დიდი ინკვიზიტორი
დიდი ინკვიზიტორი (რუს. Вели́кий Инквизи́тор) 一 რუსი ეგზისტენციალისტი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის უკანასკნელი, დაუსრულებელი რომანის, ძმები კარამაზოვების ერთ-ერთი უმთავრესი შიდა პარაბოლა. ესაა ე.წ. „წიგნი წიგნში“, რომლის ავტორობაც რომანის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, ივან კარამაზოვს მიეწერება. მის შესახებ საუბარი რომანის მეხუთე თავში მიმდინარეობს, ივანისა და ალიოშას, ახალბედა ბერის, გარშემო, როცა ამ უკანასკნელს ივანი საკუთარი მრწამსის შესახებ მოუყვება. დიდი ინკვიზიტორი წარმოადგენს რომანის უმთავრეს მონაკვეთსა და თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიზოდს, რომლის არსიც ადამიანობასა და თავისუფლებას შეეხება, მისი ძირეული, ორაზროვანი ბუნების გამო. ამ პოემაში ჩაქსოვილია ივანის წარმოდგენა რელიგიაზე, ღმერთზე, დამოკიდებულება მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის მიმართ, რაც დამახასიათებელია არა მხოლოდ ნაწარმოებისთვის 一 ძმები კარამაზოვები 一 არამედ, ზოგადად, ავტორის შემოქმედებისთვისაც. თავად დოსტოევსკი ივანეს ამ ნაშრომს „რომანის კულმინაციურ ნაწილად“ მოიხსენიებდა.
„დიდი ინკვიზიტორი“ | |
---|---|
Вели́кий Инквизи́тор | |
პაპი და ინკვიზიტორი, ჟან-პოლ ლორენის ნახატი, 1882 | |
ავტორი | ფიოდორ დოსტოევსკი (რომანში 一 ივან კარამაზოვი) |
ენა | რუსული |
ჟანრი | იგავი, პარაბოლა |
გამოცემის თარიღი | 1879 |
გვერდი | 22 |
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ დიდი ინკვიზიტორი დოსტოევსკიმ ფრიდრიხ შილერის პიესის 一 დონ კარლოსის (1787) 一 შთაგონებით შექმნა. [1]
ისტორია მიმართულია იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე, როცა ის კვლავ დაბრუნდა ამქვეყნად. ამჯერად, ის სევილიას ეწვევა 一 ადგილს, სადაც ინკვიზიცია საკუთარი არსებობის პიკში იყო. დიდი ინკვიზიტორი მასთან პირისპირ გააბამს დიალოგს. დიდი ინკვიზიტორის მონოლოგიდან ირკვევა, რომ, მისი და კათოლიკური ეკლესიიის აზრით, მხოლოდ ბოროტ ძალთა პრინციპებს ძალუძთ კაცობრიობის გაერთიანება. სწორედ ამ ლოზუნგით, „მიეცით ადამიანს პური, გააკონტროლეთ მისი სინდისი და მართეთ სამყარო“, მოქმედებს დიდი ინკვიზიტორი. მისივე თქმით, იესო მხოლოდ მცირე ჯგუფით შემოიფარგლა, კათოლიკური ეკლესია კი, ამ მხრივ, განვითარდა და მიმართავს ყველას. შედეგად, ეკლესია მართავს ღმერთის სახელით, თუმცაღა ეშმაკისეულ პრინციპებზე დაყრდნობით. ინკვიზიტორი ადანაშაულებს იესოს იმაში, რომ ის პიროვნებათა მიმართ დიდი პატივისცემით იყო განმსჭვალული. მთელი ამ „დიალოგის“ განმავლობაში (რომელიც, შეიძლება მონოლოგადაც იწოდოს), იესო დუმს.
სინოფსისი
რედაქტირებაივანე და ალიოშა კარამაზოვები ერთმანეთს მრავალ საჭირბოროტო საკითხზე ესაუბრებოდნენ. ივანეს ყველა კარამაზოვისთვის დამახასიათებელი სიცოცხლის წყურვილი მძაფრად შეეგრძნო. იგი ცხოვრებით ტკბებოდა, ახარებდა უმნიშვნლო წვრილმანებიც კი, უყვარდა გაზაფხულზე ახლად გაშლილი, ნორჩი ფოთლები. მას გული ღმერთისთვის ჩაერაზა, მაგრამ ეთაყვანებოდა უზენაესის მიერ შექმნილ სამყაროს, რომელიც აღუწერელი ტანჯვით იყო აღსავსე. იგი უარს ამბობს ჰარმონიაზე, რომელიც, მისი აზრით, ბავშვის ცრემლებზე იყო აღმოცენებული. ივანემ ალიოშას უამბო ადამიანური სისასტიკისა და ტანჯვის შესახებ. სწორედ ამ საუბარში, ივანემ თავისი პოემა დიდი ინკვიზიტორიც ახსენა.
მასში მოქმედება მე-16 საუკუნეში, ესპანეთის ქალაქ სევილიაში ვითარდება. პოემაში ოთხმოცდაათი წლის კარდინალი ზეციდან მიწაზე ჩამოსულ ქრისტეს ატყვევებს და ამავე ღამეს ტუსაღს კაცობრიობაზე თავის შეხედულებას უზიარებს. იგი თვლის, რომ მაცხოვარმა ადამის მოდგმა გააიდეალა, თუმცა ადამიანები არ იმსახურებდნენ თავისუფლებას. კარდინალს მიაჩნდა, რომ კაცისთვის სატანჯველია არჩევნის გაკეთება კეთილსა და ბოროტს შორის. დიდ ინკვიზიტორს და მის თანამოაზრეებს განზრახული ჰქონდათ, გამოესწორებინათ ქრისტეს საქმეები 一 დაეთრგუნათ თავისუფლება, კაცობრიობა თვინიერ ნახირად გადაექციათ და ამით ადამიანური ბედნიერებისთვის მიეღწიათ. ისინი თავს უფლებას აძლევდნენ, ადამიანების ბედით ეთამაშათ. ინკვიზიტორი ქრისტეს პასუხს ელოდება, მაცხოვარმა კი არაფერი უპასუხა და მხოლოდ ეამბორა. ამბის დამთავრების შემდეგ, თავად ალიოშაც, ხმის ამოღების გარეშე, ეამბორება საკუთარ ძმას ლოყაზე და ისე გაეცლება იქაურობას.
ფონი
რედაქტირებადოსტოევსკისთვის დიდი ინკვიზიტორის პერსონაჟი წარმოადგენს იმ ადამიანის იდეოლოგიის პროტოტიპურ გამოხატულებას, რომელცი უარყოფს ქრისტეს ჭეშმარიტ სულიერ და ხორციელ მნიშვნელობას და ადასტურებს მის საპირისპიროს. დიდი ინკვიზიტორის ანტიქრისტიანული ფილოსოფიის წარმოჩენა ქრისტიანულ კონტექსტში ირონიულად არის ხაზგასმული. თავის გამომცემლისადმი მიწერილ წერილში დოსტოევსკი წერს, რომ ივანე დიდი ინკვიზიტორის მეშვეობით ღიად „გამოაცხადებს თავს იმის სასარგებლოდ, რასაც ეშმაკი იცავს“. [2] დიდი ინკვიზიტორი საუბრობს თითქმის იმავე დოქტრინაზე დაყრდნობით, როგორც რუსული სოციალიზმი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს უკანასკნელნი ამ ფაქტს არასდროს აღიარებდნენ. მიუხედავად ამისა, ივანე, სოციალისტთაგან განსხვავებით, მაინც ინარჩუნებს გულწრფელობას და აღიარებს, რომ ეთანხმება ინკვიზიტორის შეხედულებას კაცობრიობის შესახებ და რომ ქრისტეს რწმენამ ადამიანი ბევრად უფრო მაღალ დონეზე აიყვანა იმასთან შედარებით, ვიდრე ის იყო. დოსტოევსკის მიხედვით, სოციალისტთათვის ქრისტიანული დოგმები საკმაოდ მძიმე და აბსტრაქტულ, უტოპიურ მოვლენას წარმოადგენს, მათი გადმოსახედიდან, ადამიანი საკმარისად სუსტია იმისთვის, რომ აბსოლუტური თავისუფლება მოიპოვონ, ამის სანაცვლოდ კი ხალხს სთავაზობენ „პურზე დამონების კანონს“. [3]
ჯოზეფ ფრანკის, ამერიკელი ლიტერატურათმცოდნის თქმით, დიდი ინკვიზიტორი შილერის პიესის 一 დონ კარლოსი 一 გავლენით შეიქმნა. [4]