დირლევანგერის ბრიგადა
დირლევანგერის ბრიგადა, ასევე ცნობილი, როგორც სს-შტურმბრიგადა დირლევანგერი, ვაფენ-სს-ის 36-ე გრენადერთა დივიზია და შავი მონადირეები — ვაფენ-სს-ის შენაერთი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. შენაერთი, რომელიც მისი მეთაურის, ოსკარ დირლევანგერის, სახელს ატარებდა, შედგებოდა მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული მსჯავრდებულებისგან, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ფსიქოპატური, სოციოპათური და სადისტური მიდრეკილებები ჰქონდათ. ბრიგადის წევრები იმდენად მძიმე დანაშაულებისთვის იყვნენ გასამართლებული, რომ ჩვეულებრივ გარემოებებში სახელმწიფოს მიერ სიკვდილით დაისჯებოდნენ ან ციხის საკანში იქნებოდნენ სამუდამოდ გამომწყვდეულნი. ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობა არ მოელოდა ამ შენაერთის წევრების ცოცხლად გადარჩენას ომის პერიოდში.
დირლევანგერის ბრიგადა | |
---|---|
დირლევანგერის დივიზიის ჩაფხუტის ნიშანი | |
აქტიური | 1940–1945 |
ქვეყანა | ნაცისტური გერმანია |
ტიპი | ქვეითები |
როლი | ანტიპარტიზანული მოქმედებები |
რაოდენობა | ბრიგადა დივიზია |
ნაწილი | ვაფენ-სს |
მეტსახელი | შავი მონადირეები |
ბრძოლები | მეორე მსოფლიო ომი
|
მეთაურები | |
მეთაური: | ოსკარ დირლევანგერი (1940-1945) ფრიც შმედესი (1945) |
ბრიგადა 1940 წელს ჩამოყალიბდა და პირველად გაიგზავნა პოლონეთის წინააღდმეგობის მოძრაობის ამბოხებების ჩასახშობად. შემდგომ პერიოდში ბრიგადა აგრძელებდა აჯანყებებისა და პარტიზანების წინააღმდეგ მოქმედებებს გერმანიის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ ევროპაში. დირლევანგერის ბრიგადა უფრო სადამსჯელო ხასიათის იყო და არ იყო განკუთვნილი უშუალოდ მტრის რეგულარული არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა ომის შედარებით გვიან წლებში მათ აღმოსავლეთის ფრონტზე ბრძოლა მაინც მოუწიათ წითელი არმიის წინააღმდეგ. მთლიანობაში ბრიგადამ კარგად იბრძოლა, თუმცა სამხედრო კომპეტენციის ნაკლებობის გამო დიდი დანაკარგები განიცადა.
მოქმედებების დროს ბრიგადამ ჩაიდინა წარმოუდგენელი სისასტიკის დანაშაულები, როგორიც იყო მასობრივი ხოცვა-ჟლეტები და ომის სხვა დანაშაულები. შენაერთი იმხელა სისასტიკეს იჩენდა, რომ თვით ვაფენ-სს-სა და ვერმახტშიც კი განცვიფრებას იწვევდა თავისი ულმობლობით. რამდენიმე გერმანელმა მეთაურმა სცადა კიდეც შენაერთის მეთაური დირლევანგერი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ და ბრიგადა დაეშალათ, თუმცა ნაცისტურ ხელმძღვანელობაში მფარველების ყოლის წყალობით დირლევანგერი მეთაურის პოზიციაზე მაინც რჩებოდა და ბრიგადაც აგრძელებდა თავის საქმიანობას. ოსკარ დირლევანგერი ბრიგადის მეთაურად თვით ჰაინრიხ ჰიმლერს ჰყავდა დანიშნული. დირლევანგერი პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი, ნასამართლევი, ალკოჰოლიკი და სადისტური სექსუალური მიდრეკილებების ადამიანი იყო, რომელსაც ხშირად ახასიათებდნენ, როგორც სს-ის „ყველაზე ბოროტ კაცს“.
