დიმიტრი ვეზირიშვილი

დიმიტრი გიორგის ძე ვეზირიშვილი (დ. 15 მაისი, 1825, სოფ. ოსიაური, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, — გ. 18 აპრილი, 1898, თბილისი) — თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1879).

დიმიტრი ვეზირიშვილი იყო შვილიშვილი ერეკლე II-ის ნასაღჩიბაშის გიორგი ვეზირიშვილისა და შვილი შტაბს-კაპიტან თავად გიორგი ვეზირიშვილისა, რომელმაც თავი ისახელა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1828-1829) ქართლის მილიციის რაზმით გოგიას ციხის დაცვით (1828 წლის ივლისი).

დიმიტრი ვეზირიშვილს ოფიცრის ჩინი 1846 წლიდან ჰქონდა. ძირითადად მსახურობდა მე-14 ქართველ გრენადერთა პოლკში. მონაწილეობდა ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომებში. 1873 წლიდან ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება, მეთაურობდა გრენადერთა სარეზერვო ბატალიონს ბათუმში. თავის მოგონებებში იხსენიებს დავით კლდიაშვილი, რომელიც მასთან მსახურობდა („პოლკოვნიკი ვეზირიშვილი... ახირებული ადამიანი იყო: თავის ნაწილს ისე უყურებდა, თითქოს იქ მისი ყმები იყვნენ.“).[1]

1879 წელს ვეზირიშვილმა მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. გარდაიცვალა 1898 წელს. დაკრძალულია სოფ. ოსიაურში, საგვარეულო აკლდამაში. ვეზირიშვილის ცოლი იყო (1856 წლიდან) პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის და — ბარბარე (დ. 1838 — გ. 1919). ჰყავდა სამი შვილი:[2]

  • ნინო (დ. 1859 — გ. 1893) — ვასილ მაჩაბლის ცოლი, იმსხვერპლა ქოლერის ეპიდემიამ.
  • ელისაბედი (დ. 1861 — გ. 1918) — თავად იოსებ ფალავანდიშვილის ცოლი (1898-1915), მოკლეს ოსიაურში ბოლშევიკური ანარქიის დროს.
  • გიორგი (დ. 1864 — გ. 1918) — საზოგადო მოღვაწე, მოკლეს ოსიაურში ბოლშევიკური ანარქიის დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგიტიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 235.
  • შუბითიძე ვ., ბიწაძე შ., კრწანისის უცნობი გმირი და მისი შთამომავალნი, «ჩვენი მწერლობა», 2013, №5(187). — გვ.3-7.
  1. კლდიაშვილი დ., ჩემი ცხოვრების გზაზე, თბ., 1961. — გვ. 30.
  2. ჩიქოვანი ი., ვეზირიშვილები: გენეალოგიური ნუსხები და კომენტარები. — საქართველოს ეროვნული არქივი.