დავით შალიკაშვილი

ქართველი სამხედრო მოღვაწე, ქართული არმიის პოლკოვნიკი

დავით იოსების ძე შალიკაშვილი (დ. 1886, გურჯაანი ― გ. ნოემბერი, 1940, კანი) ― ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დავითის მამა, იოსებ ივანეს ძე შალიკაშვილი, იყო საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. დედა – ნინო სტაროსელსკაია, დიმიტრი სტაროსელსკის (1832-1884), ბაქოს გუბერნატორის, შემდგომში კავკასიის სამეფისნაცვლოს მთავარი სამმართველოს უფროსის ქალიშვილი და ოლღა გურამიშვილის დისშვილი. დავითი იყო სამი დედმამიშვილიდან უფროსი: მას ჰყავდა და, თამარი და ძმა – დიმიტრი შალიკაშვილი – საქართველოსა და შემდგომში პოლონეთის არმიის ოფიცერი.

დავით შალიკაშვილი გურჯაანში დაიბადა. 1906 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზია და ჩადგა სამხედრო სამსახურში. ჩაირიცხა პეტერბურგის საკავალერიო გვარდიულ პოლკში, შემდეგ - იმპერატორის საპატიო ამალაში, მერე - კავკასიელ არისტოკრატთა შვილებისგან შედგენილ "ველურ დივიზიაში" ოფიცრად. რუსეთის საიმპერიო არმიის ოფიცრის რანგში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. იყო თათართა ცხენოსანი პოლკის პორუჩიკი. იბრძოდა რუსეთ–გერმანიის ფრონტზე გენერალ ვრანგელის კორპუსში.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დავით შალიკაშვილი თავის ლეგიონთან ერთად, რომელიც ჩრდილოეთ ირანში იბრძოდა თურქების წინააღმდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. ლეგიონმა მისი მეთაურობით აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისა და განმტკიცების საქმეში. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის პოლკის მეთაურად დანიშნეს და პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს. 1921 წლის თებერვალ–მარტში, საქართველოს ძალით გასაბჭოების შემდეგ, პოლკოვნიკმა შალიკაშვილმა სამშობლო დატოვა და სტამბოლში გაემგზავრა. საზღვარგარეთ მიმავალ დავით შალიკაშვილს მისმა მეგობარმა, საქართველოს ეროვნულმა გმირმა, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილმა მიაბარა თავისი ქამარ-ხანჯალი. როგორც ალექსანდრე სულხანიშვილი "შეფიცულთა რაზმის" აქტიური წევრი იგონებს, ეს ამბავი 1921 წლის მარტში ბათუმში მომხდარა. ქაქუცა ჩოლოყაშვილს უარი უთქვამს საზღვაგარეთ წასვლაზე და კახეთში დაბრუნებულა.

დავით შალიკაშვილმა დიდი ხანი ვერ გაძლო უცხოეთში და დაბრუნდა საქართველოში, სადაც ის დააპატიმრა საგანგებო კომისიამ. წელიწადნახევარი გაატარა "ჩეკას" საპატიმროში. 1922 წლის ნოემბერში კი, სხვა ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტებთან ერთად, ხელსუფლებამ საზღვარგარეთ გაასახლა. სამი წელი სტამბოლში ცხოვრობდა, სადაც თავმჯდომარეობდა ქართულ კოლონიას და აქტიურად ეხმარებოდა მებრძოლ ქართულ ბანაკს საქართველოში.

1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, დავით შალიკაშვილი თურქეთში დახვდა ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მის შფიცულებს. მისი დახმარებით, ყველანი ერთად გაემგზავრნენ საფრანგეთში, სადაც ისინი პეჟოს ქარხანაში მოაწყვეს სამუშაოდ.

1925 წელს დავით შალიკაშვილმა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში განაგრძო სამხედრო სამსახური და ჩრდილოეთ აფრიკაში გაემგზავრა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში დავით აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1939 წელს სამხედრო სამსახურს თავი დაანება და კაპიტნის წოდებით თადარიგში გავიდა, მაგრამ 1940 წლის მაისში, როცა გერმანია თავს დაესხა საფანგეთს, კვლავ ჩადგა საფრანგეთის დამცველთა რიგებში. მალავე იგი უაცრად გარდაიცვალა ქალაქ კანში, დაკრძალულია ნისის სასაფლაოზე.

დავით შალიკაშვილს ცოლად ჰყავდა რუსი გრაფინია ეფემია ალექსანდრეს ასული ლაზარევა (1893-1944). შთამომავლობა არ დარჩენია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება