დედამიწის ბრუნვა
დედამიწის ბრუნვა — დედამიწის ერთ-ერთი მოძრაობა. დედამიწის ბრუნვით აიხსნება დღისა და ღამის ურთიერთცვლა, ციურ სხეულთა ხილული დღეღამური მოძრაობა და ზოგი სხვყ მოვლენა: დაკიდებული სხეულის რხევის სიბრტყის მობრუნება (ფუკოს ქანქარა), ვარდნილი სხეულის გადახრა აღმოსავლეთისაკენ და სხვა. დედამიწის ბრუნვის შედეგად დედამიწის ზედაპირზე მოძრავ სხეულებზე მოქმედებს კორიოლისის ძალა; მისი მოქმედება ვლინდება მდინარეთა მიერ. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მარჯვენა, ხოლო სამხრეთში — მარცხენა ნაპირების უპირატეს ჩამორეცხვასა (ბერის კანონი) და ატმოსფეროს ცირკულაციის ზოგიერთ თავისებურებაში (ციკლონები, ანტიციკლონები, მუსონები, პასატები და სხვა).
ასტრონომიული დაკვირვებით დადგენილია, რომ დედამიწა გაზაფხულის ბუნიობის წერტილის მიმართ ერთ სრულ შემობრუნებას ანდომებს საშუალო მზისმიერი დროის 23 სთ, 56 წთ, 4.091 წმ. დედამიწა ბრუნავს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით (თუ დედამიწას ვუყურებთ ჩრდილოეთ პოლუსიდან). დედამიწის ბრუნვის ღერძი ვარსკვლავების მიმართ ისე გადაადგილდება, რომ ინარჩუნებს ეკლიპტიკისადმი საშუალო დახრას, რომელიც 1900 წელს 66°23′51.74″ იყო და XX საუკუნის განმავლობაში მხოლოდ 0.01″-ით გაიზარდა (პრეცესია). გარდა ამისა, იგი განიცდის მცირე რხევებს საშუალო მდებარეობის მიმართ (ნუტაცია). დედამიწის ბრუნვის ღერძი მდებარეობას იცვლის თვით დედამიწის სხეულშიც (დედამიწის პოლუსების მოძრაობა).
ბოლო დრომდე დედამიწის ბრუნვის სიჩქარე მუდმივი ეგონათ, მაგრამ მზის, მთვარისა და პლანეტების პოზიციურ დაკვირვებათა ზუსტმა ანალიზმა ცხადყო, რომ დედამიწა არათანაბრად ბრუნავს. მოქცევითი ხახუნის (მიქცევა და მოქცევა) გავლენით დედამიწის ბრუნვა ნელდება, რაც იწვევს ვარსკვლავთმიერი დღე-ღამის ხანგრძლივობის ზრდას. უკანასკნელი 2.5 ათასი წლის განმავლობაში ის გაიზარდა 0.0024 წმ-ით. შემჩნეულია აგრეთვე დედამიწის ბრუნვის სიჩქარის მცირე რხევები. როგორც არაპერიოდული, ისე ერთწლიანი, ნახევარწლიანი, ერთთვიანი და ნახევართვიანი პერიოდებით.
დედამიწის ბრუნვის თეორია დაამუშავეს ჯერ კიდევ ი. ნიუტონმა, ჟ. დ'ალამბერმა და ლ. ეილერმა, მაგრამ ისინი ღედამიწას აბსოლუტურად მყარ სხეულად მიიჩნევდნენ. დედამიწის ბრუნვის თეორია დედამიწის შინაგანი აგებულების თანამედროვე მონაცემების გათვალისწინებით, დაამუშავა საბჭ. გეოფიზიკოსმა მ. მოლოდენსკიმ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 428.