ეგვიპტის კრიზისები (XIX საუკუნე)

ეგვიპტის კრიზისები 1831–1833, 1839–1841 — ეგვიპტის ფაშის მუჰამედ ალის ოსმალეთის სულთანთან ბრძოლის გამო წარმოშობილი კრიზისები. მუჰამად ალი ოსმალეთის დასუსტებული იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სამფლობელოების გაფართოებისათვის.

ეგვიპტელთა მოქმედებები მუჰამად ალის მმართველობისას

პირველი კრიზისი (1831–1833)

რედაქტირება

პირველი კრიზისი დაიწყო 1831 წლის შემოდგომაზე, როდესაც მუჰამად ალიმ ომი წამოიწყო ოსმალეთის სულთან მაჰმუდ II-ის წინააღმდეგ. ეგვიპტის ჯარებმა იბრაჰიმ-ფაშას მეთაურობით დაიკავეს პალესტინა, სირია, კილიკია; კონიასთან (1832 წლის 11 დეკემბერი) დაამარცხეს ოსმალთა არმია და მიუახლოვდნენ სტამბოლს. მაჰმუდ II-მ დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან ვერ მიიღო დახმარება და რუსეთს მიმართა. 1833 წლის გაზაფხულზე რუსული დესანტის მოსვლამ ბოსფორში გააძლიერა სულთნის პოზიციები და შეაჩერა ეგვიპტელების იერიში. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჩარევამ (რომლებსაც ოსმალეთის იმპერიაში რუსეთის პოზიციების გაძლიერების ეშინოდათ) აიძულა სულთანი დაედო მუჰამად ალისთან ე. წ. ქუთაჰიის შეთანხმება. მუჰამად ალიმ სულთნის სიუზერენიტეტის ფორმალური აღიარების საფასურად ეგვიპტესთან ერთად მიიღო სირია, პალესტინა და ადანის საფაშო. უნქიარ-ისქელესის ხელშეკრულების 1833 წელს ხელმოწერის შემდეგ რუსული ჯარები ოსმალეთიდან გაიყვანეს.

მეორე კრიზისი (1839–1841)

რედაქტირება

მეორე კრიზისი გამოწვეული იყო ქუთაჰიის შეთანხმების გამო ორივე მხარის უკმაყოფილებით და დაიწყო ოსმალეთის ჯარის შეტევით ეგვიპტის წინააღმდეგ. პირველ ბრძოლაშივე (1839 წლის 24 ივნისს ნიზიფთან) ისინი დამარცხდნენ, ოსმალეთის ფლოტი ეგვიპტის მხარეზე გადავიდა. კონფლიქტში ჩაერივნენ ევროპული სახელმწიფოები; ისინი (ფრანგების გარდა) მხარს უჭერდნენ სულთანს. მუჰამად ალის მდგომარეობა გაართულა ეგვიპტის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებებმა სირიაში, ლიბანსა და პალესტინაში. 1840 წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთის, ავსტრიისა და ოსმალეთის ფლოტებმა და სადესანტო ნაწილებმა გაანადგურეს ეგვიპტის ჯარები და ისინი სირიიდან განდევნეს, ევროპული ქვეყნების ჯარების ეგვიპტეში შეჭრის შიშით მუჰამად ალიმ კაპიტულაცია გამოაცხადა. სულთნის (1839 წლიდან აბდულ-მაჯიდი) 1841 წლის 13 თებერვლისა და 1 ივნისის ბრძანებით მუჰამად ალი აღიარებული იყო ეგვიპტისა და აღმოსავლეთ სუდანის მემკვიდრე-გამგებლად, მაგრამ მას ჩამოერთვა ყველა სხვა სამფლობელო; ეგვიპტის არმია 18 ათას კაცამდე შემცირდა.

ლიტერატურა

რედაქტირება