გუნიაყალას წარწერა

გუნიაყალას წარწერა — ხელის გამოსახულებიანი სტელა (ჴელი), სამეფო მიწათმფლობელობის დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი. აღმოჩენილია ისტორიულ თრიალეთში (სოფელი გუნიაყალა, ახლანდ. სამება, წალკის მუნიციპალიტეტი) 1936 წელს ეთნოგრაფიული ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი — გიორგი ჩიტაია). დაცულია თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ექსპონატი წარმოადგენს მოვარდისფრო ქვის ოთხკუთხად გათლილ სტელას ზომით 133 სმ × 80 სმ × 20 სმ. მის ზედაპირზე, შუა ნაწილში, გამოსახულია დაბალი რელიეფით შესრულებული გაშლილი ხელი (მეფის ძალაუფლების მატერიალური ნიშანი) და სამეფო ნიშანი. ორივე დეტალი ჩასმულია თაღოვან ლილვისებურ ჩარჩოში. მის მარცხნივ და მარჯვნივ ამოკვეთილია 10-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა:

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაჲთა, ბრძანებითა ღმრთის სწორთა თამარისა და გიორგისითა, ჭყონდიდელის, ზაქარია, შალვა, ოვსიყმა, ვაჩესითა, ჯალაბაჲს მოჭირვებითა, სანობაჲს ძისა ინაჲსა ველითა დაჲსუა ჴელი ესე ღმრთისა სწორთა მეფეთ მეფისა გიორგისი.“

სტრიქონები გადადის ჩარჩოს ერთი გვერდიდან მეორეზე. წარწერას, ხელისა და სამეფო ნიშნის გამოსახულებას, თავის მხრივ, შემოუყვება შეწყვილებული ლილვის ჩარჩო. წარწერის ფართობი: მარცხენა მხარეზე — 43,5 სმ × 11,5 სმ; მარჯვენა მხარეზე — 40 სმ × 9,6 სმ; გრაფემების სიმაღლე — 2,5–3 სმ; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. ქარაგმის ნიშნად ნახმარია კლაკნილი, კიდურწერტილოვანი განივი ხაზი. დამწერლობა კიდურწერტილოვანია, თარიღდება შინაარსისა და პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით. წარწერაში მოხსენიებული არიან თამარ მეფე და მისი ძე გიორგი IV (ლაშა-გიორგი). ამ უკანასკნელის მეფედ იხსენიება მიუთითებს, რომ წარწერა შესრულებულია თამარისა და გიორგის თანამოსაყდრეობის პერიოდში. თამარისა და გიორგის შემდეგ იერარქიული თანმიმდევრობით დასახელებული არიან სამეფოს უმაღლესი მოხელეები: 1. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (სახელის გარეშე); 2. ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი; 3. მანდატურთუხუცესი შალვა ახალციხელი; 4. მეჭურჭლეთუხუცესი ოვსიყმა; 5. მსახურთუხუცესი ვაჩე. ბოლოს, წარწერაში მოხსენიებული არიან ძეგლის დადგმის მოთავე ჯალაბა და ოსტატი სანობას ძე ინა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ოთხმეზური გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 211.
  • ბარდაველიძე ვ., ჩიტაია გ., ქართული ხალხური ორნამენტი, I. ხევსურული, თბ., 1939;
  • ბაქრაძე ა., XIII საუკუნის წარწერა გუნია-ყალადან, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1953, ტ.17;
  • მუსხელიშვილი ლ., თორელთა გენეალოგიის გარკვევის ცდა ჰამამლუს XII საუკუნის წარწერებთან დაკავშირებით, იქვე, 1940, ტ. 10;
  • ოთხმეზური გ., XII–XIII სს-ის მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1981;
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, შედგ. ა. ბაქრაძისა და ს. ბოლქვაძის მიერ, თბ., 1953;
  • ცისკარიშვილი ვ., ჯავახეთის ეპიგრაფიკა, თბ., 1959;
  • Меликсет-Бек Л., Рельефы руки на памятниках материальной культуры феодальной Грузии, «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1957, ტ. 9;