გურგინა ენაკოლოფაშვილი

გურგინა ენაკოლოფაშვილიერეკლე II-ის საგანგებო ელჩი ოსმალეთში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მისი მამა მკვიდრი თბილისელი იყო; „ოსმალობისას“ თბილისიდან აიყარა და ყარაბაღში გადასახლდა; მშობლების გარდაცველების შემდეგ მან და მისმა ძმებმა იმოგზაურეს სპარსეთში, შეისწავლეს მრავალი ენა და სპარსულ საკრავებზე დაკვრა; თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მან სამსახური დაიწყო მეფე ერეკლეს ვაჟთან — გიორგისთან, რომელმაც მას მირზიბა უბოძა; შემდგომ მირზობა და ვეზირობა უბოძა მეფე ერეკლემაც. ომან ხერხეულიძის ცნობით, იგი „სპარსულისა და თათრულისა და არაბულისა მთარგმნელი და მწერალი იყო ესე მრავალსა ენასა ზედა განსწავლული და ფრიად ჭკვიანი კაცი სწავლული და ერთგული მეფისა და რიტორი და სიტყვიერი კაცი“.

1776 წლის ზაფხულში ერეკლე II-ის დავალებით ენაკოლოფაშვილი ახალციხის ფაშასა და სოლომონ I-ის წარმომადგენლებთან ერთად სტამბოლში ჩავიდა; იგი არამარტო ერეკლე II-ის, არამედ ამიერკავკასიის ხანების სახელითაც მართავდა მოლაპარაკებას ოსმალეთთან; ამ ელჩობის მიზანი იყო ოსმალეთის მფარველობის აღიარებით სამცხე-საათაბაგოს დაბრუნება; ოსმალეთს ერეკლეს თხოვნა ხელს აძლევდა, რამდენათაც მას რუსეთისაკენ მიმავალი პოლიტიკური გზების ჩაკეტვა სურდა; ამავე დროს ეს ალიანსი გულისხმობდა ერეკლეს ანტიირანულ კურსსაც, დროებით მაინც; სტამბოლში მყოფი რუსი ელჩის სტაციევის ცნობით, „ერეკლესა და ოსმალეთის სულთანს შორის სამეგობრო და საკავშირო ტრაქტატი დაიდო“, რომლის შედეგად შეწყდა მარბიელი თავდასხმები აღმოსავლეთ საქართველოზე, გაათავისუფლეს ახალციხიდან გატაცებული ქართველი ტყვეები და ქართლ-კახეთის ასაოხრებლად გამზადებული ლაშქარიც დაშალეს; 1778 წელს ამ შეთანხმებამ ოფიციალური ხასიათი მიიღო, რის შემდეგაც გურგინა ოსმალეთიდან დაბრუნდა და სულთნის მიერ ერეკლესათვის გამოგზავნილი ძვირფასი საჩუქრებიც ჩამოიტანა; მალე აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ძალთა თანაფარდობა შეიცვალა და ეს განზრახვაც ჩაიშალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საითიძე გ., სვანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 669.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება