დოლოჭოპის ბაზილიკა

დოლოჭოპის ბაზილიკა, დურუჯისპირა ბაზილიკა, — არქიტექტურული ძეგლი კახეთში, ქალაქ ყვარლის ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ კიდეში, მდინარე დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე. შემორჩენილია ნანგრევების სახით. აღმოჩნდა 2010 წელს სადაზვრევო არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად. ნაგებობა წარმოადგენდა 44 მ. სიგრძისა და 29 მ. სიგანის, 5 წყვილი ჯვრისებრი გეგმის სვეტებით სამ ნავად დაყოფილ ბაზილიკური ტიპის ტაძარს. არქეოლოგიური გათხრები 2012 წელს დაიწყო.

დოლოჭოპის ბაზილიკის ნანგრევები.

დოლოჭოპის ბაზილიკის შესახებ არანაირი წერილობითი ცნობები არ არის შემონახული. 2012 წლის ივლის-სექტემბერში განხორციელებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ნაგებობა ქართული ქრისტიანული ბაზილიკური ხუროთმოძღვრების განვითარების პირველ ეტაპს განეკუთვნება და სავარაუდოდ აგებულია V საუკუნის პირველ ნახევარში. არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით მისი ნგრევა უნდა მომხდარიყო VIII-IX საუკუნეებში. შესაძლებელია ეს ფაქტი მურვან იბნ მუჰამადის (მურვან-ყრუ) გამანადგურებელ ლაშქრობას დაუკავშირდეს.

სამაროვანზე დაფიქსირებული არტეფაქტების მიხედვით, ირკვევა, რომ ბაზლილიის გარშემო არსებულ სოფელში ცხოვრება XIII საუკუნის შუა ხანებში, საქართველოში მონღოლი დამპყრობლების ერთ-ერთი პირველი ლაშქრობის შედეგად უნდა შეწყვეტილიყო.

დოლოჭოპის ბაზილიკას 2017 წლის 31 მარტს, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება