ომან ხერხეულიძე
ომან ხერხეულიძე (XVIII ს.-ის II ნახევარი) – ერეკლე II-ის კარის ისტორიკოსი, მდივანბეგი, ავტორი თხზულებისა – „მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა“.
ომან ხერხეულიძე ქართლ-კახეთის მსხვილი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. მისი ბიოგრაფია თითქმის სრულიად უცნობია. იგი მოესწრო აღა-მაჰმად-ხანის შემოსევას 1795 წელს, აგრეთვე ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთებასაც. ომან ხერხეულიძე XIX საუკუნის დამდეგს რუს ხელისუფალთა მიერ შედგენილ მდივანბეგთა სიაშიც არის მოხსენებული. მისი ისტორიული თხზულება „მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა“, რომელიც ქრონოლოგიურად 1722-1782 წლებით შემოიფარგლება, 1795 წელს უნდა იყოს შექმნილი და გადმოგვცემს უმთავრესად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფაქტებსა და მოვლენებს. თხზულება, ძირითადად, მისდევს მის თანამედროვე ისტორიკოსთა, სეხნია ჩხეიძისა და პაპუნა ორბელიანის ნაშრომებს.
ომან ხერხეულიძე თავის თხზულებაში განსაკუთრებით დაწვრილებით და მკითხველისათვის საყურადღებოდ წარმოადგენს ერეკლე II-ის მოღვაწეობის ორ ძირითად მომენტს: ჯერ ერთი როგორი შრომით მიიღო მან ქართლის მეფობა და მეორე – როგორ მოახერხა ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანება. ერეკლე II-ის მოღვაწეობის აღწერა ისტორიკოსს მეფის სიცოცხლის ბოლო პერიოდამდე არ აქვს მიყვანილი. თხრობას იგი 1780 წლის შემდგომი რამდენიმე წლის ამბების გადმოცემით ამთავრებს. ამის მიზეზად ომან ხერხეულიძე შემდეგ გარემოებას ასახელებს:
ისტორიკოსს თავის თხზულებაში ქართლის მხოლოდ 60 წლის ისტორია (1722-1780 წწ.) 25 გვერდზე აქვს გადმოცემული. როგორც ივ. ჯავახიშვილი შენიშნავს, ომან ხერხეულიძეც გრძნობდა, რომ 60 წლის ისტორიის აღსაწერად 25 გვერდი საკმაოდ მცირე იყო და ამიტომაც თავის ნაწარმოებს „შემოკლებული ისტორია“ უწოდა. მისივე მითითებით, ისტორიკოსს ერეკლე II მოღვაწეობა „სმენითა და მეხსიერებითა კაცთაგან ცნობითა აღვსწერეო“.
როგორც ირკვევა, ომან ხერხეულიძეს სეხნია ჩხეიძისა და პაპუნა ორბელიანის ნაწარმოებებით უსარგებლია. მას ერეკლე მეფის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი ყველა ცნობის თავის თხზულებაში შეტანა საჭიროდ არ მიუჩნევია. იგი პირდაპირ აცხადებს:
„ესევითარნი გამარჯვებანი ირაკლი მეფისაგან უანგარიშონი არიან ამათ ყოველივე ვერ მოვიხსენეთ, არამედ იგი აღვრიცხეთ, რომელიც ღირსად ხსოვნისა იყო და სხვანი მრავალნი გამარჯვებაები დავიდუმეთ.“
|
ომან ხერხეულიძის ნაშრომი გამოირჩევა ქრონოლოგიის სიუხვით. ისიც აღსანიშნავია, რომ თარიღები, თითო-ოროლას გამოკლებით, ქორონიკონით კი არ არის მითითებული, არამედ აღნიშვნით – „შობითგან ქრისტესით“.
ომან ხერხეულიძე თხზულების სათაურშივე აღნიშნავს, რომ იგი წერს ერეკლე მეფის ისტორიას. ისტორიკოსი ერეკლე II-ის მხოლოდ დადებით თვისებებს ჩამოთვლის: მამაცობას, ქვეყნისათვის თავდადებას, რჯულის ერთგულებას. როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, ირანში ყოფნისას, როდესაც ნადირ-შაჰმა მას გამაჰმადიანება მოსთხოვა, ერეკლემ „წლითა და დღითა ყრმამან, ხოლო გონებითა ბრძენმან, უპასუხა:
„ჩემი სიკვდილი შესაძლებელ არს და სულისა ვერვის ძალ-უძსო და არც მე გავმაჰმადიანდები.“
|
განსაკუთრებით აღფრთოვანებით ლაპარაკობს ისტორიკოსი ერეკლე მეფის სიმამაცეზე:
მართალია, ომან ხერხეულიძის თხზულება „მეფობა ირაკლი მეორისა, მეფისა თეიმურაზის ძისა“ პირველხარისხოვან საისტორიო წყაროდ (როგორიც, მაგალითად, პაპუნა ორბელიანის ნაშრომია) ვერ ჩაითვლება, მაგრამ მაინც მას ერეკლე II-ის მოღვაწეობის შესასწავლად გარკვეული მნიშვნელობა აქვს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა, ქართლის ცხოვრება, ნაწ. II, დ. ჩუბინაშვილის გამოცემა, სპბ, 1854
- ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ლ. მიქიაშვილმა. თბილისი, 1989
- საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა. თბილისი, 1913
- ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ. VIII. თბილისი, 1977
- შ. ხანთაძე, ქართული ისტორიოგრაფია XVIII საუკუნეში, თბილისი, 1985.