დიდი გუთანიგუთნის (მიწის სახვნელი იარაღი) საქართველოში გავრცელებული სახეობა. ცნობილია ასევე დიდი ქართული გუთნის, პაპას გუთნის, ქართული გუთნის, შავი გუთნის, ხის გუთნის სახელებით. ყველა ეს სახეობა რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისაგან ზომით, კონსტრუქციით ან მასალით, თუმცა მუშაობის პრინციპი საერთოა. დიდი გუთნის არსებობა დასტურდება XI–XII საუკუნეებში.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ქართულ დიდ გუთანს, ისევე როგორც საერთოდ ქართულ სახვნელ იარაღებს, ჰქონდა მრუდე მხარი ანუ რვილი (გუთნის ტიპის შუა საუკუნეების ევროპული სახვნელი იარაღები ხასიათდებოდა პირდაპირი რვილით). მარტივი სახვნელი იარაღებისგან განსხვავებით, დიდ გუთანს აქვს ფრთა და სხვადასხვა ზომის გოგორებიანი (ველის გოგორა და კვალის გოგორა) ფამფალაკი. ფამფალაკი იყო ტოლგოგორებიანი ან — ღრმად მხვნელი გუთნისთვის — არათანატოლგოგორებიანი.

დიდი გუთანი ღრმად ხნავდა (35 სმ სიღრმეზე), ბელტს (50–60 სმ) ჭრიდა, აბრუნებდა და შლიდა. დიდი გუთანი კარგად ეგუებოდა ვაკის ნიადაგს, რელიეფსა და მეურნეობის სპეციფიკურ პირობებს. იგი საყოველთაოდ იყო გავრცელებული ქართლ-კახეთის ბარში, ნაწილობრივ — ქართლის მთისწინა ზოლში, იშვიათად — ზემო იმერეთის ვაკე ადგილებში. მესხეთში დიდი გუთანი მხოლოდ ყამირის მოსახნავად გამოიყენებოდა. XIX საუკუნის II ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჩნდება ქართული გუთნის გაუმჯობესებული სახეობები — მუხრანული და კაკაბური გუთნები.

გამართული ხის გუთანი საკმაოდ ძვირადღირებული იარაღი იყო. ალბათ, ამიტომ საბუთებში გლეხის ოჯახის სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის ჩამონათვალში უმეტესად მოხსენიებულია გუთნის მხოლოდ ნაწილები და არა გამართული გუთანი. ქართლ-კახეთის სოფლებში გამართული გუთანი, საშუალოდ, კომლების 10–12% ჰქონდა. მიწის მოხვნა საკუთარი ძალებით შეეძლო საგლეხო კომლთა უმნიშვნელო ნაწილს. ამას უმთავრესად დიდი, გაუყრელი ოჯახები ახერხებდნენ. პატარა ოჯახები, როგორც წესი, ხვნის დროს ერთიანდებოდნენ დიდი გუთნის გარშემო (მოდგამი). დიდ გუთანში აბამდნენ 6–12 უღელ გამწევ ძალას. გამართული გუთანი და მუშა საქონელი შეადგენდა გუთნეულს. დიდი გუთნის მუშაობას სჭირდებოდა გუთნისდედა და 3–6 მეხრე.

გუთნის შედარებით იაფ ხის ნაწილებს მაგარი ჯიშის ხისგან (მუხა, იფანი, თელა და სხვ.) თლიდნენ ან თავად გლეხები ან ამ საქმის ოსტატები, რომლებიც რამდენიმე სოფელს ემსახურებოდნენ. უფრო ძვირადღირებული იყო გუთნის რკინის ნაწილები: სახნისისათვის საშუალოდ ერთი ფუთი რკინა იყო საჭირო, საკვეთლისათვის კი — ნახევარი. გუთნის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა ჯამბარა — ტყავისაგან დაწნული ღვედი, რომლითაც გუთანი მიბმული იყო უღელზე. XIX საუკუნის II ნახევარში ქართლ-კახეთის ზოგიერთ კუთხეში ჯამბარა რკინის ჯაჭვმა შეცვალა.

გამწევი ძალის გუთანში შესაბმელად გამოიყენებოდა უღელი ტაბიკებითა და აპეურებით. გუთნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ღვედი, რომელიც რამდენიმე (3–4) უღელს აკავშირებდა ერთმანეთთან. ღვედს სჭირდებოდა 2 კამეჩის ან 3 ხარის ტყავი. ღვედები ძირითადად ქართლისათვის იყო დამახასიათებელი და, სავარაუდოდ, 25–30 წელი ძლებდა. კახეთში ზოგჯერ ღვედების ნაცვლად საყევარ-უღლებს და ჯაჭვებს იყენებდნენ.

დიდი გუთნის ნაწილები

რედაქტირება
  • რვილი — მოხრილი გრძელი (დაახლოებით 3,2 მ – 3,4 მ სიგრძის) ძელი, რომელზედაც მიმაგრებულია საკვეთელი, სახნისი, ფრთა და სხვა ნაწილები;
  • საკვეთელი — რვილში გაყრილი რკინისაგან ან ფოლადისაგან დამზადებული მიწის ვერტიკალური საჭრელი სახნისის წინ (ჭრის შემხვედრ ფესვებს და გზიდან ყრის ქვებს);
  • სახნისი — გუთნის ნაწილი, რომელიც ბელტს ჭრის და იღებს;
  • ფრთა — ბელტის გადასაბრუნებელი ხის ან რკინის ფიცარი;
  • კაკაბა — ხის სადგარი, რომელზედაც დამაგრებულია ფრთა;
  • ხმალა — რვილისა და დედნის (ქუსლის) შემაერთებელი შვეული ნაწილი (დედანი გუთნის ნაწილია, რომელზედაც დაყრდნობილია ფრთა და წამოცმულია სახნისი);
  • ხელკუდი (ერქვანი, მანჭო) — გუთნის სახელური;
  • კორა — ხის კოჭი, რითაც მიმაგრებულია ფრთა რვილთან;
  • კვალისგოგორა და ველისგოგორა — ფამფალაკში (ღერძში) გაყრილი დიდი და მცირე ბორბლები (არონას სახელწოდებით ევროპაში ცნობილ სახვნელ იარაღს ორი ტოლი თვალი ჰქონდა. საქართველოში მას დიდხანს არ იყენებდნენ, რადგან გუთანი იმ მხრისკენ იყო დახრილი, საითკენაც იარაღს კვალი გაჰქონდა, ამის გამო სახნისისა და წინალის დონე განსხვავებული იყო);
  • ჭინჭილაკი — ღერძის ჭილიბი (რკინის ან ხის ჩხირი), რომელიც ღერძის ბოლოშია ჩარჭობილი, რათა ღირღიტა (ბორბალი) გარეთ არ გამოვარდეს;
  • შოლტა — ფამფალაკში გაყრილი ხე, რომლის ერთი (ყბიანი) მხარე უღელშია (რვილის მეორე მხარე ამ ფამფალაკზე ძევს);
  • სახელური;
  • წნელი;
  • ხმალას ჭანჭიკი;
  • რჩხა — კავებიანი ჯოხი;
  • ბაყაყი.

ხვნის ადათ-ჩვეულებები

რედაქტირება

ხვნასთან დაკავშირებული იყო გარკვეული რწმენა-წარმოდგენები და ადათ-ჩვეულებები. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ხვნა-თესვის დაწყებასა და დამთავრებასთან დაკავშირებულ რიტუალს. ქართლ-კახეთის ბარში ანეულის წინ იმართებოდა „სასოფლო საღმრთო“, „გუთნის საღმრთო“. ქართლის ზოგიერთ სოფელში ამას ამაღლებას უკავშირებდნენ. კახეთის იმ სოფლებში, სადაც სათემო მიწათმფლობელობა იყო შემორჩენილი, „საღმრთო“ განსაკუთრებული ორგანიზებულობით ხასიათდებოდა. ხვნის დაწყების პირველ დღეს გარკვეული წესები სრულდებოდა — პირველად „გაიტანდნენ გუთანს“ მინდორში, ხვნის დაწყებამდე წინა ხარს გუთნისდედა კვერცხს დაკრავდა თავში და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდა: „ასე გასკდეს იმისი თვალი, ვინც შენ ავი თვალით შემოგხედოსო“.

ქართლის ზოგიერთ სოფელში, ხვნის პირველ დღეს, წინა უღლის შუაში პატარა ბაირაღი კეთდებოდა, აუცილებლად წითელი. ზოგჯერ ამ დღეს წინა ხარებს ზარებს აბამდნენ, რქაზე „ფუნჯებისაგან“ (ბალახია ერთგვარი) დაწნულ გვირგვინს ჩამოაცვამდნენ. ყველა გუთნეული ცდილობდა, სხვაზე უკეთესად გამოსულიყო. ამ შეჯიბრს „განგაშს“ ეძახდნენ. ხვნა რომ დამთავრდებოდა, წინა უღელს ბაირაღს გაუკეთებდნენ და სოფელში ისე ბრუნდებოდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩიტაია გ., ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948 წლისა, «მიმომხილველი», 1949, ტ. 1.
  • ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960.
  • გელაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • Читая Г. С., Земледельческие системы и пахотные орудия Грузии, კრ.: Вопросы этнографии Кавказа, Тб., 1952.