თუთის აბრეშუმხვევია

თუთის აბრეშუმხვევია, აბრეშუმის პეპელა[1] (ლათ. Bombyx mori) — პეპელა ნამდვილი აბრეშუმხვევების (Bombycidae) ოჯახისა. განვითარების ფაზებია: კვერცხი (გრენა), ჭია (მუხლუხი, მატლი), ჭუპრი, პეპელა.

თუთის აბრეშუმხვევია

გრენის ფაზაში ჩანასახი ვითარდება. არამოზამთრე გრენა იმავე წელიწადს გვაძლევს ჭიას, ხოლო მოზამთრე — დიაპაუზის გავლის შემდეგ მომავალ წელიწადს. გრენიდან გამოსული ჭია მაშინვე იწყებს ჭამას, იზრდება და აგროვებს საკვებს მომდევნო ფაზებისათვის და აბრეშუმის პარკის გასაკეთებლად. 25–30 დღეს ცოცხლობს. ამ პერიოდში 4-ჯერ იცვლის კანს და 5 სხვადასხვა ასაკს გადის. იკვებება თუთის ფოთლით. ერთი ჭია სიცოცხლეში 20–25 გ ფოთოლს ჭამს. თუთის აბრეშუმხვევიას სხეული წაგრძელებულია, თითქმის ცილინდრული ფორმა აქვს, შეიცავს სეგმენტებს და შედგება თავის, მკერდისა და მუცლისაგან. მე-5 ასაკში ჭიის სქესის გარკვევა ადვილია: დედალს მუცლის ქვედა მხარეს, მერვე და მეცხრე სეგმენტზე, აქვს ოთხი პატარა ლაქა შუაში წერტილებით, რომლებსაც იშივატის დიკოები ეწოდება. ჭია საძაფე (აბრეშუმგამომყოფი) ჯირკვლებიდან პირველივე ასაკიდან გამოყოფს აბრეშუმის ძაფს, ხოლო მე-5 ასაკში ჯირკვლები ინტენსიურად ეზრდება და სხეულის საერთო მასის 40%-ს აღწევს. ამის შემდეგ ჭია წყვეტს კვებას, ადის ცახზე და ახვევს პარკს. ეს პროცესი 3 დღეს გრძელდება.

პარკში ჭია ჭუპრად იქცევა. ეს მეტამორფოზის ფაზაა. ჭუპრს თითისტარისებრი ფორმა აქვს, ჯერ ყვითელია, შემდეგ — მუქი ყავისფერი, 10–15 დღეს ცოცხლობს. მისგან გამოსული პეპელა ზრდასრული ფაზაა. პეპლის ფუნქციაა გამრავლება, ფრენის უნარი მას დაკარგული აქვს. მამალი უფრო აქტიურად მოძრაობს. პეპელა უმთავრესად მოთეთროა, მისი სხეული მთლიანად დაფარულია ქერცლით. დედალი პეპელა 500–700 გრენს დებს და 10–15 დღეს ცოცხლობს.

თუთის აბრეშუმხვევიას ჯიშები განსხვავდებიან წარმოშობის ადგილის მიხედვით, ჭიის ფაზების ხანგრძლივობით, გრენის ზომით, შეფერილობით, პარკის სიდიდით, წონით, ფორმით, ფერით, მარცვლოვნებით და სხვა. გეოგრაფიული წარმომავლობის მიხედვით არის თუთის აბრეშუმხვევიას იაპონური, ჩინური, ევროპული, მცირეაზიური, კავკასიური და სხვა ჯიშები.

ვოლტინურობის მიხედვით — მონოვოლტინური (იძლევა 1 თაობას), ბოვოლტინური (იძლევა 2 თაობას) და პოლივოლტინური (იძლევა რამდენიმე თაობას). საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია ადგილობრივი გამოყვანილი თეთრპარკიანი ჯიშები: „იმერული“, „კახური“, „თბილნიიშ-3“, „ქართლი“, „თბილისური“, „ჩინებული“, „ივერია“ და ძირითადად მათი ჰიბრიდები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგელია, ე., სანაძე, ნ., ღვინეფაძე, შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 6.
  1. გოგინაშვილი ნ., დიდმანიძე ე., კერესელიძე მ. და სხვ., მოკლე ენტომოლოგიური ორენოვანი ნომენკლატურული ლექსიკონი : ლათინურ-ქართული, ქართულ-ლათინური, თბ.: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 27.