მეცნიერებს, ავტორთა კოლექტივს – ედიშერ ცხადაძეს, ირაკლი მინაშვილს, ალექსანდრე შარმაზანაშვილს და ჯემალ ხუბუას – ნაშრომთა ციკლისთვის „დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილ ექსპერიმენტ ATLAS -ში ადრონული კალორიმეტრისა და მიუონური სისტემის ცენტრალური ნაწილების და დანადგარის მაკონტროლირებელი სისტემის შექმნა“. დუბნა-საქართველოს სამეცნიერო ჯგუფი „ატლას“ ექსპერიმენტისათვის დეტექტორების შექმნაზე მჭიდროდ თანამშრომლობდა იტალიელ კოლეგებთან, კერძოდ, იტალიაში არსებულ ბირთვული კვლევის ნაციონალურ ინსტიტუტთან (INFN - Istituto Nazionale di Fisica Nucleare). ამ ორგანიზაციას მრავალ ქალაქში აქვს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები (ფილიალები). ბოლო 7 წლის მანძილზე ედიშერ ცხადაძე მუდმივად ცხოვრობს იტალიაში და მუშაობს რომიდან 20 კილომეტრში მდებარე ქალაქ ფრასკატის ლაბორატორიაში. ელემენტარული ნაწილაკების ექსპერიმენტული ფიზიკის ძირითადი მიზანი ამ ნაწილაკთა დაჯახების შედეგად დაბადებული მეორადი ნაწილაკების შესწავლაა. თვალით უხილავი გამოსხივების დაკვირვებას სპეციალური ხელსაწყოები (დეტექტორები) ახდენენ. დიდი ხანი არაა, რაც ნაწილაკთა დეტექტორების შესაქმნელად ახალი ტექნოლოგიური წინადადებები გამოჩნდა. ქართველი მეცნიერის მიმდინარე საქმიანობა სწორედ ამ ახალი ტიპის აპარატურების შემუშავებასთან არის დაკავშირებული. ედიშერ ცხადაძე სამსახურიდან თავისუფალ დროს იტალიის ღირსშესანიშნაობათა გაცნობითაა დაკავებული. მან ისე კარგად შეისწავლა რომის ისტორიულ-კულტურული ადგილები, რომ დაგროვილი ინფორმაციის სხვებთან გაზიარების სურვილი გაუჩნდა და საქართველოდან იტალიაში ჩასული ტურისტებისთვის საინტერესო ტურისტული მეგზურები (ელექტრონული ვერსიები) გამოსცა. ამჟამად გაყიდვაში მისი რამდენიმე ინტერნეტ-წიგნია. ეს წიგნები მხოლოდ გზამკვლევები არაა. ყოველ ადგილსა თუ მუზეუმს მცირე ისტორიული ექსკურსი ახლავს. ასევე, ფოტოები, მითოლოგიური ისტორიები, ლეგენდები, რათა ნანახი კარგად დაამახსოვრდეთ. ედიშერ ცხადაძის ოჯახი მოსკოვში ცხოვრობს. მეუღლე — მედეა ფხაკაძე, ექიმია, ქალიშვილი — სოფიკო ცხადაძე, ვაჟი — გიგი ცხადაძე. მეცნიერს სამსახურის გამო ხშირად უხდება სახლიდან შორს ყოფნა — რომი, ჟენევა, დუბნა, მოსკოვი და თბილისი. მუდმივად ამ წრეზე ტრიალი არაა მარტივი, მაგრამ როცა ასეთი საინტერესო ცხოვრება გაქვს, ყველაფრის დაგეგმვა და მოსწრება შეიძლება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში 2010 წლის შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭების შესახებ: განკარგულება, ქართველოლოგია, თბ., 2010, მაისი-ივნისი, №3, გვ. 4-5

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედიშერ_ცხადაძე“-დან