დაგნი იუელი
დაგნი იუელი (ნორვ. Dagny Juel), დაგნი-ფშიბიშევსკა (Juel-Przybyszewska; დ. 8 ივნისი, 1867, კონგსვინგერი, ნორვეგია, — გ. 5 ივნისი, 1901, თბილისი) — ნორვეგიელი მწერალი და პიანისტი. ცნობილი იყო სილამაზით, ბოჰემური ცხოვრების სტილით და ახლო ურთიერთობით იმ დროის არაერთ ცნობილ ხელოვანთან, მათ შორის, მხატვარ ედვარდ მუნკთან და დრამატურგ ავგუსტ სტრინდბერგთან. 1893 წელს ცოლად გაჰყვა პოლონელ მწერალს და პოლონური მოდერნიზმის იდეოლოგს, სტანისლავ ფშიბიშევსკის. იმ პერიოდში ცხოვრობდა ბერლინში და ქალაქის ავანგარდული არტისტული მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო. 33 წლის ასაკში მოკლა მისმა პოლონელმა მეგობარმა, ვლადისლავ ემერიკმა თბილისში სტუმრობის დროს, სასტუმრო „გრანდ ოტელის“ ნომერში. მკვლელობის მოტივი და გარემოებები გაურკვეველია.
დაგნი იუელი | |
---|---|
ნორვ. Dagny Juel | |
დაგნი იუელი 1894 წელს. | |
დაბადების თარიღი | 8 ივნისი, 1867 |
დაბადების ადგილი | კონგსვინგერი, ნორვეგია |
გარდაცვალების თარიღი | 5 ივნისი, 1901 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | პიანისტი, მწერალი |
მოქალაქეობა | ნორვეგია |
მეუღლე | Stanisław Przybyszewski[1] |
შვილ(ებ)ი | Zenon P. Westrup და Iwa Dahlin |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაგნი იუელი დაიბადა 1867 წელს ცნობილი ნორვეგიელი ექიმის ოჯახში. ჰყავდა სამი და და ერთი ძმა, რომელიც ადრევე გარდაიცვალა. ბიძამისი დედის მხრიდან, ოტო ბლერი იყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი 1902-1903 წლებში.[2]
დაგნიმ განათლება ადგილობრივ კერძო სკოლაში. მის მასწავლებელთა შორის იყო ანა სტანგი, ნორვეგიული ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი პიონერი. 1882 წელს დაგნი მუსიკის სასწავლებლად გერმანიაში, ქალაქ ერფრუტში წავიდა, 1890 წელს კი მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად უმცროს დასთან, რაგნჰილდთან ერთად ქრისტიანაში (ახლანდელი ოსლო) გადავიდა. მეამბოხე სულის მქონე დაგნი აქტიურად ჩაება ქალაქის ბოჰემურ ცხოვრებაში. მწერალ იალმარ ქრისტენსენთან ხანმოკლე რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ დაუახლოვდა მხატვარ ედვარდ მუნკს, რომელიც 1892 წლის ბოლოს ბერლინში გადავიდა გამოფენის მოსაწყობად. დაგნიმაც მალევე მიაშურა გერმანიის დედაქალაქს, სადაც მცირე დროით გატაცებული იყო დრამატურგით და მხატვრით ავგუსტ სტრინდბერგით. გარკვეული პერიოდი ასევე დაახლოებული იყო შვედ მწერალთან ადოლფ პაულთან. ის არაერთი სკანდინავიელი ხელოვანის შთაგონების წყარო იყო. დაგნი ფიგურირებს მუნკის 1895 წლის ცნობილი ტილოში „ეჭვიანობა“. ბერლინში იუელი აქტიურად მოღვაწეობდა, როგორც პიანისტი; ატარებდა კონცერტებსა და გაკვეთილებს. ამასთანავე, წერდა ლექსებს, პიესებს და მოთხრობებს. 1893 წელის 18 აგვისტოს იუელმა იქორწინა პოლონელ მწერალ სტანისლავ ფშიბიშევსკიზე (დაგნი მისი მეორე ცოლი იყო). წყვილს 2 შვილი შეეძინა: ზენონი (დ. 1895) და ივა (დ. 1897), რომელთაც დაგნი ხშირად თავის მშობლებთან ტოვებდა ნორვეგიაში: მღელვარე, ფინანსურად არასტაბილური ბერლინური ცხოვრება და სტანისლავ ფშიბიშევსკის მზარდი დამოკიდებულება ალკოჰოლზე ბავშვების აღზრდისათვის სათანადო გარემოს შექმნას ხელს არ უწყობდა. 1898 წელს დაგნი მეუღლეს გაჰყვა კრაკოვში (იმხანად ავსტრია-უნგრეთის ნაწილი), სადაც ფშიბიშევსკი ე.წ. ახალგაზრდა პოლონეთის მოძრაობის წამყვანი ფიგურა გახდა. იქვე სტანისლავმა რომანი გააბა საკუთარი მეგობრის მეუღლესთან და დაგნი მიატოვა. ამასთანავე, ის ხელს უწყობდა მეუღლის ურთიერთობას პოლონელ მწერალ ჰენრიკ სენკევიჩთან და ვლადისლავ ემერიკთან.[2][3] ეს უკანასკნელი იყო ახალგაზრდა პოლონელი, რომლის მამა საქართველოში, ჭიათურაში მანგანუმის საბადოს ფლობდა.[4]
მკვლელობა
რედაქტირება1901 წელს ემერიკმა ფშიბიშევსკი და დაგნი საქართველოში დაპატიჟა. სტანისლავმა წასვლა გადაიფიქრა, დაგნი კი 6 წლის ვაჟიშვილთან — ზენონთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და სასტუმრო „გრანდ ოტელში“ (ამჟამად საცხოვრებელი სახლი, გიორგი ათონელის ქუჩა №29/ხიდის ქუჩა №1) დაბინავდა. 1901 წლის 5 ივნისს სასტუმროს ნომერში, ბურუსით მოცულ ვითარებაში თავში ერთი გასროლით ემერიკმა დაგნი მოკლა და მეორე დღეს თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მკვლელმა 3 წერილი დატოვა. პირველ წერილში, რომელიც თავის თბილისელ მეგობარს დაუტოვა „გრანდ ოტელში“, ემერიკი დაგნის ზენონის მიხედვას და ბავშვის მამასთან დაკავშირებას ითხოვდა. მეორე წერილი დახურულ კონვერტში იდო. კონვერტზე ეწერა, რომ წერილი უნდა გადაეცათ ზენონისთვის, როცა 24 წლის გახდებოდა: „გაყენებ საშინელ, განუზომელ ბოროტებას. იქნებ ამან ცხოვრება დაგინგრიოს, მაგრამ... სხვანაირად არ შემეძლო...“ მესამე წერილი ემერიკმა დაგნის ქმარს დაუწერა: „მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა. მან ყველაფერი იცოდა...“ მკვლელობის მოტივი დღემდე გაურკვეველია. არსებობს ეჭვი, რომ ემერიკმა დაგნი ფშიბიშევსკისთან შეთანხმებით მოკლა. სხვა ვერსიით, ემერიკი ეჭვიანობის ნიადაგზე ან ფინანსური პრობლემების გამო ემოციურად არამდგრადი გამხდარიყო.[4][2] დაგნი იუელი თბილისის რომაულ-კათოლიკურ სასაფლაოზე დაკრძალეს, 1999 წლის 20 მაისს კი კუკიის სასაფლაოს ცენტრალურ შესასვლელთან, წმინდა ნინოს ეკლესიის ეზოში მდებარე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.[4]
დაგნი იუელის სამწერლობო მემკვიდრეობა მხოლოდ 1960-იან წლებში შეაფასეს სათანადოდ. მას შემდეგ დაგნის შესახებ მრავალი სტატია და ბიოგრაფიული წიგნი გამოიცა. მისი მკვლელობის ამბავი არაერთ ქართულ თუ უცხოურ მოთხრობას, რომანსა, პიესას და ფილმს დაედო საფუძვლად.[4] მათ შორისაა ზურაბ ქარუმიძის 2011 წლის ინგლისურენოვანი რომანი „დაგნი, ანუ სიყვარულის ნადიმი“ (Dagny, or a Love Feast).[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Norsk biografisk leksikon — Kunnskapsforlaget. — ISSN 2464-1502
- ↑ 2.0 2.1 2.2 Morgan, Barbara. Przybyszewska, Dagny Juel (1867–1901), Women in World History: A Biographical Encyclopedia. ნანახია 23 თებერვალი, 2020.
- ↑ Dagny Juel, Women's museum Norway. ნანახია 23 თებერვალი, 2020.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 ლონდონი და გრანდ-ოტელი | კნუტ ჰამსუნისა და დაგნი იუელის ამბავი, «ვანგოგენი». ნანახია 23 თებერვალი, 2020.
- ↑ ზურაბ ქარუმიძის რომანი გერმანიის რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის საუკეთესო სამეულშია, «ლიბერალი», 31 იანვარი 2018. ნანახია 23 თებერვალი, 2020.
ლიტერატურა
რედაქტირება- Norseng, Mary Kay. Dagny: Dagny Juel Przybyszewska: The Woman and the Myth. Seattle, WA: University of Washington Press, 1991.