გრენაჟი (ფრანგ. grainage < graine — გრენი) — თუთისა და მუხის აბრეშუმხვევიას პეპლებისაგან სიცოცხლისუნარიანი, ჯანსაღი გრენის (კვერცხის) მიღება სპეციალურ საწარმოებში — მეაბრეშუმეობის სანაშენე სადგურებსა და საგრენაჟო ქარხნებში. გრანაჟის ძირითადი დანიშნულებაა აბრეშუმხვევიების დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა. დაავადება ვრცელდება დასენიანებული (უმთავრესად პებრინიანი) გრენით.[1]

სანაშენე სადგურებში ან საგრენაჟო ქარხნების სანაშენე საამქროებში სუფთა ჯიშებისაგან იღებენ ელიტურ და სუპერელიტურ გრენს აბრეშუმხვევიების მისაღებად. ამ უკანასკნელებისგან საგრენაჟე ქარხნებში აწარმოებენ სანაშენე და სამრეწველო ჰიბრიდულ გრენს იმ მეურნეობებისათვის, რომლებიც აწარმოებენ აბრეშუმის პარკებს. გრენაჟი მოიცავს შემდეგს: ელიტური გრენიდან მიღებული მუხლუხების გამოკვება შემდგომში აბრეშუმის პარკის მისაღებად; სანაშენე პარკებისა და პეპლების გადარჩევა; პეპლების მიკროანალიზის შედეგების მიხედვით ჯანმრთელი კვერცხების გადარჩევა; გრენის წარმოება და მისი შენახვა. სანაშენე გრენს აწარმოებენ ე.წ. ცელულარული გზით, რომლის პრინციპი XIX საუკუნის ბოლოს შეიმუშავა ლუი პასტერმა. ამ მეთოდით შემოთავაზებულია პეპლების იზოლაცია, არაერთჯერადი ანალიზი და ბუდეების წუნდება, რაც უზრუნველყოფს ისეთი ისეთი გრენის მიღებას, რომელიც პებრინით არ არის დაავადებული. სამრეწველო გრენის მისაღებად, განსაკუთრებით იქ, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში პებრინით დაავადება არ შეინიშებოდა, იყენებენ უპირატესად სამრეწველო მეთოდს, რომელიც ბევრად უბრალო და იაფია: გრენის გასამართად პეპლებს ათავსებენ ქსოვილის ტანზე (600–800 ცალს) და დადების შემდეგ ყრიან. თუთის აბრეშუმხვევიას გრენს რეცხავენ, დეზინფექციას უტარებენ, აფასოებენ პერგამენტის პაკეტებში და 90–100 დღის განმავლობაში ინახავენ 2–4 °C ტემპერატურის პირობებში (ვადა აუცილებელია ზამთრის სიმშვიდის სტადიის გასავლელად). მუხის აბრეშუმხვევია იზამთრებს ჭუპრის სტადიაში, ამიტომ მის გრენს ამზადებენ გაზაფხულზე.[2]

გრენაჟი ყოფილ სსრკ-სა და საქართველოს სსრ-ში

რედაქტირება

სსრკ-ში მეაბრეშუმეობის სადგურები ამრავლებდნენ წმინდა ჯიშის თუთის აბრეშუმხვევიას გრენს და გადასცემდნენ მეაბრეშუმეობის სანაშენე მეურნეობებს. იქ ჭიებს კვებავდნენ და საგრენაჟო ქონებისათვის ამზადებდნენ ხალასი ჯიშის ელიტურ გრენს. საგრენაჟო ქარხანაზე მიმაგრებულ მეაბრეშუმეობის სანაშენე მეურნეობებში კვებავდნენ სხვადასხვა კატეგორიის ელიტური ან სანაშენე გრენიდან გამოსულ ჭიებს. სანაშენე მეურნეობები არჩევდნენ მაღალი ხარისხის პარკს, წინასწარ ამოწმებენ მიკროსკოპულად, რომ პებრინით არ ყოფილიყო დაავადებული, და ისე აბარებდნენ საგრენაჟო ქარხნებს. პეპლის გამოსაჩეკად და გრენის მისაღებად აბრეშუმის ნედლეულის წარმოებისათვის საგრენაჟო ქარხანა ამზადებდა სამრეწველო ჰიბრიდულ გრენს. სსრკ საგრენაჟო წარმოების განვითარებული ქვეყანა იყო: 39 სატრენაჟო ქარხანა და მეაბრეშუმეობის 7 სანაშენე სადგური იყო შუა აზიაში, ამიერკავკასიაში, რსფსრ-ში, უკრაინასა და მოლდავეთში (1977). საქართველოს სსრ-ში 6 საგრენაჟო ქარხანა და 2 საჯიშე-სასელექციო სადგური მდებარეობდა.[1]

  1. 1.0 1.1 ღვინეფაძე შ., გრენაჟი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 262.
  2. Богословский В. В. Гренаж // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 676–677.