გორის განძი — XV საუკუნის ქართული მონეტების განძი. აღმოაჩინა მოქალაქე მ. ბიძნაშვილმა ქალაქ გორში 1935 წელს შემთხვევით, მიწის სამუშაოების დროს. განძი ჩაფლულია XV საუკუნის ბოლო მეოთხედში. გორის განძი შეიცავს 10 000 ცალ (6 კგ.) ბილონურ მონეტას, XV საუკუნის თურქული აყჩებისა შირვანული თანგების მინაბაძებსა და გაურკვეველი ანეპიგრაფიკულ მონეტებსაც. ერთ-ერთ მონეტაზე გაირკვა თარიღი (ჰიჯრის 886 ანუ 1481 წელი).

გორის განძის წყალობით მეცნიერებისათვის ცნობილი გახდა ქართული ნუმიზმატიკური ძეგლების მანამდე უცნობი ნიმუშები — ქართველ მეფეთა და ცალკეულ ფეოდალთა, კერძდ ალექსანდრე I-ის, ვახტანგ IV-ის, გიორგი VIII-ის, ბაგრატ VI-ის, ყვარყვარესა (1451-1498 წწ.) და კონსტანტინე II-ის მიერ მოჭრილი მონეტები.

მონეტების ნაწილი დაკარგულია. ნაწილი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში და სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟის ნუმიზმატიკურ ფონდში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დუნდუა გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 36.
  • დუნდუა გ., სამონეტო მიმოქცევის საკითხისათვის XV საუკუნის საქართველოში, თბ., 1964
  • კაპანაძე დ., XV საუკუნის ქართული ფულის გორის განძი, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B
  • კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969