სხვა მოქმედებებთან ერთად, ბრიგადის ყველაზე გახმაურებული ომის დანაშაულია ვარშავის აჯანყების შემდგომ ქალაქის დანგრევა და დაახლოებით 100,000 ვარშავის მცხოვრების სასტიკი მკვლელობა სადამსჯელო მიზნით 1944 წლის აგვისტოში, ვარშავის აჯანყების დროს. ასევე არანაკლებ გახმაურებულია სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების სასტიკად ჩახშობა იმავე აგვისტოს თვეში.
დირლევანგერის ბრიგადის აღსასრული
რედაქტირება1945 წლის თებერვალში გაიცა ბრძანებები, რომ ბრიგადა დივიზიად ქცეულიყო, თუმცა სანამ ეს მოესწრებოდა, დირლევანგერის ბრიგადა პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე გაიგზავნა საბჭოელთა წინსვლის შეჩერების მიზნით. 1945 წლის 14 თებერვალს ბრიგადას ეწოდა „ვაფენ-სს“-ის 36-ე დივიზია. დივიზიად გადაკეთების შემდეგ მისი წევრების რაოდენობა 4000 კაცს გაუტოლდა და მას მიუმაგრეს გერმანიის სახმელეთო ჯარის ნაწილები: გრენადერთა პოლკი, ინჟინერთა ბრიგადა და ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონი.
საბოლოო საბჭოთა იერიშის დაწყებისას, 1945 წლის 16 აპრილს, დივიზიას უკან დაახევინეს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. შემდეგ დღეს ოსკარ დირლევანგერი ბრძოლაში მეოცედ დაიჭრა, ის მეთაურობიდან და ფრონტიდან მოიხსნა და დივიზიას აღარ დაბრუნებია. დივიზიის წევრებს შორის დეზერტირობა უფრო და უფრო ხშირი გახდა და როცა ხელმძღვანელად ფრიც შმედესი დაინიშნა, რომელმაც დივიზიის რეორგანიზაცია დააპირა, მან აღმოაჩინა, რომ დივიზია, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. 1945 წლის 1 მაისს საბჭოთა არმიამ დივიზიის ბოლო ნარჩენები საბოლოოდ გაანადგურა ჰალბეს ბრძოლაში. დივიზიის ბოლო ცოცხლად დარჩენილმა მცირე ნაწილმა მდინარე ელბამდე მიაღწია, რათა ამერიკელებს ჩაბარებულიყო ტყვედ. შმედესი და მისი შტატი ამერიკელთა ხაზამდე მივიდნენ და 3 მაისს ჩაბარდნენ მათ.
დირლევანგერის დივიზიის მხოლოდ 700-მდე წევრი გადაურჩა ომს ცოცხლად. 1945 წლის ივნისში ოსკარ დირლევანგერი ფრანგმა სამხედროება დაატყვევეს გერმანიაში, ის ტყვეობაში მოკლეს, სავარაუდოდ, პოლონელმა ჯარისკაცებმა. 2009 წელს პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მათ დირლევანგერის ბრიგადის სამ ცოცხალ წევრს მიაკვლიეს გერმანიაში და აპირებდნენ მათ გასამართლებას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Gordon Williamson, Stephen Andrew (20 March 2012), The Waffen-SS: 24. to 38. Divisions, & Volunteer LegionsOsprey Publishing 2004.
- Ingrao, Christian (2011). The SS Dirlewanger Brigade – The History of the Black Hunters. Skyhorse Publishing.
- Wistrich, Robert S (2001). Who's Who of Nazi Germany: Dirlewanger, Oskar. Routledge.
- Walter Stanoski Winter, Walter Winter, Struan Robertson: Winter Time: Memoirs of a German Sinto who Survived Auschwitz.