გუდავის წმინდა ბარბარეს ეკლესია

გუდავის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდავაში. მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ოქუმის მარცხენა ნაპირას, გალის ცენტრიდან 12 კმ-ის დაშორებით. ეკლესია აგებულია VI-VII საუკუნეებში.

ისტორიული სოფელი გუდავა მოიცავდა ახლანდელი სოფლების: პირველი გუდავის, მეორე გუდავისა და საკუთრივ გუდავის ტერიტორიებს. არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, გუდავის ადგილზე ადამიანს, ჯერ კიდევ, ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულში უცხოვრია. გვიან ანტიკურ ხანაში და ადრე შუა საუკუნეებში გუდავა ქალაქის ტიპის დასახლება იყო გარშემორტყმული ციხით და ცნობლი იყო ზიგანისის ანუ ზეგანის სახელწოდებით. გუდავის ციხე იმ ციხე-სიმაგრეთა სისტემაში შედიოდა, რომლებიც რომის იმპერიის მცირეაზიული პროვინციების მისადგომებს იცავდა. ძველ ბერძნულ და ბიზანტიური ეპოქის წყაროებში დასახელებული ზიგანისის ციხე, მკვლევართა აზრით, უნდა იყოს გუდავის ციხე. აქ IV-V საუკუნეების მიჯნაზე რომაელთა კოჰორტა იდგა. VII-X საუკუნეებში ლაზიკის ოთხი საეპისკოპოსო კათედრიდან ერთ-ერთი გუდავაში იყო. ცნობილია, რომ X საუკუნის 70-იან წლებში გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა მოშალა გუდავის საეპისკოპოსო და მის საპირწონედ შექმნა ახალი კათედრა ბედიაში: „აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაჳსა საეპისკოპოსო“. გუდავა კონსტანტინოპოლის ეკლესიის მნიშვნელოვანი დასაყრდენი იყო დასავლეთ საქართველოში და გუდავის საეპისკოპოსოს მოშლა ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის გაძლიერებისა და საერთო ქართული საეკლესიო პოლიტიკის შექმნის აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ამის შემდეგ გუდავა, როგორც მსხვილი საეკლესიო ცენტრი, წყაროებში აღარ იხსენიება. არქანჯელო ლამბერტის 1654 წლის რუკაზე დაფიქსირებულია „გუდა“.

გუდავაში ციხისა და სხვა ისტორიული ნანგრევების არსებობა არ გამორიცხავს, სხვადასხვა ეპოქაში, რამდენიმე ეკლესიის მშენებლობას. დღემდე შემორჩენილი ისტორიული ნაშთი დარბაზული ტიპის ეკლესიას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ეპოქის რესტავრაციების კვალს ატარებს. დარბაზული ტიპის ეკლესიები, ქართული საკლესიო ხუროთმოძღვრებისთვის მთელი შუა საუკუნეების მანძილზე იყო დამახასიათებელი. ამიტომ ისტორიული წყაროების გათვალისწინებით, გუდავის ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობის ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი VI-VIII სს. უნდა იყოს, ხოლო მისი რესტავრაცია XV, ან XVI საუკუნეში დაკავშირებულია ადგილობრივი ფეოდალის რაბაჲსა და მისი მეუღლის ნუგამწირას სახელებთან, რომლებიც დასახელებულია ეკლესიის საამშენებლო ქტიტორულ წარწერაში.

გუდავის ეკლესიის წარწერები

რედაქტირება

გუდავის ეკლესიის ეზოში ნაპოვნია ქვის ფართო ფილა, რომელიც ადგილობრივთა გადმოცემით, ჩაშენებული ყოფილა ეკლესიის სამხრეთ კედელში. ფილა ორ ნაწილად არის გაყოფილი და ჩასმულია ორნამენტირებულ ჩარჩოში. ამჟამად ფილა ინახება ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდში. ქვის ფილა მთლიანად ორნამენტირებულ ჩარჩოშია ჩასმული, რომელიც გრძელდება ფილის მარცხენა მხარესაც, სადაც იმავე ზომის ჩარჩო იყო ჯვრის გამოსახულებით. მისი ჰორიზონტალური მარჯვენა მკლავი ქვაზე ახლაც შეინიშნება. ზოგადად, ფილა სამი ნაწილისგან შედგება და თითოეულ ნაწილს ახლავს წარწერები.

პირველ ნაწილში, სადაც გამოსახული ყოფილა ჯვარი, სუსტად იკითხება:

 
„ჯ(უარ)ჲ ქ(რისტე)სი“

ჯვრის ქვედა მკლავის მარცხენა მხარეს ამოკვეთილია წარწერა:

 
„[სუ]ლი დეკ(ანოზისა) შ(ეიწყალე)ნ ღ(მერთმა)ნ.“

ფილის დამუშავებული ზედაპირის ცენტრში მოთავსებულია ოთხსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელსაც სამმაგი წიწვოვანორნამეტიანი ჩარჩო აქვს გარშემორტყმული. ქვის ზედა მარჯვენა კუთხის მოტეხვის გამო ფილა და წარწერის რამდენიმე გრაფემა დაზიანებულია:

 
„სულსა რაბ[(ა)ჲს] შ(ეუ)ნდ(ვნე)ს ღ(მერთმა)ნ და მეუ[(ღლეს)ა მისა ნუგამწირას შ(ეუ)ნდ (ვნე)ს ღ(მერთმა)ნ.“

ჩვეულებრივ, ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებში, ეკლესიის ფასადებზე მსხვილ საერო, ან სასულიერო პირთა მოსახსენებლებს, მშენებელ ოსტატთა ან კარის შემბმელთა ქტიტორულ წარწერებს კვეთდნენ, შესაბამისად წარწერის ტექსტებში დასახელებული რაბაჲ, ნუგამწირა და დეკანოზი ადგილობრივი წარჩინებული ფეოდალური სახლის წევრები და სასულიერო პირები არიან, რომლებიც გუდავის ეკლესიის რესტავრაციისას საკუთარ სახელს უკვდავყოფენ. წარწერაში დაფისქირებული ქალის სახელი „ნუგამწირა“ ტიპური და დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოს ონომასტიკისათვის. წარწერა XV საუკუნით არის დათარიღებული, რაც ადასტურებს გუდავის დარბაზული ტიპის ეკლსიის რესტავრაციას XV-XVI საუკუნეებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზაქარაია პ., ლექვინაძე ვ., ჭაქვინჯისა და გუდავის 1968-1969 წწ. ექსპედიციის წინასწარი ანგარიში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები II. თბ., 1971
  • ცისკარიშვილი ვ., ექვსი უცნობი წარწერა, „მაცნე“ ისტორიის.... სერია N2. 1980
  • Ахаладзе Л. В., Эпиграфичекие памятники Абхазии. Разыскания по истории Абха-зии/¬Грузия, Тб., 1999
  • სილოგავა, ვ., სამეგრელო აფხაზეთის ეპიგრაფიკა, თბ., 2004
  • ახალაძე ლ., ისტორიული სამურზაყანის წარწერები: გუდავის ეკლესიის წარწერები, აფხაზეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, ლაპიდარული წარწერები I. თბ, 2005
  • ახალაძე ლ., აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები, აფხაზეთის ისტორიის საკითხები, თბ., 2018
  • ახალაძე ლ., თანამედროვე აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბ., 2010

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება