გოგიას ციხე
გოგიას ციხე — ციხესიმაგრე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ბორჯომის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ციხეს არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე X-XIV, XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება.
ისტორია
რედაქტირებაციხე ნაგებია კლდის ქვით, დარჩენილია მისი ერთი კვადრატული ფორმის კოშკი, დანარჩენი ნაწილები, მეორე კოშკი და გალავნის კედელი დაშლილია. კოშკის სიმაღლე უდრის 8 მეტრს. კოშკი ორსართულიანია, აქვს ერთი კარი, კედლებში გამართულია სათოფურები. ციხის აგებას ადგილობრივი ფეოდალის, გოგია ავალიშვილის სახელს უკავშირებენ.
აღნიშნულ ციხესთან დაკავშირებულია ცნობილი ლეგენდა, რომლის მიხედვით, ორი ძმა მტრად გადაჰკიდებია ერთმანეთს. ძმების შერიგების მიზნით, გოგიას ციხეზე დიდი ნადიმი გამართულა და მართლაც ძმები შერიგებულან. თუმცა ღვინომ მაინც თავისი გაიტანა, ძმები წაკინკლავებულან და დაუხოცავთ ერთმანეთი.
გოგიას ციხემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1828 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. გოგიას ციხეში იყო რუსეთის ჯარის საგუშაგო, რომელიც დარაჯობდა იმ ვიწრო გზას, რომელიც მტერს უნდა გაევლო. 1828 წლის 21 ივლისს ციხეს თავს დაესხა ოსმალების ჯარი. ქართლის მილიციის 40-კაციანმა რაზმმა შტაბს-კაპიტან თავად ვეზირიშვილის (ვიზიროვი) მეთაურობით აიძულა თურქები უკან დაეხიათ. აღნიშნულ ქართული მილიციის თავაგანწირულ ბრძოლას დიდი შეფასება მისცა ისტორიკოსმა ვ. პოტომ და აღნიშნულ ბრძოლას ქართული მილიციის სახელოვანი ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი უწოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა, თბ., 1957, გვ. 51-52
- ალხაზიშვილი ი., ორიოდე დღე ბორჯომში, გაზეთი დროება, 1877 #9
- ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 1, თბ., 1964
- ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
- გაბაშვილი თ., ვარძია: გზამკვლევი, თბ., 1945
- გელაშვილი ბ., თორის ხეობის თავდაცვითი ნაგებობები ისტორიისათვის, ახალაციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გულანი, # 10, ახალციხე 2011
- გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
- ხუჯაძე გ., ბორჯომის ხეობა, თბ., 1969