დულუზაურების კვირიას ეკლესიის კომპლექსი
დულუზაურების კვირიას ეკლესიის კომპლექსი, არხლის ციხე — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დულუზაურების სამხრეთ განაპირას, მთის კლდოვან ფერდობზე. კომპლექსში შედის: კვირიას ეკლესია, ოთხკუთხა კოშკი, ზურგიანი კოშკი, საცხოვრებელი ნაგებობის ნაშთი და გალავანი. ეკლესია დარბაზულია დგას კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის შირიმის ქვით. წყობის უმეტესი ნაწილი მოზრდილი ზომის, სუფთად დამუშავებული სწორკუთხა ქვებითაა ამოყვანილი. ქვების ნაწილი წვრილია, რის გამოც ფასადებზე წყობის რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივაა დაცული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, განივი ფასადების ზედა ნაწილები და ლავგარდანი, ჩამოცვენილია საპირე წყობის ნაწილი. ძეგლს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, 1,5 მეტრ სიმაღლეზე, მიწა აქვს მიყრილი. შესასვლელი ორია, ერთი სამხრეთიდანაა, მეორე დასავლეთიდან. დასავლეთ კარი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული, სამხრეთისა შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან თაღოვანი.
აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე გაჭრილია ფართო თაღოვანი სარკმელი, რომელიც გარეთკენ მკვეთრად ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო ვიწრო და მაღალი, ზემოთკენ შევიწროებული თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ტრაპეზი. ერთი თაღოვანი სარკმელი სამხრეთ კედელშია, შესასვლელის ზემოთ. იგი იმდენად მაღლაა, რომ მისი თაღი კამარის მრუდშია მოქცეული. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. კონქის ნახევარწრიული თაღი მაღალ, თაროსებრი ფორმის გლუვ იმპოსტებს ეყრდნობა. ცილინდრული კამარით გადახურული დარბაზის სივრცე ერთიანია, დაუნაწევრებელი. ეკლესიისათვის სამხრეთიდან და დასავლეთიდან მოგვიანებით გეგმით სწორკუთხა კარიბჭეები მიუშენებიათ. ორივე მათგანი ნატეხი ქვების ირეგულარული წყობითაა ნაშენი. სამხრეთის კარიბჭე ეკლესიაზე რამდენადმე მოკლეა. მისი დასავლეთის კედელი ეკლესიის დასავლეთ კედელთან ერთ ხაზზე მდებარეობს და ეკლესიის სამხრეთ ფასადის თითქმის ორ მესამედს ფარავს. დასავლეთის კარიბჭე შემაღლებული პროპორციებისაა, გადახურულია ცილინდრული ფორმის კამარით, რომლის ღერძი ეკლესიის სამხრეთ კედლის პერპენდიკულარულია. კამარა ეყრდნობა ორ საბჯენ თაღს. მათგან ერთი ეკლესიის სამხრეთ კედელზეა მიშენებული.
ორივე თაღის ქუსლებთან გამოყოფილია შირიმის იმპოსტები, რომელთა პროფილს ორი ლილვი და მათ შორის მოქცეული ვიწრო სიბრტყე შეადგენს. კარიბჭე აღმოსავლეთით დასრულებულია მცირე სიღრმის, გეგმით ბრტყელი თაღის ფორმის აფსიდით, რომლის თაღის ნაწილი კამარის მრუდშია მოქცეული. აფსიდის ღერძზე მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. კარიბჭის სივრცე სამხრეთითა და დასავლეთით თითო ფართო თაღითაა გახსნილი. მაშასადამე სამხრეთისა შიგნით და გარედან ორსაფეხურიანია. ღიობის გარეთა თაღი დაყრდნობილია შირიმის იმპოსტებზე, რომელთა პროფილი საბჯენი თაღების იმპოსტების ანალოგიურია. დასავლეთის კარიბჭეც კამაროვანია, კამარა აქაც ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა, რომელთაგანაც ერთი ეკლესიის დასავლეთ კედელზეა მიშენებული. ნაგებობის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო ფართო თაღოვანი ღიობია. მათგან დასავლეთისა მოგვიანებით ამოუშენებიათ და მცირე ზომის სწორკუთხა კარი მოუწყვიათ. ორივე კარიბჭე გარედან კრამიტის ორფერდა სახურავით იყო გადახურული. ეკლესიისა და კარიბჭეების კედლები გარედან სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. ეკლესიის გრძივ ფასადებს შირიმის პროფილირებული ლავგარდნის რამდენიმე ქვა შემორჩა. ეკლესიის გარშემო კირქვის მოზრდილი ქვებით ნაგები რამდენიმე აკლდამაა. სწორკუთხა კოშკი დგას კომპლექსის ტერიტორიის სამხრეთ განაპირას, ეკლესიიდან დაახლოებით 40 მეტრ მანძილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. იგი გეგმით კვადრატულია.
ნაგებია ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია, შემორჩენილია სამი სართული. შესასვლელი, რომლისგანაც წირთხლების ქვედა ნაწილებიღაა დარჩენილი, III სართულზეა, ეზოს მხარეს. კოშკის I სართული ყრუა და სანახევროდ მიწითა და კედლების ნანგრევებით ამოვსებული. II სართულის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. III სართულზე კი, ექვსი ქვემოთ დახრილი სათოფურია სამი სამხრეთით, ორი აღმოსავლეთით, ერთიც დასავლეთ კედლის სამხრეთ კიდეში. კოშკის სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია, კედლებზე შემორჩენილია სართულშუა გადახურვის საყრდენი ხის ძელების ბუდეები. გარედან კოშკი ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. ზურგიანი კოშკი დგას ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით, 50-60 მეტრზე. ნაგებია ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ ზურგის ნაწილი ორსართულნახევრის სიმაღლეზე. კოშკი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან კონტრფორსებით ყოფილა გამაგრებული. ეზოს შუა ნაწილში ნანგრევებია ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა ნაგებობისა, რომლის ერთ-ერთ კედელში შეისრულთაღოვანი შესასვლელია გაჭრილი. გალავანი ტეხილი ფორმისაა, შემოსაზღვრავს დაახლოებით 0,7-0,8 ჰექტარ ფართობს, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანადაა დანგრეული, შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები. გალავნის გარეთ, ჩრდილოეთით, აღმოჩნდა წყალსადენის ტრასა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 378-379.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11119