ებროს დეპრესია
ებროს დეპრესია — ვრცელი მთათაშუა ვაკე-დაბლობი ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში. მოქცეულია პირენეებს, იბერიისა და კატალონიის მთებს შორის. სიგრძე დაახლოებით 300 კმ, სიგანე 220 კმ. ზედაპირი ხასიათდება ბორცვიანი რელიეფით, რომლის ვაკე ზედაპირი დაბალი სიმაღლის სერებითაა გართულებული (კასტეხონის მთებითა და სხვა). ახასიათებს სამკუთხედის მოყვანილობა. მთლიან სიგრძეზე გასდევს მდინარე ებრო, რომელიც ხმელთაშუა ზღვას შეერთვის. ებროს დეპრესიის სიმაღლე 250 მ-ია, ხოლო პერიფერიულ ზონაში 500–700 მ-მდე მაღლდება.
ებროს დეპრესია | |
---|---|
ებროს დეპრესია | |
კოორდინატები: 41°44′30″ ჩ. გ. 0°29′51″ ა. გ. / 41.74167° ჩ. გ. 0.49750° ა. გ. | |
ქვეყანა | ესპანეთი |
სიმაღლე | 250–700 მ |
სიგრძე | 300 კმ |
სიგანე | 220 კმ |
ჰიდროგრაფია | ებრო |
ებროს დეპრესია წარმოადგენს მდინარე ებროს აუზის ტექტონიკურ ქვაბულს, რომელიც აგებულია კონტინენტური (უმთავრესად ტბიური) ნალექებით, სახელდობრ: აღმოსავლეთ ნაწილში არის ოლიგოცენი, შუა და დასავლეთ ნაწილი კი აგებულია მიოცენითა და ქვედა პალეოცენური ნალექებით. ოლიგეცინურ ნალექებს აქვს მნიშვნელოვანი სისქე (რამდენიმე ასეული მეტრი) და შედგება თაბაშირიანი მერგელების, მარილიანი ფენების, კონგლომერატებისა და ქვიშაქვებისაგან, რომლებიც გადაშრევებული არიან მერგელებით. მათზე განლაგებულია ზედა მიოცენური კონგლომერატები, ქვიშაქვები და თიხები, რომლებიც ალაგ-ალაგ პლიოცენის მერგელოვანი კირქვებით არიან დაფარული. პირენეების მთის ძირას მესამეული ნალექები ძლიერი ფლუვიოგლაციალური რიყითაა დაფარული.
გეოლოგიური თვალსაზრისით, ებროს დეპრესია წარმოადგენს მთათა შორის მდებარე დედამიწის ქერქის გაღუნვის ვრცელ, ქვედა მესამეულში წარმოშობილ ოლქს. ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით იგი ჩაკეტილია ჩარღვევების ძლიერი ხაზებით. მდინარე ებროსა და მისი შენაკადების განტოტებული ქსელი დეპრესიის ზედაპირში საკმაო სიღრმეზეა ჩაჭრილი, ამასთანავე მდინარის ხეობას თან ახლავს ტერასებიც.
ებროს დეპრესიაზე ჩამოყალიბებულია სუბტროპიკულ კონტინენტური ჰავა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 300-500 მმ წელიწადში. დეპრესიის უფრო მშრალი შიდა ნაწილი ნახევარუდაბნოს ლანდშაფტს წარმოადგენს. განვითარებულია ბიცობიანი ნიადაგები, რომლებიც მარილის შემცველ მერგელებზეა წარმოდგენილი.
ებროს დეპრესიის ფარგლებშია ქალაქი სარაგოსა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Добрынин Б.Ф. Физическая география Западной Европы, М., 1948.