დიმიტრი ბატონიშვილი (ალექსანდრე I-ის შვილი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიმიტრი.

დიმიტრი ბატონიშვილი (გ. 1452) — XV საუკუნის სახელმწიფო მოღვაწე, ალექსანდრე I დიდის (1412–1442 წწ.) ძე.

დიმიტრი გარკვეული პერიოდი ქართლის გაღმა მხარეში (სათარხნო, საჯავახიანო, საციციანო) „მეფის“ ტიტულით მოღვაწეობდა. ქართლის ამ ნაწილში მართვის უფლებამოსილება დიმიტრი ბატონიშვილმა მამის სიცოცხლეშივე მოიპოვა. ალექსანდრე I დიდის გარდაცვალების შემდეგ მისმა ძმამ, საქართველოს მეფე ვახტანგ IV-მ (1442–1446 წწ.), ცნო არსებული ვითარება. დიმიტრის ბატონიშვილობა „პროვინციის მეფობაში" გადაიზარდა. 1433 ალექსანდრე I-მა დიმიტრი „დიდი ძღუენით" წარგზავნა შემოსული დამპყრობლის „შარუხის“ (შაჰრუხის) კარზე მშვიდობის დამყარების მიზნით ზავის დასადებად. დიმიტრიმ ეს მისია წარმატებით შეასრულა. არაერთ ისტორიულ დოკუმენტში იგი „მეფედ“ არის მოხსენიებული ან თავად ამტკიცებს დოკუმენტებს ამ ტიტულით. ასევე იხსენიება გარდაცვალების შემდეგაც. კათოლიკოს ნიკოლოზ ამილახვრის (XVII ს.) გუჯარით ალექსანდრე I-ის ვაჟს, გიორგი VIII-ს „წყალს-იქითი მამული დიდი ნაქონი დიმიტრი ბაგრატიონისა“ – სამთავისის ეკლესიისათვის შეუწირავს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნინიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 433-434.
  • ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973
  • ნინიძე დ., „პროვინციის მეფეები" XIV–XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995