დელის ჯგუფური გაუპატიურების საქმე (2012)

დელის ჯგუფური გაუპატიურების საქმე — მოვლენები და მათზე შემდგომი რეაქციები, რომლებიც დაიწყო 2012 წლის 16 დეკემბერს, როდესაც ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჯგუფურად გააუპატიურეს პარამედიკოსი სტუდენტი.[1]

გარემოება

რედაქტირება

22 წლის გოგონა და მისი მეგობარი აუნინდრა პრატაპ პანდეი (Awnindra Pratap Pandey)[2] საღამოს 21:30 საათზე ავტობუსით ბრუნდებოდნენ სახლში კინოთეატრიდან ფილმის ყურების შემდეგ. ისინი მიემგზავრებოდნენ მუნირკას რაიონიდან სამხრეთ დელიში დვარკას რაიონში. ავტობუსში ექვსკაციანმა ჯგუფმა ორივე რკინის ჯოხებისთ სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც გოგონას ერთი საათის განმავლობაში აუპატიურებდნენ და ამას უკიდურესი სისასტიკით აკეთებდნენ, შემდეგ კი ორივე მსხვერპლი ავტობუსიდან გადმოაგდეს. გაუპატიურების შედეგად დაზარალებულს ნაწლავები ძლიერ დაუზიანდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონა ნიუ-დელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ნაწლავების ნაწილი ამოკვეთეს და იქ, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, პოლიციას ჩვენება მაინც მისცა. 26 დეკემბერს იგი სინგაპურში გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის გასავლელად. 29 დეკემბერს გოგონა გარდაიცვალა. გარდაცვლილის სახელია Jyoti Singh,[3] სანამ მისი სახელი გამჟღავნდებოდა, იგი ცნობილი იყო ფსევდონიმით Nirbhaya (ჰინდი — უშიშარი).

ეჭვმიტანილები

რედაქტირება

ამ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით ექვსი პირი, მათ შორის ავტობუსის მძღოლი დააკავეს. მათგან ხუთს — რამ სინგს (Ram Singh), მის ძმას მუკეშ სინგს (Mukesh Singh), პავან გუპტას (Pawan Gupta), ვინაი შარმას (Vinay Sharma) და აკშაი ტაკურს (Akshay Thakur) გაუპატიურებასა და მკვლელობაში ედავებოდნენ. მეექვსე ეჭვმიტანილი ცალკე გაასამართლეს, რადგან ის არასრულწლოვანი იყო.[4] მარტში ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა ციხის საკანში თავი ჩამოიხრჩო.[5]

2013 წლის 31 აგვისტოს საქმეში მონაწილე არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებასა და მკვლელობაში და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.[6]

2013 წლის 13 სექტემბერს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა აკშაი ტაკურს, პავან გუპტას, ვინაი შარმას და მუკეშ სინგს. ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯა აღსრულდა 2020 წლის 20 მარტს დელის ტიჰარის ციხეში.[5]

საზოგადოებრივი რეზონანსი

რედაქტირება

დანაშაულს დიდი რეზონანსი ჰქონდა ინდოეთის საზოგადოებაში, სადაც ქალების გაუპატიურება, მათ შორის ცოლ-ქმრული გაუპატიურება, ეროვნული პრობლემაა. ასობით დემონსტრანტი მონაწილეობდა მიმდინარე არეულობებში, მიმდინარეობდა შეტაკებები პოლიციასთან, გაუქმდა მასობრივი საახალწლო დღესასწაულები დელიში, აიკრძალა ხუთზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება. აქციის მონაწილეები მოძალადეებისთვის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ. ხელისუფლება დაჰპირდა მათ მიუსჯიდა სამუდამო პატიმრობას და ინდოეთის ქალაქებს გახდიდა უფრო უსაფრთხოს.

დელიში საპროტესტო აქციებს შეუერთდა კალკუტა.

 
პროტესტი ნიუ-დელიში

2013 წლის მარტში ინდოეთმა დაამტკიცა ახალი კანონი, რომლის თანახმადაც სექსუალური შევიწროება, ვუაიერიზმი და სექსუალური ძალადობის ნებისმიერი ფორმა ექვემდებარება სისხლის სამართლებრივ დევნას, ხოლო გაუპატიურება ფატალური შედეგით, ისჯება სიკვდილით.[7]

ჯგუფური გაუპატიურების, არასრულწლოვანთა გაუპატიურებისა და პოლიციელის მიერ ჩადენილი გაუპატიურების სასჯელი 7-10-დან 20 წლამდე გაიზარდა.

  1. Sikdar, Shubhomoy (2012-12-23). „Delhi gang-rape: victim narrates the tale of horror“. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-30. ციტირების თარიღი: 2012-12-24.
  2. Мать жертвы дает интервью.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-01. ციტირების თარიღი: 2024-11-15.
  3. Отец изнасилованной индийской студентки раскрыл её имя. ციტირების თარიღი: 2013-01-07
  4. В пригороде Дели произошло ещё одно групповое изнасилование. ციტირების თარიღი: 2013-01-07
  5. 5.0 5.1 Суд в Индии приговорил насильников к смерти - Интерфакс. ციტირების თარიღი: 2013-09-14
  6. 17-летний фигурант дела об изнасиловании осужден в Индии. ციტირების თარიღი: 2013-09-06
  7. Новый закон в Индии: изнасилование с летальным исходом карается казнью — NEWSru.co.il. ციტირების თარიღი: 2013-09-06