დარდანელის ოპერაცია

დარდანელის ოპერაცია ან გელიბოლუს ოპერაცია1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს ინგლის-საფრანგეთის ფლოტსა და სადესანტო ჯარების მოქმედება დარდანელისა, ბოსფორისა და კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდების, ოსმალეთის ომიდან გამოყვანისა და რუსეთთან შავი ზღვის კავშირის აღდგენის მიზნით. 19 თებერვლიდან ინგლის-საფრანგეთის ესკადრა ბომბავდა ოსმალეთის პორტებს, მაგრამ 18 მარტს მისი ცდა, სრუტეებით გადაჭრილიყო შავ ზღვაში, მარცხით დამთავრდა. გადაწყდა, დესანტის საშუალებით დაეპყროთ გელიბოლუ (გალიპოლი). 25 აპრილს დესანტი ინგლისელი გენერლის ი. ჰამილტონისა და ფრანგი გენერლის დ′ ამადის სარდლობით გელიბოლუს ნახევარკუნძულზე სედიულბაჰირთან გადასხდა. მოკავშირეთა ცდას, გაეფართოვებინათ პლაცდარმი, შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ოსმალეთის ჯარების ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ. მათი აპრილ-ივნისის შეტევაც უშედეგოდ დამთავრდა. მოკავშირეებმა ჯარების რაოდენობა 12 დივიზიამდე გაზარდეს და 6-10 აგვისტოს ახალი შეტევა წამოიწყეს, მაგრამ თურქებმა აქაც სძლიეს მათ. ამ ოპერაციაში მოკავშირეებმა 145 ათასი კაცი, თურქბმა — 186 თასი კაცი დაკარგეს. მოკავშირეთა წარუმატებლობის მიზეზი იყო მოუმზადებლობა, უხეირო ხელმძღვანელობა, ერთიანი სარდლობის და საერთო ჩანაფიქრის უქონლობა, დარდანელის ოპერაციის წარუმატებლობის შედეგად მოჰყვა ბულგარეთის ჩაბმა ომში გერმანიის მხარეზე.

დარდანელის ოპერაციის რუკა

ლიტერატურა

რედაქტირება