დედოფლის ყვავილი[1] (ლათ. Tropaeolum) — ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახების გვარი დედოფლისყვავილისებრთა ოჯახისა. ცნობილია 80-ზე მეტი სახეობა, რომლებიც გავრცელებული არიან სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ბალახოვანი მცენარეებია; ხშირად მცოცავი და ხვიარა (სიგრძე 2–4 მ). ფოთლები უმეტესად ფარისებრი ან ლაპოტისებრია გრძელი, მოჭიდების უნარის მქონე ყუნწებით. ყვავილები დიდია, დეზებით, მარტოულები; უპირატესად ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი. სამშობლოში ყვავიან მთელი წლის განმავლობაში. მეყვავილეობაში კულტივირებულია დიდი (T. majus), ფაროსანი დედოფლის ყვავილის (T. peltophorum) ჯიშები, კულტურული დედოფლის ყვავილის ჰიბრიდები (T. cultorum) და სხვ. ზრდიან როგორც დეკორატიულ, მ.შ. როგორც ამპელურ და ნიადაგსაფარ მცენარეებს; იყენებენ აივნებისა და დეკორატიული ცხაურების მოსართავად (ხვიარა ჯიშებს). მოუმწიფებელ ნაყოფებს, კოკრებსა და კვირტებს ამარინადებენ როგორც კაპერსს. ბოლივიის, პერუსა და ჩილეს მთებში საკვებად გამოსაყენებლად (გამოიყენება ბოლქვები) ზრდიან მრავალწლოვან დედოფლის ყვავილებს: ბოლქვიანს (T. tuberosum), მრავალფოთლიანს (Т. polyphyllum) და სხვ. ამრავლებენ თესლით.[2]