ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დემეტრე თბილელი (დ.უცნობი — გ. 9 აპრილი, 1321) — XIV საუკუნის ქართველი ფრანცისკანელი ბერი და მოწამე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დემეტრე თბილელის ვინაობა უცნობია ქართული წყაროებისთვის, სამაგიეროდ მასზე მოგვითხრობენ ცნობილი ევროპელი მოგზაურები ოდორიკო პარდენონე და ჟურდენ სევერაკი. მათი თხზულებები ძალზედ პოპულარული იყო შუა საუკუნეების ევროპაში. სხვათა შორის, ჟურდენი საქართველოშიც იყო ნამყოფი.

ცნობილია, რომ დემეტრე თბილელი წარმოშობით თბილისელი ქართველი იყო. ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ, რომ იგი კარგად ფლობდა აღმოსავლურ ენებს. შესაძლებელია, რომ მან სასულიერო გზა აირჩია 1233 წლიდან ტფილისში მყოფი ფრანცისკელი მისიონერების წყალობით, შემდგომ კი თავრიზში გადავიდა, რათა ესწავლა მონასტერში, სადაც ევროპიდან წამოსული ბერები საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ, ისინი ლინგვისტურ-კულტურულ კურსებს გადიოდნენ აღმოსავლეთში მისიონერული საქმეების განხორციელების მიზნით. მიხეილ თამარაშვილი მჭიდროდ აკავშირებს დემეტრეს სიკვდილს პაპ იოანე XXII-ის გადაწყვეტილებასთან, რათა ცნობილი სამოციქულო ტახტი სმირნიდან, რომელიც მაშინ მონღოლური საფრთხის წინაშე იდგა ტფილისში გადაეტანათ და ასე დაეარსებინათ ტფილისის ეპარქია. მისიონერებმა მალე მონასტერი დააარსეს თბილისში, სწავლობდნენ ქართულ ენას, ეცნობოდნენ ქართულ კულტურას, ხელს უწყობდნენ საქართველოს კონტაქტს დასავლეთ ევროპასთან.

1320 წელს ჟურდენთან ერთად ჩავიდნენ ჰორმუზში ფანცისკანელი მისიონერები: თომაზო ტოლენტინო, ჯაკომი პადუელი, პიეტრო სიენელი და დემეტრე თბილელი. მოგზაურებმა ჰორმუზიდან ჩინეთისკენ აიღეს გეზი, მაგრამ ქარიშხალმა მათი ხომალდი სხვა მხარეს მიაგდო და იძულებულნი იყვნენ ნაპირზე გადასულიყვნენ ინდოეთის ქალაქ თჰქნში, ქალაქის მოსახლეობის მცირე ნაწილი ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებდა. მისიონერებმა ერთი ქრისტიანის სახლში იპოვეს დროებითი თავშესაფარი და გზის გასაგრძელებლად ემზადებოდნენ, მაგრამ ბრმა შემთხვევამ მათი ბედი სამუდამოდ შეცვალა. სახლის პატრონმა ჩხუბი აუტეხა ცოლს და მაგრადაც სცემა, მეორე დილითვე ქალი საჩივრით მიადგა ქალაქის ყადის (მსაჯულს). ყადიმ მომჩივანს ინციდენტის მოწმე მოსთხოვა, ქალმა უყოყმანოდ დაასახელა თავისი მდგმურები და დემეტრე და მისი იტალიელი თანამგზავრები სასამართლოში იხმეს. მისიონერებსა და მუსლიმ მსაჯულს შორის მალე რელიგიურმა დისპუტმა იფეთქა. მისიონერები თავგამოდებით იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას. ყადი აყვირდა „მაჰმადზე რაღას იტყვით?!“ ოპონენტები თავს იკავებდნენ, მაგრამ ყადი არ ცხრებოდა და თომაზო ტოლენტინომ დაივიწყა დიპლომატია და მოკლედ მოუჭრა მსაჯულს, რომ მაჰმადი შვილია ეშმაკისა და მისი ადგილი არის ჯოჯოხეთში ყველა მაჰმადიანთან ერთად.

დისპუტი ამით დამთავრდა, მისიონერები გათოკეს და ქალაქის მოედანზე დაყარეს მცხუნვარე მზის ქვეშ. 1321 წლის 9 აპრილს ყადის ბრძანებითა და ქალაქის მელიქის (გამგებლის) თანხმობით კოცონი დაანთეს და საჯაროდ დაწვეს „ურჯულოები“.

დემეტრე თბილელის ცალკე იკონორაფული გამოსახულება ჩვენამდე მოღწეული არ არის, იგი მხოლოდ მეგობრებთან ერთად არის გამოსახული.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება