გრატა[1][2] (ლათ. Emberiza) — მცირე ზომის ფრინველთა გვარი გრატასებრთა ოჯახისა.

გრატა

მთის გრატა (Emberiza cia)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Emberiza (Linnaeus, 1758)
სინონიმები

მათი სხეულის სიგრძეა 12–18 სმ. შეხედულებითა და აგებულებით ბეღურებსა და მთიულებს ჰგვანან, თუმცა მათგან შედარებით მცირე და კონუსის ფორმის ნისკარტით განსხვავდებიან, რომელსაც ძირში „ტეხილი“ ახასიათებს. სახეობების უმრავლესობას სასაზე განვითარებული აქვთ რქოვანი ბორცვი, იყენებენ თესლისთვის ჩენჩოს შემოსაცლელად. კუდი მცირედაა ამოკვეთილი, საჭის ბუმბულის კიდეებზე დიდი თეთრი ლაქები აქვთ (არსებობს გამონაკლისი შემთხვევები). შეფერილობაში შერწყმულია წითურ-ჟანგმიწოვანი, შავი, წაბლისფერი, მურა, რუხი ელფერი; რიგ სახეობებში ვხვდებით ყვითელ ფერსაც. ზრდასრული მამრები საქორწინო მოკაზმულობით, როგორც წესი, დედლებისაგან ბევრად კაშკაშა ფერებითა და შებუმბვლის ნახატებით (კაპიუშონი, ულვაშები, ქუდი, გულისპირი) გამოირჩევიან. შემოდგომით სქესობრივი დიმორფიზმი სუსტადაა გამოხატული, მამლის კაშკაშა ტონები შენიღბულია ახალი შებუმბვლის რუხ-ჟანგმიწოვანი არშიებით. ახალგაზრდა გრატები დედალს ჰგვანან. უმეტესობის გალობა მოკლე და წკრიალა, რაკრაკის გამეორებით. მამლები ჩვეულებრივ ღეროებისა და ბუჩქის წვერებზე, ქვებზე და ნაგებობებზე გალობენ.[3]

იკვებებიან თესლებით (უპირატესად ბალახოვანი მცენარეების), ბუდობის პერიოდში — მწერებით. აქტიურები არიან დღის ნათელ პერიოდში, საკვებს მიწაზე ან მიწისპირა იარუსზე მოიპოვებენ.[3]

ცნობილია 50-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ევრაზიასა (ტროპიკების ჩათვლით) და აფრიკაში; გვხვდებიან ტუნდრიდან ნახევარუდაბნოსა და მთებამდე. როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ ნახევრად ღია მოზაიკურ ლანდშაფტებს — მეჩხერ ტყეს, ტყესტეპს, სავანას.[3]

საქართველოში გვხვდება მეფეტვია, ჩვეულებრივი გრატა, შავთავა გრატა, ბაღის გრატა, მთის გრატა. ისინი მიეკუთვნებიან მობინადრე და მობუდარ გადამფრენ ფორმებს. ლერწმის გრატა აქ მხოლოდ მიმოფრენისას გვხვდება.[4]

ბუდობენ ცალკეულ წყვილებად; ჯამისებურ ბუდეს მიწაზე აკეთებენ, იშვიათად ბუჩქებზე ან დაფარულ ადგილებში. დედალი დებს 5–7 ჭრელნაჭუჭიან კვერცხს, კრუხობს თვითონ, ამ პერიოდში მას მამალი კვებავს, ზოგჯერ მამალიც მონაწილეობს კრუხობაში. ინკუბაცია 8–14 დღე გრძელდება. შემოდგომისთვის ახალი თაობა გუნდებში ერთიანდება. წელიწადში ზოგჯერ ორჯერაც მრავლდებიან. მიგრაციისა და გამოზამთრების დროს გუნდებად არიან, რომელშიც 100-მდე წევრია. არის როგორც გადამფრენი, ისე მომთაბარე სახეობები. ცნობილია ფართო სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაციის შემთხვევები.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 58, 111, 197.
  2. bunting — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Коблик Е. А. ОВСЯНКИ // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 637.
  4. ჟორდანია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 142.