დირჰემი
დირჰემი, იგივე დირჰამი (არაბ. درهم) — ძველი არაბული ვერცხლის მონეტა. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან (იხ. დრაქმა).
იჭრებოდა 698-699 წლებიდან; მისი წონა VII საუკუნის ბოლოსათვის 2,7–2,9 გ. დირჰემის შუბლზე ქუფური შრიფტით წარწერილი იყო რელიგიური ფორმულა და ცნობები ზარაფხანისა და მოჭრის დროის შესახებ; ზურგზე — ყურანის სურები. ამგვარი დირჰემი იჭრებოდა არაბთა სახალიფოს ყველა ზარაფხანაში ბაქტრიიდან ესპანეთამდე.
ჰიჯრის 85 (704-705 წწ.) დირჰემი თბილისის ზარაფხანაშიც მოიჭრა. VIII საუკუნიდან არაბულმა (ქუფურმა) დირჰემმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთ საქართველოს სამონეტო სისტემაში; ის მრავლადაა აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრებისას. ძველ ქართულ წყაროებში ვერცხლის ფულის, ანუ არაბული დირჰემის, აღსანიშნავად იხმარებოდა ტერმინი „დრამა“.
ფულის ერთეული
რედაქტირებაამჟამად დირჰემი არის ფულის ერთეულის სახელწოდება მაროკოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მისი ვარიანტი (დრამი) — სომხეთში, ასევე ხურდა ფულის სახელი იორდანიაში (დინარის 1/10), კატარში (რიალის 1/100), ლიბიაში (დინარის 1/1000) და ტაჯიკეთში (სომონის 1/100).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯალაღანია ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 568-569.
- ჯალაღანია ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.