დიოსკურიის ციხე — ციხე ქალაქ სოხუმში, სოხუმის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.

ციხე აგებულია რომაელების მიერ, ძვ. წ. I საუკუნის II ნახევარში ანტიკური ქალაქის დიოსკურიის აღების შემდეგ, ძველი ციხესიმაგრის ნანგრევებზე. ამ დროიდან ციხეში რომაელი მეციხოვნეები იდგნენ. 131 წელს, საინსპექციო მოგზაურობისას, ციხე და რომაული გარნიზონი მოინახულა რომაელმა დიდმოხელემ და ისტორიკოსმა ფლავიუს არიანემ (95-175 წწ.). ციხე VI საუკუნემდე არსებობდა. ნაპირის დაწევისა და ზღვის შემოჭრის შედეგად დიოსკურიის ციხის ნანგრევები ამჟამად სოხუმის ყურის ფსკერზეა. ციხე წარმოადგენს საკმაოდ დიდ ნაგებობას, რომლის სამხრეთი ნაწილი ზღვას აქვს მიტაცებული. ეზოს ფართობი დაახლ. 1200 კვ მეტრია. ციხე გეგმით წაგრძელებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. ციხის კუთხეებში გოდოლები იყო მოწყობილი, რომელთაგან ორი ჩრდილოეთი გოდოლი უკეთ შემორჩა. სოხუმის სანაპიროს მშენებლობისას, 1956 წელს, ზღვისპირა კედელი ააფეთქეს, ხოლო მოგვიანებით, სამხრეთ-დასავლეთ კუთხის გოდოლზე რესტორანი ,,დიოსკურია“ დააშენეს. მეოთხე გოდოლი იმდენადაა დანგრეული, რომ თითქმის აღარ იკითხება. სანაპირო ბულვარი ძეგლს ორ, ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებად ჰყოფს. ციხის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ყორექვა და კირის დუღაბი. 1578 წელს ქალაქი თურქებმა დაიპყრეს და ციხე თავიდან ააშენეს. XVIII ს. მიწურულსა და XIX საუკუნის დასაწყისში აქ იყო აფხაზეთის მთავართა რეზიდენცია. 1810 წლის ივლისში რუსეთის ჯარის დესანტმა ხანგრძლივი დაბომბვის შემდეგ ციხე იერიშით აიღეს. ამ დროიდან ციხეში რუსული ჯარის ნაწილი ჩადგა. რუსებმა ციხე შეაკეთეს. XX საუკუნის პირველ მეოთხედში ციხე საპყრობილედ გამოიყენებოდა. ციხის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ციხის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ციხის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. თარგმანი, გამოკვლევა და რუკა ნათელა კეჭაყმაძისა, თბ., 1961.
  • თ. თოდუა, სებასტოპოლისის გამაგრების სისტემა (ახ. წ. I-VI სს.), ძეგლის მეგობარი, #4, 2000;
  • თ. თოდუა, რომაული სამყარო და კოლხეთი, თბ., 2003;
  • Воронов Ю. Н. В мире архитектурных памятников Абхазии, М. 1978; Воронов Ю. Н. Диоскуриада-Себастополись-Цхум, М. 1980;
  • Трапш М. М. Диоскурия. Культура местного населения в раннеантичное время, Труды, Сухуми, 1969.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება