მაგნეტოს სახლი

(გადამისამართდა გვერდიდან დედამიწა-58163)

მაგნეტოს სახლი (ინგლ. House of M, House of Magnus, House of Magneto) — რვა ნომრისაგან შემდგარი კომიქსის წიგნის ლიმიტირებული სერიებია, რომელიც 2005 წელს Marvel Comics-ის მიერაა გამოცემული. სიუჟეტი ეკუთვნის ბრაიან მაიკლ ბენდისს, ილუსტრატორი კი ოლივერ კოიპელია. პირველი ნომრის დებიული 2005 წლის ივნისში შედგა. ისტორია პალენეტა იქსისა და შურისმაძიებლების დაშლის მოვლენების გაგრძელებას წარმოადგენს. ნერვული მოშლილობის ზღვარს მყოფი ალისფერი ჯადოქარი დაკარგული შვილების ’გასაცოცხლებლად’ მარველის ძირითად რეალობას — მაგნეტოს სახლად გარდაქმნის, სადაც მამამისი, მაგნეტო ბატონობს მსოფლიოზე.

მიმოხილვა

რედაქტირება

დასაწყისი

რედაქტირება
 
House of M #1 (2005 წლის აგვისტო). ჯო ქუესადას ნამუშევარი.

ისტორია იწყება დაბადებით. მშობიარე ვანდა მაქსიმოფი, იგივე ალისფერი ჯადოქარი, მეგობრებითა და ოჯახის წევრებითაა გარემოცული. თანმხლები ექიმი, დოქტორი სთრეინჯი, მას ახალშობილ ტყუპებს აწვდის და მშობიარობას წარმატებულად აცხადებს. ამ დროს, პროფესორი ქსავიე უახლოვდება ვანდას და უბრძანებს მას, შეწყვიტოს რეალობის მანიპულირება. იგი უარზეა, გულში იკრავს შვილებს, რომლებიც იშლებიან და ქრებიან. ირგვლივ აღარც მეგობრებია, არც ოჯახის წევრები, არც ბავშვები... ვანდასთან ერთად მხოლოდ პროფესორია გენოშას ბნელ ოთახში. იგი ტელეპათიის გამოყენებით დააძინებს ალისფერ ჯადოქარს. ამ დროს, მაგნეტო უახლოვდება ჩარლზს და მისი ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ ეკითხება. ქსავიე პასუხობს, რომ მისი ძალები დიდი ხნით ვერ შეაკავებს ვანდას მაგიას, საჭიროა გამოსავლის პოვნა. მაგნეტო წუხს და თავს იდანაშაულებს იმის გამო, რომ შვილები საკუთარ ამბიციებსა და ოცნებებს შესწირა.

ამასობაში, ქსავიე შურისმაძიებლებთან და იქს-ადამიანებთან შეხვედრას მართავს. ისინი ვანდას ბედ-იღბალზე მსჯელობენ. ემა ფროსთი მიიჩნევს, რომ მისი მოკვლა ერთადერთი გამოსავალია, მისგან განსხვავებით კაპიტანი ამერიკა ფიქრობს, რომ გუნდმა ვანდასთან გამკლავებისა და მისი შესაძლებლობების ჩახშობის ალტერნატიული მეთოდი უნდა მონახოს. იქს-ადამიანები კი ამტკიცებენ, რომ ვანდას გამანადგურებელი ძალის შესახებ ინფორმაციის გაჟონვას ადამიანებსა და მუტანტებს შორის არსებული ურთიერთობის საუკუნეებით უკან დაწევა შეუძლია. ამასობაში ირკვევა, რომ პროფესორმა ქსავიემ დახმარება დოქტორ დუმსაც სთხოვა, თუმცა არც ამ უკანასკნელის შესაძლებლობები აღმოჩნდა საკმარისი ალისფერი ჯადოქრის მაგიის წინააღმდეგ საბრძოლველად. სამურავი მიიჩნევს, რომ სხვა გზა არ არსებობს - ვანდა უნდა მოკვდეს. გუნდის დარჩენილი ნაწილი გადაწყვეტს, რომ უპირველეს ყოვლისა, მასთან გასაუბრებაა საჭირო.

გენოშაში, აფორიაქებული კვიკსილვერი მირბის მაგნეტოსთან და ეუბნება მას, რომ ნიუ იორკში მოუსმინა შურისმაძიებლებისა და იქს-ადამიანების საუბარს. ბრაზმორეული მაგნეტო პასუხობს, რომ არ იცის რა გააკეთოს. აქვითინებული კვიკსილვერი მუხლებზე ეცემა, მაგნეტო მძინარე ქალიშვილს უმზერს.

ქსავიე გუნდთან ერთად გენოშაში მიემგზავრება და აღმოაჩენს, რომ ვანდა იქ აღარაა. უეცრად, გუნდის წევრები ერთი-მეორეს მიყოლებით გაუჩინარებას დაიწყებენ, ადამიანი ობობა უკანასკნელია მათ შორის, თუმცა მასაც შთანთქავს თეთრი სინათლე...

ახალი მსოფლიო

რედაქტირება

სინათლის გაფანტვასთან ერთად მკითხველი რწმუნდება, რომ მსოფლიო შეიცვალა. ამ ალტერნატიულ რეალობაში ადამიანი ობობა - გვენ სტეისიზეა დაქორწინებული, ციკლოპი - ემა ფროსთის მეუღლეა. დოქტორი სთრეინჯი - ფსიქოლოგია, კაროლ დანვერსი, იგივე მისის მარველი - კაპიტანი მარველია, ამერიკის უსაყვარლესი სუპერგმირი, გამბიტი - კრიმინალია, სტივ როჯერსი კი ხნიერი ვეტერანი. სამურავი - S.H.I.E.L.D-ის მაგნეტოს სახლის წითელი რაზმის აგენტია. იგი მფრინავ ხომალდზე, მისტიკას გვერდით იღვიძებს. მეგობრებისაგან განსხვავებით, მას ახსოვს...

ახალი ჰაერის ჩასასუნთქად სამურავი დაუყოვნებლივ გარეთ გარბის. ხომალდიდან გადახტომის შემდგომ იგი აღმოჩნდება მსოფლიოში, სადაც ადამიანების ნაცვლად - ზეადამიანები ბატონობენ.

უცნაურ მსოფლიოში მოხვედრილი სამურავი, უპირველეს ყოვლისა, ქსავიეს ინსტიტუტში პროფესორთან შეხვედრას განიზრახავს. მოლოდინის საპირისპიროდ კი აღმოაჩენს ოჯახს, რომელიც თხუთმეტი წლის წინ დასახლდა იქ. ვინმე ჩარლზ ქსავიეს ოჯახი არ იცნობს. ამის შემდგომ სამურავი პიტერ პარკერის ან რკინის კაცის ნახვას გადაწყვეტს. სტარკ ტაუერის ვესტიბიულთან მის შეჩერებას წითელი მცველების რჩეული ნაწილი შეეცდება. სამურავი თავის დაღწევას შეძლებს, თუმცა მას უეცრად უკავშირდება ახალი შურისმაძიებლების წევრი, ლუკ კეიჯი, ტელეპორტატორი ლაბადა კი მას ’მუტანტების წინააღმდეგი მოძრაობის’ საიდუმლო შტაბში გადაიყვანს.

უსაფრთხოების არც თუ სასიამოვნო პროცედურის გავლის შემდგომ, ჰოკაი სამურავს ყელზე მიმაგრებულ ჩიპს აღმოუჩენს. ეს უკანასკნელიც გააცნობიერებს, რომ მისი მეშვეობით წითელი მცველები უკან დაედევნენ მას. ოთახი ფეთქდება, სამურავის გუნდის წევრები საიდუმლო მიწისქვეშა შტაბს ანადგურებენ. ლაბადას, ტელეპორტის მეშვეობით, მოკავშირეები კინგფინის ოფისში გადაყავს. აქ სამურავი მიწისქვეშა შტაბის განადგურებას მოვლენების იმ სერიას უკავშირებს, რომელიც საფუძვლად დაედო ამ ალტერნატიული მსოფლიოს შექმნას: ალისფერი ჯადოქრის ნერვული მოშლილობა, ჰოკაის, გულების ჯეკისა და კაცი-ჭიანჭველას მკვლელობა, რამაც შურისმძიებლების განადგურება გამოიწვია. სამურავი ამტკიცებს, რომ იქს-იარაღის პროგრამამ იმდენად სრულყოფილად გაასუფთავა მისი მეხსიერება, რომ შესანიშნავად შეუძლია გაიხსენოს წარსულის მოვლენები, მეტიც, იგი ამბობს, რომ ყოველი დღე თავისი ცხოვრებისა გუშინდელსავით ახსოვს. სამურავის აზრით, მაგნეტომ გამოიყენა თავისი ქალიშვილი, რათა თითოეულისათვის მიეცა მისი სურვილის შესაბამისად, ამასთან ერთად კი თავადაც მიიღო ის, რაც მუდამ სურდა - გლობალური ბატონობა და მუტანტების უპირატესობა მსოფლიოში.

ლუკ კეიჯი დაეჭვებით ეკითხება სამურავს, თუ საიდან შეეძლო მაგნეტოს სხვების ფარული სურვილების გაგება. სამურავი დამაჯერებლად პასუხობს, რომ ჩარლზ ქსავიეს, რომელიც მაგნეტომ ამ ალტერნეტიულ რეალობაში საბოლოო გადმოყვენემდე მოიტაცა, ყოველივე ამის ცოდნისათვის საკმარისი ძალა გააჩნია. ამასობაში ირკვევა, რომ სამურავი არ არის ერთადერთი, რომელსაც წარსული ახსოვს. ახალგაზრდა გოგნას, ლაილა მილერს, აქვს იმის უნარი, რომ ხალხს ნამდვილი მსოფლიო უჩვენოს. სამურავის აზრით, გადარჩენის ერთადერთი შანსი მაგნეტოსა და მთელი მისი სახლის განადგურებაში მდგომარეობს, ამისთვის კი ძველი მეგობრების გაერთიანებაა საჭირო. ლაბადას ტელეპორტაციის უნარის მეშვეობით სამურავი ემა ფროსთის სახლში აღმოჩნდება. იგი სთხოვს ლაილა მილერს, გაუნათოს გონება ქალბატონ ფროსთსაც ისევე, როგორც ეს ლუკ კეიჯს გაუკეთა უწინ. ჯერ კიდევ უცნობია, რატომ ახსოვს ლაილას ცვლილებებამდე არსებული მსოფლიო. თანაგუნდელებს იგი მიაჩნიათ მუტანტად, რომელსაც რეალობაში ცვლილებების დანახვა შეუძლია.