გუთნისდედა — მიწის მუშა, რომელიც ხვნის დროს სახვნელს უძღვებოდა, აწესრიგებდა გუთნის მიმართულებას, ხნულის სიღრმესა და ბელტის სიგანეს, ხელმძღვანელობდა მოდგამს, ანაწილებდა ალოებს, გუთნისდედა დიდ გუთანთან არის დაკავშირებული. ხვნის ერთ სეზონში (გაზაფხულის, ზაფხულის ან შემოდგომის) მას შრომის საფასურად 2 ალო უწევდა. მასვე ერგებოდა ღვედისათვის 2 ალო, სახნის-საკვეთლისათვის — 3 ალო, გუთნის ხის ნაწილებში — 2 ალო (ქართლი). გუთნისდედა სოფელში საპატიო კაცად ითვლებოდა. ფეოდალურ საქართველოში ხვნის სეზონში გუთნისდედას უფლება ჰქონდა თავის ნაცვლად სხვა გაეგზავნა სამხედრო სამსახურში. ოჯახის გაყრის დროს გუთნის ღვედს, სახნის-საკვეთელს, გუთნის იარაღს მას აკუთვნებდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გუგუშვილი პ., გუთნეულის ეკონომიური ორგანიზაცია, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1944, ტ. 5, №3;
  • ჩიტაია გ., ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948 წლისა (წინასწარი ანგარიში). «მიმომხილველი», 1949, ტ. 1;
  • ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960;