დემოსი (ბერძ. δῆμος — ხალხი) ფართო გაგებით ეწოდებოდა ძველ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოთა თავისუფალ მოსახლეობას, რომელსაც, მონების, მეტეკების, პერიეკებისაგან განსხვავებით მოქალაქეობრივი უფლებები ჰქონდა.[1] თავდაპირველად დემოსი ნიშნავდა ნათესაობითა და დასახლების ადგილით დაკავშირებულ ხალხს,[2] ოლქს, მაგრამ უკვე ჰომეროსისა (ძვ. წ. XII–IX სს.) და არქაულ ეპოქაში (ძვ. წ. VIII–VI სს.) დემოსს უწოდებდნენ მდაბიო ხალხს (უმთავრესად სოფლის მოსახლეობას), გვაროვნული არისტოკრატიის — ევპატრიდების საპირისპიროდ.[1] ძვ. წ. VII–VI საუკუნეებში დემოსმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გვაროვნული არისტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლასა და პოლისების (ქალაქ-სახელმწიფოების) ჩამოყალიბებაში. ამ დროიდან „დემოსით“ მოიხსენიებდნენ პოლისთა თავისუფალ მოსახლეობას, რომელსაც მოქალაქეობრივი უფლებები ჰქონდა (მონების, მეტეკების, პერიეკებისა და სხვა კატეგორიის დამოკიდებული თუ არასრულუფლებიანი მოსახლეობისგან განსხვავებით). სახალხო კრებისა და სასამართლოს მეშვეობით დემოსმა გავლენა მოახდინა ბერძნული სახელმწიფოების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.[2] ძვ. წ. VI–V საუკუნეებში დემოსში სოფლის მოსახლეობის გარდა იგულისხმებოდა ქალაქის მოსახლეობის ნაწილიც (ხელოსნები, ვაჭრები). მოგვიანებით, ძვ. წ. V–IV საუკუნეებში დემოსს მოსახლეობის (უმთავრესად ქალაქის) ღარიბ ნაწილს უწოდებდნენ.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 დემოსი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 467.
  2. 2.0 2.1 Фролов Э. Д. Демос // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 518.