სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსიძე.

დიმიტრი (დოდო) ალექსანდრეს ძე ალექსიძე (დ. 8 მარტი [ძვ. სტ. 23 თებერვალი], 1910, თბილისი — გ. 4 დეკემბერი, 1984, იქვე) — ქართველი რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1955), უკრაინის სსრ სახალხო არტისტი (1969), აფხაზეთის (1975), სსრკ სახალხო არტისტი (1978), შოთა რუსთაველის (1985), კ. მარჯანიშვილის (1976) და ტ. შევჩენკოს (1970) სახალხო პრემიების ლაურეატი. საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (1974-1984).

დიმიტრი ალექსიძე
დაბადების თარიღი 8 მარტი, 1910
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 4 დეკემბერი, 1984 (74 წლის)
თბილისი
საქმიანობა რეჟისორი, პედაგოგი
მეუღლე(ები) თამარ ნატრიძე
ჯილდოები ლენინის ორდენი,
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი,
სსრკ სახალხო არტისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლა და ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1934 წელს — მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. 1935 წლიდან იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი (1959–1964 მთავარი რეჟისორი). მისი დადგმებიდან აღსანიშნავია გმირულ-რომანტიკული სპექტაკლები: გ. მდივნის „ალკაზარი“ (1935) და „სამშობლო“ (1936), ს. მთვარაძის „გზაჯვარედინზე“ (1938), ს. ვოლფის „პროფესორი მამლოკი“ (1941). გარდა ამისა, გონებამახვილური, სიცოცლითა და ხალისით სავსე კომედიური სპექტაკლები: სკრიბის „ჭიქა წყალი“ (1941), ლოპე დე ვეგას „სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი“ (1942), ს. გოლდონის „საპატარძლო აფიშით“ (1943), მ. სუნდუკიანის „პეპო“ (1951), დიუმანუასა და დენერის „დონ სეზარ დე ბაზანი“ (1953), პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (1958). დრამები და ტრაგედიები, რომლებშიც ერთმანეთს ერწყმის მაღალი გრძნობა, ფსიქოლოგიზმი და ინტელექტი — მ. მრევლიშვილის „ბარათაშვილი“, ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავ“, მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა“, ა. პოპოვის „ოჯახი“ და სხვა.

ალექსიძისათვის საეტაპო სპექტაკლად იქცა სოფოკლეს „ოიდოპოს მეფე“ (1955) — ფართო განზოგადების, ჭეშმარიტად ტრაგედიული სპექტაკლი. 1959 წელს დადგა დ. გაჩეჩილაძის „ბაზტრიონი“ (ვაჟა-ფშაველას მოტივების მიხედვით). 1964–1970 წლებში ალექსიძე კიევში მოღვაწეობდა. ფრანკის სახელობის აკადემიურ თეტრში დადგა სოფოკლეს „ანტიგონე“ (1965) და კულიშის „პათეტიკური სონატა“ (1966). 1967 წელს დაინიშნა ლუსია უკრაინკად სახელობის კიევის რუსული თეატრის მთავარ რეჟისორად, სადაც დადგა ბ. ლავრენიოვის „რღვევა“ და ს. გოლდონის „საპატარძლო აფიშით“. 1968 წლიდან ალექსიძე ფრანკოს სახელობის აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორია. 1970 წელს იგი თბილისს დაბრუნდა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა, სადაც დადგა შილერის „დონ კარლოსი“ (1970), კორნეიჩუკის „ხსოვნა გულისა“ (1971), სოფოკლეს „ანტიგონე“ (1972), გოგოლის „ქორწინება“ (1972), ოსტროვსკის „ტალანტები და თაყვანისმცემლები“ (1973).

ალექსიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1939–1964 და 1970-დან სიცოცხლის ბოლომდე იგი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის რეჟისურისა და აქტიორული ოსტატობის კათედრის გამგეა, 1950–1951 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1966-დან — კიევის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი და თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი. დაწერილი აქვს წიგნები: „მსახიობის აღზრდის საკითხისათვის“ (1956), „რეჟისორის მუშაობა სპექტაკლზე“ (1961). დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და სამი სხვა ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — თამარ ლუკას ასული ნატრიძე (დ. 5 ივლისი, 1916, თბილისი — გ. 27 თებერვალი, 1989, იქვე). თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება