დამღა — ხელოსნურ ნაწარმზე აღბეჭდილი ხელოსნის, სახელოსნოს მფლობელის ან ხელისუფლების წარმომადგენლის ნიშანი.

ძველ საბერძნეთში განსაკუთრებული ტვიფრით გამოწვამდე იდამღებოდა კერამიკული ნაწარმი: კრამიტი, პითოსები და ამფორები, ძველ რომში — კრამიტი, აგური, იშვიათად ამფორები და მაღალხარისხოვანი წითელლაკიანი კერამიკა. დამღა ადასტურებდა ნაწარმის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობას. საქართველოში აღმოჩენილია ძველი ბერძნული დამღიანი ამფორები და კრამიტი (ვანი, ფიჭვნარი, სოხუმი და სხვ.), რომაული ლეგიონების დამღიანი აგური (ციხისძირი, ბიჭვინთა).

კერამიკულ ნაწარმზე გამოწვამდე დატანილი სხვადასხვა სახის ნიშნები საქართველოში აღმოჩენილია ძვ. წ. IV–III საუკუნეების კოლხურ ქვევრებზე (დაბლაგომი), ელინისტურ და გვიანდელ ანტიკური ხანის კრამიტზე (ვანი, სამადლო, მცხეთა და სხვ.). ცალკეულ შემთხვევებში გვხვდება ბერძნულწარწერიანი ტვიფრით აღბეჭდილი დამღებიც. ცნობილია ქ. დიოსკურიის დამღიანი ამფორა (ძვ. წ. II ს.) და ელინისტური ხანის სამეფო სახელოსნოს დამღიანი კრამიტი (ვანი).

კრამიტის დადამღვა ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეებშიც. ქართულ დამღებზე, ჩვეულებრივ, დაქარაგმებული ასომთავრული წარწერებია. დამღიანი თიხის ჭურჭელი საქართველოში იშვიათია. შედარებით ხშირად იდამღებოდა ქვევრები. ეს წესი შემორჩა ეთნოგრაფიულ ყოფაშიც.

ლითონის ნაწარმის დადამღვაც ძველი დროიდანაა ცნობილი. ადრინდელ შუა საუკუნეებში ბიზანტიაში ლითონის სინჯის გარანტირების მიზნით იდამღებოდა ოქროსა და ვერცხლის ნივთები. XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის დასაწყისში თბილისში არსებობდა სამეფო კარის საწარმო სახელოსნო, რომლის ნაწარმზე საგანგებო დამღა იყო დაკრული. საქართველოს მუზეუმებში დიდი რაოდენობითაა დაცული XIX ს. და უფრო გვიანდელი დამღიანი ლითონის ნივთები: ვერცხლის სარტყლები და ჭურჭელი, მოვერცხლილ-მოოქრული იარაღი (თოფები, ხმლები, სატევრები), რკინის ნამგლები, ცულები, წალდები, თოხები და სხვ. საქართველოში გავრცელებულ იარაღზე (თოფები, ხმლები) გვხვდება აგრეთვე სპარსული, თურქული და ევროპული დამღებიც. სასოფლო-სამეურნეო იარაღს ჰქონდა მჭედლის გვარისა და სახელის ინიციალებიანი დამღები. მჭედლის დამღა თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ზოგიერთ მათგანზე გამოსახული იყო ცხოველის ან ფრინველის სხეულის ცალკეული ნაწილები (კურდღლის ფეხი და სხვ.), მზე და მთვარე.

XIX საუკუნეში ხელოსნური ნაწარმის დამღა ეკუთვნოდა თბილისის სადამღო პალატას და „საოქრომჭედლო სახელოსნოს". 1804–1832 წლებში თბილისში არსებობდა ოფიციალური სადამღო დაწესებულება. 1848–1886 წლებში სადამღო საქმეს განაგებდა „თბილისის საოლქო სინჯის პალატა", 1886–1896 წლებში — „თბილისის სინჯის პალატა", ხოლო 1899–1917 წლებში — ამიერკავკასიის საოლქო სამმართველო. ოფიციალურ დამღასთან ერთად არსებობდა ცალკეულ ოსტატთა დამღა.

ნუმიზმატიკაში

რედაქტირება

ნუმიზმატიკაში დამღა წარმოადგენს მრგვალი ან ოთხკუთხა ფორმის პატარა ტვიფრს, რომელიც მონეტის რომელიმე მხარეს ისმება. სხვადასხვა დროს დადამღვის მიზანი იყო უცხო ფულის გადაქცევა სახელმწიფო მონეტად, ლითონის ხარისხის გარანტირება, წინამორბედ მმართველთა ფულის გადაქცევა მოქმედ მონეტად და სხვ. საქართველოში მონეტების დადამღვის წესი გაჩნდა თამარ მეფის დროიდან (XII ს. ბოლო) და მოქმედებდა ლაშა-გიორგისა და რუსუდანის მეფობის დროსაც (XIII ს. 30-იანი წწ.). შემდეგ კვლავ განახლდა XVIII ს. დასაწყისში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბრამიშვილი თ., საქართველოს მუზეუმის ქართულ და ბიზანტიურ მონეტებზე მოთავსებული დამღები, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1961, ტ. 22 В.
  • ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 3–4, თბ., 1962.
  • Пахомов Е. А., Монеты Грузии, Тб., 1970.
  • გაგოშიძე გ., კიკნაძე გ., მაკალათია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.