გურამ სოსელია

ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გურამ სოსელია (დ. 4 აგვისტო, 1935, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.

გურამ სოსელია
დაბ. თარიღი 4 აგვისტო, 1935(1935-08-04) (89 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი და პედაგოგი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

1958-1963 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „საქტყემრეწველპროექტში“ საგზაო ტოპოგრაფიული განყოფილების ინჟინრად. 1963-1972 წლებში იყო მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1972-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1965-1973 წლებში პარალელურად, შეთავსებით კითხულობდა ლექციებს თბილისის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში „მასალათა გამძლეობის“ კურსის პროგრამით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1977 წელს. 1974-1999 წლებში შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თვითმფრინავმშენებლობის ფაკულტეტზე (შემდგომ საავიაციო ინსტიტუტი), მიჰყავდა საგანი „საფრენი აპარატების სიმტკიცე და საიმედობა“, პედაგოგ-დოცენტის სტატუსით. 1982-2006 წლებში იყო სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული აქვს 23 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხებოდა კომპოზიტური მასალების მექანიკური მახასიათებლების კვლევას სტატიკური და დინამიკური ზემოქმედებისას, სტატისტიკურ ასპექტში, რაც გულისხმობს სიმტკიცისა და ხანგამძლეობის ფუნქციათა კვლევას. 1971-1987 წლებში ხელმძღვანელობდა სახელშეკრულებო თემებს, საავიაციო მრეწველობაში კონსტრუქციული კომპოზიტური მასალების დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტსა და მოსკოვის საავიაციო მასალებისა და მანაქანათმშენებლობის ინსტიტუტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 1989-1991 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქველმოქმედო სამშენებლო რაზმ „აკადემიის“ კოორდინატორი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია აჭარის სტიქიით დაზარალებულ და საჩხერის რაიონის მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას. ასევე იყო საქველმოქმედო საზოგადოება „სამცხე-ჯავახეთის“ თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საზოგადოება „მემორიალის“ გამგეობის წევრი და თავმჯდომარე (1992-2018 წლები). მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 233-234

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურამ_სოსელია“-დან