„დიელო“ — ქართული ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი, დაარსდა 1961 წელს. მოღვაწეობდა პოლიფონიური ჯაზის ჟანრში.

ჩამოყალიბდა 1961 წელს ამირან ებრალიძის ხელმძღვანელობით ვოკალური კვარტეტის სახით (ა. ებრალიძე, ვ. კიკაბიძე, გ. ლეონიძე, ს. ებრალიძე). 1966 წელს გადაკეთდა ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლად და შეივსო შემსრულებელთა ახალი ნაკადით (ა. მამაცაშვილი, გ. გაბუნია, გ. ჭირაქაძე, ა. რაქვიაშვილი, ლ. ტურაშვილი, ი. ფერაძე, ვ. კუცია და სხვ.). მისი რეპერტუარი შედგებოდა პოლიფონიური ჯაზის სტილში შესრულებული ქართველი (ა. ბუკიას, გ. ცაბაძის, რ. ლაღიძის, შ. მილორავას და სხვ.) და საზღვარგარეთელ კომპოზიტორთა სიმღერებისგან.

ანსამბლმა დიდი პოპულარობა და აღიარება მოიპოვა. შემოიარა მაშინდელი საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, პოპულარობას უწევდა ქართულ მუსიკას, მონაწილეობდა ქართულ ფილმებში: „წარსული ზაფხული“ და „შეხვედრა მთაში“. გამოშვებული აქვს ათი ფირფიტა „გიგანტი“. არის ესტრადის მსახიობთა IV საკავშირო კონკურსის ლაურეატი (1970). 1981 წელს ანსამბლმა არსებობა შეწყვიტა. 1993 წელს კვლავ განაახლა მოღვაწეობა.

ლიტერატურა

რედაქტირება