დავით გველესიანი
დავით ალექსანდრეს ძე გველესიანი (დ. 7 მარტი, 1890, მანგლისი, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპ., — გ. აგვისტო 1949,[1] თბილისი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი.
გენერალ ალექსანდრე გველესიანის შვილი და მხატვარ რომანოზ გველესიანის ძმისშვილი. სწავლობდა თბილისში „ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების“ ფერწერისა და ქანდაკების სკოლასა (1906–1907, პედაგოგი ო. შმერლინგი) და ვაჟთა I გიმნაზიაში (დაამთავრა 1911), მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1912–1914), აგრეთვე მხატვრების კ. იუონისა და კალინის სტუდიებში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1929, პედაგოგები გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე, ი. შარლემანი), იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1932–1949).
გველესიანი სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1919 წლიდან. ხატავდა თბილისის ძველ უბნებს; ავტორია ფანქრით დახატული სურათების სერიისა „ძველი თბილისი“ (1921–1930), ქმნიდა ქალაქის მცხოვრებთა ყოფის ამსახველ ფერწერულ ტილოებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს. გველესიანს ეკუთვნის ილუსტრაციები საბავშვო სახელმძღვანელოებისათვის. მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ანჩისხატის ეკლესია“ (1920, თბილისის ისტორიის მუზეუმი), „ძველი თბილისი — ნარიყალას უბანი“ (1930), ი. ნიკოლაძის პორტრეტი (1937, ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი) და სხვ.
-
ძველი თბილისი
-
ძველი თბილისი
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 607.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დავით გველესიანი — ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების მონაცემთა ბაზა.