კორიოლისის ძალა — ინერციის ძალების ერთ-ერთი სახე, რომელიც შემოაქვთ იმისათვის, რომ გაითვალისწინონ ათვლის მოძრავი სისტემის ბრუნვის გავლენა მატერიალური წერტილის ფარდობითს მოძრაობაზე. კორიოლისის ძალა რიცხობრივად უდრის წერტილის მასის ნამრავლს მის კორიოლისის აჩქარებაზე და მიმართულია ამ აჩქარების საწინააღმდეგოდ. ეფექტი, რომელიც კორიოლისის ძალას ითვალისწინებს, იმაში მდგომარეობს, რომ ათვლის მბრუნავ სისტემაში ბრუნვის ღერძის არაპარალელურად მოძრავი მატერიალური წერტილი გადაიხრება მისი ფარდობითი სიჩქარისადმი პერპენდიკულარული მიმართულებით ან წნევას ახდენს სხეულზე, რომელიც ასეთ გადახრას ეწინააღმდეგება. დედამიწაზე ეს ეფექტი, რომელიც მისი დღეღამური ბრუნვითაა განპირობებული იმაში მდგომარეობს, რომ თავისუფლად ვარდნილი სხეული ვერტიკალიდან აღმოსავლეთისაკენ გადაიხრება (1-ლი მიახლოებით), დედამიწის ზედაპირის გასწვრივ მერიდიანის მიმართულებით მოძრავი სხეული კი — ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მარჯვნივ, ხოლო სამხრეთში — მისი მოძრაობის მიმართულებიდან მარცხნივ. კორიოლისის ძალით აიხსნება მდინარეთა ნაპირების გამორეცხვა, ზღვისა და ჰაერის ზოგიერთი დინების წარმოშობა და სხვა. კორიოლისის ძალის ცნება შემოიღო ფრანგმა მექანიკოსმა გიუსტავ გასპარ კორიოლისმა.

ბურთულას ტრაექტორია სხვადასხვა ათვლის სისტემებზე მოძრავი თეფშის ზედაპირზე (ზემოთ — ინერციული, ქვემოთ — არაინერციული)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება