გურამ რამიშვილი
გურამ რამიშვილი (დ. 1932, თბილისი — გ. 1998) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი, გერმანისტი, ჰუმბოლდტოლოგი, თბილისის გერმანული სკოლის დამფუძნებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
გურამ რამიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1932 |
გარდ. თარიღი | 1998 |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი, გერმანისტი, დოქტორი და პროფესორი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება. 1958 წელს — ასპირანტურა გიორგი ახვლედიანის ხელმძღვანელობით.
1973 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრას. 1973 წელს გახდა ჰუმბოლდტის სახელობის ფონდის პირველი ქართველი სტიპენდიატი და 1974 წლამდე მუშაობდა ბონის უნივერსიტეტში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა). 1990-1995 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი. მისი მეცნიერული კვლევის მთავარი მიმართულება იყო ენის ფილოსოფია, ჰუმბოლდტოლოგია, სემანტიკის თეორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მათ შორის ოთხი წიგნი. მისი რედაქციით, წინასიტყვაობითა და კომენტარებით დაიბეჭდა ვ. ფონ ჰუმბოლდტის თხზულების რუსული თარგმანი. გურამ რამიშვილმა შემოიკრიბა კვალიფიცირებული ახალგაზრდები, რომლებიც არაავტორიტარული პრინციპებით მოქმედ სკოლაზე ოცნებობდნენ. 1982 წელს მან დააფუძნა ახალი სკოლა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ეგრეთ წოდებულ „გერმანული სკოლების ქსელად“ გადაიქცა. ამ სკოლებში გერმანული და სხვა უცხო ენების გაღრმავებული სწავლება უპირველეს ყოვლისა დედა ენის ქართულის სრული სისავსით აღქმასთან და ათვისებასთან არის კოორდინირებული. მიღებული აქვს 1989 წელს ძმები გრიმების სახელობის გერმანიის სახელმწიფო პრემია, გერმანელი ენათმეცნიერის ლეო ვაისგერბერის სახელობის მედალი თვით ლ. ვაისგერბერის რეკომენდაციით (ბონის უნივერსიტეტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა).
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ჰუმბოლდტის ენის თეორიის ზოგი საკითხი“, დაიცვა 1960 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ენის შინაფორმის პრობლემა თანამედროვე ლინგვისტიკაში“, დაიცვა 1970 წელს (იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნუვერსიტეტი).
ჯილდოები
რედაქტირება- 1998 — ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- დედაენის თეორია: დედაენა, მისი ფუნქციები და მისი სწავლება, თბ., ქრონოგრაფი, 2002, გვ. 188 ISBN 9992883057
- შესავალი ენის ანთროპოლოგიაში = Einleitung in die Sprachanthropoligie: ნაკვ. 1, ფერდინანდ დე სოსიური, თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996, გვ. 84
- ენათა შინაარსობრივი სხვაობა ენათმეცნიერებისა და კულტურის თეორიის თვალსაზრისით, თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1995, გვ. 200
- ენის ენერგეტული თეორიის საკითხები, თბ., განათლება, 1978, გვ. 230
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი, ბათუმი, 2004, გვ. 144
- წიგნი ღირსებისა: ტ. 3, თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2001, გვ. 220