ალექსი გორგიძე

ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან გორგიძე, ალექსი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორგიძე.

ალექსი იასონის ძე გორგიძე (დ. 17 მაისი, 1907, ქუთაისი — გ. 17 დეკემბერი, 1992, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. პროფესორი (1961).

ალექსი გორგიძე
დაბ. თარიღი 17 მაისი, 1907(1907-05-17)
დაბ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 17 დეკემბერი, 1992(1992-12-17) (85 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია
გავლენა მოახდინეს

1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1998 წელს მის სახელმძღვანელოებს „თეორიული მექანიკის კურსი“ (წიგნი I და II), მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. მუშაობდა, როგორც ყოფილი საკავშირო უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს თეორიული მექანიკის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და თეორიულ მექანიკაში ამ დარგის კურატორი საქართველოში. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული მათემატიკისა და მექანიკის პრობლემების შემსწავლელი სამეცნიერო-მეთოდური საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ამიერკავკასიის ზონის სამეცნიერო მეთოდური საბჭოს ხელმძღვანელი; საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის გამგეობის წევრი და სხვა.

1960 წელს მიწვეული იყო ინგლისის სამეფო საზოგადოების მექანიკის ინსტიტუტში.

1967 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1907 წლის 17 მაისს ქუთაისში. მან საშუალო განათლება ქუთაისის პირველ სოციალურ-ჰუმანიტარულ ტექნიკუმში მიიღო, რომელიც 1924 წელს დაამთავრა და იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ფიზიკა-მათემატიკის განყოფილებაზე.

1929 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ალექსი გორგიძე ნიკოლოზ მუსხელიშვილის მიწვევით საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე იწყებს მუშაობას. ნიკოლოზ მუსხელიშვილის თაოსნობითა და ხელშეწყობით, მათემატიკოსთა ახალი თაობა, როგორც პერსპექტიული და იმედის მომცემი მკვლევარები.

1930 წლის შემოდგომიდან ასპირანტურის კურსის გასავლელად მოსკოვისა და ლენინგრადის (ახლანდელი პეტერბურგი) სამეცნიერო დაწესებულებებში გაიგზავნენ. ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა ალექსი გორგიძე. მისი ხელმძღვანელები იყვნენ ვ. სმირნოვი და ს. მიხლინი.

1935 წელს ალექსი გორგიძემ წარმატებით დაამთავრა ასპირანტურის კურსი, თბილისში დაბრუნდა და მუშაობა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. შედეგად მუშაობას იწყებს თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში.

ა. გორგიძე ეკუთვნის ახალგაზრდა ქართველ მათემატიკოსთა იმ თაობას (ვიქტორ კუპრაძე, ილია ვეკუა, შალვა მიქელაძე, ევგენი ხარაძე და სხვები), რომელიც XX საუკუნის დასაწყისში, ჯერ კიდევ 20-იანი წლებში მხარში ამოუდგა საქართველოში მათემატიკური განათლების ფუძემდებლებს — ანდრია რაზმაძეს, გიორგი ნიკოლაძეს, ნიკოლოზ მუსხელიშვილს, არჩილ ხარაძეს.

ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი ღვაწლი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში და აკადემიის პრეზიდიუმში.

1935 წლიდან მუშაობს მათემატიკის ინსტიტუტში, რომლის დაარსებაში მან მიიღო აქტიური მონაწილეობა, ჯერ უფროსი მეცნიერ თანამშრომლის, შემდეგ სწავლული მდივნის, ხოლო 1940-1954 წლებში დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე.

1941 წლის თებერვალში ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომლის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი, ხოლო პრეზიდენტის თანაშემწის მოვალეობას მრავალი წლის განმავლობაში (1941-1954 წლებში) ასრულებდა ალექსი გორგიძე.

ნიკოლოზ მუსხელიშვილის მოადგილედ ალექსი გორგიძის მოღვაწეობის შესახებ აკადემიკოსი გიორგი ჭოღოშვილი იხსენებს:

 
„სრულიად შესანიშნავ, სრულიად უნიკალურ პიროვნებასთან გვაქვს საქმე ალიოშა გორგიძის სახით... ის იყო სამაგალითო მეგობარი და ადამიანი.. მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობის დროს დირექტორის ნიკო მუსხელიშვილის არყოფნისას სხვადასხვა სხდომას ის უძღვებოდა ხოლმე და ამას აკეთებდა დაკვირვებით, დინჯად, ტაქტიანად, მარჯვედ ახერხებდა კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვას.“

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობასთან ერთად ალექსი გორგიძე ყოველთვის პოულობდა დროს შემოქმედებითი მეცნიერული მუშაობისათვის. მის სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარ თემატიკას წარმოადგენდა დრეკადობის მათემატიკური თეორიის საკითხები.

შეისწავლა სხვადასხვა სახის ერთგვაროვანი და შედგენილი ძელების გრეხის, გაჭიმვა-კუმშვისა და ღუნვის ამოცანები იმ შემთხვევისათვის, როცა შემადგენელ მასალას პუასონის ერთნაირი კოეფიციენტები აქვს. მასვე ეკუთვნის დრეკადობის კვადრატულ თეორიაში პრიზმულთან მახლობელი და ცილინდრული ძელების, აგრეთვე სხვადასხვა მასალისაგან შედგენილიპრიზმული ძელების გრეხის, გაჭიმვისა და ღუნვის ამოცანების ამოხსნა; ამ დეფორმაციათა, როგორც მეორადი ეფექტები, ასევე დეფორმაციების ურთიერთგავლენასთან დაკავშირებული წრფივი და არაწრფივი ამოცანების ამოხსნა იზოტროპული სხეულებისათვის (1943, 1955-1956 წლებში). ამ ამოცანების ამოხსნისას მან გამოიყენა ერთგვაროვანი ძელებისათვის ადემარ ჟან კლოდ ბარე დე სენ-ვენანის კარგად ცნობილი პრობლემის განზოგადება, ვინაიდან ამ ამოცანებში ჩნდება დეფორმაციების ისეთი ეფექტები, რომელთა განჭვრეტა არ შეუძლია სენ-ვენანის გამარტივებულ თეორიას. არაწრფივი ამოცანების ამოხსნისას დეფორმაციების როგორც მეორადი ეფექტი, ასევე დეფორმაციების ურთიერთგავლენასთან დაკავშირებული ეფექტი, ეს არის კვადრატული თეორიით ნაკარნახევი ეფექტი, რომელიც ემატება წრფივი თეორიით მიღებულშედეგს.

1941-1942 წლებში შეისწავლა მეორადი ეფექტები, რომლებსაც ადგილი აქვთ შედგენილი ცილინდრული ძელების ღუნვის ამოცანებში, ხოლო 1942-1946 წლებში შედგენილი ძელების გაჭიმვის, გრეხისდა წყვილძალით ღუნვის მეორადი ეფექტები. დეკარტის კოორდინატებში ამოხსნა დაგრეხილი ღეროს წყვილძალით ღუნვის ამოცანა.

1947-1960 წლებში მის მეცნიერული მოღვაწეობის ძირითად თემატიკას წარმოადგენს პრიზმულთან მახლობელი, ასევე ოდნავ კონუსური და ბუნებრივად დაგრეხილი ძელების დეფორმაციის ამოცანების შესწავლა. მან გამოიკვლია პრიზმულთან მახლობელი შედგენილი ძელების გაჭიმვისა და გრეხის 1947, გრეხისა და ღუნვის 1948, წყვილძალით ღუნვის 1948 ამოცანები; აგრეთვე ბუნებრივად დაგრეხილი ღეროებისათვის გაჭიმვისა და წყვილძალით ღუნვის 1952, გაჭიმული ძელის განივი ძალით ღუნვის 1953, გაჭიმული ძელის გრეხის 1969, განივი ძალით ღუნვის 1955 და გრეხის 1958 მეორადი ეფექტებისამოცანები. შეისწავლა ოდნავ კონუსური ძელების დეფორმაციის ამოცანა ღუნვისმეორადი ეფექტების გათვალისწინებით 1960, გაჭიმული ძელის წყვილძალით ღუნვის 1961, გაჭიმული ძელის გრეხის 1963, გრეხისა და წყვილძალით ღუნვის 1970 ამოცანები.

1957-1963 შემდგომ კვლევებში მიღებული შედეგები უფრო დააზუსტა და განაზოგადა — გაართულა დატვირთვის სქემა და ისე შეისწავლა სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული ძელების დეფორმაციის მეორადი ეფექტები. აჩვენა, რომ სხვადასხვა დატვირთვათა ურთიერთმოქმედების ეფექტი არსებითია თხელი პროფილის (მაგალითად, თვითმფრინავის ხრახნის პროფილის) გრძელი სხეულებისათვის. ამ განზოგადებული ამოცანების ამოხსნების ასაგებად გორგიძემ ეფექტურად გამოიყენა უმცირეს პარამეტრთა მეთოდი, რაც მკვლევარისაგან ინტუიციას, ფართო ერუდიციას და დიდ გამომგონებლობით ნიჭს მოითხოვს კერძო ამოხსნების მოხერხებულად ასაგებად. მის მიერ ამდარგში მიღებულ შედეგებს აქვთ დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა (ნ. მუსხელიშვილი).

1975-1983 წლებში თეორიული მექანიკის კათედრის სხვა წევრებთან ერთად ა. გორგიძემ განიხილა ანიზოტროპული დრეკადი მასალისაგან დამზადებული ცილინდრული ძელების სხვადასხვა დაძაბულობის როგორც მეორადი ეფექტის, ასევე დეფორმაციების ურთიერთგავლენასთან დაკავშირებული ამოცანები. ა. გორგიძემ ორი და სამი განზომილების მრავლადბმული არეებისათვის ამოხსნა დრეკადობის თეორიის ძირითადი ამოცანები, რომლებშიც გამოიყენა შვარცის ნიშანცვლადი მეთოდი. მანვე განავითარა ინტეგრალური განტოლებების ამოხსნის რიცხვითი მეთოდები. იგი აგრეთვე იკვლევდა დიდი სისტემების მართვის პრობლემებს.

1938 წელს ნიკო მუსხელიშვილის რეკომენდაციით ალექსი გორგიძე არჩეულ იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგის თანამდებობაზე, სადაც იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის (52 წლის) განმავლობაში მოღვაწეობდა და ეწეოდა დაუღალავ და ნაყოფიერ სამეცნიერო, სამეცნიერო-მეთოდურ, პედაგოგიურ, საზოგადოებრივ და აღმზრდელობით მუშაობას.

დიდი ღვაწლი დასდო უმაღლეს სკოლაში თეორიული მექანიკის სწავლების მეთოდიკას. ამ საკითხებზე იგი სპეციალურ კურსს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებულ უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტზე. დიდი პედაგოგიური ოსტატობით და პასუხისმგებლობით კითხულობდა თეორიული მექანიკის ლექციების კურსს, რომლებიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა საქართველოს ტელევიზიის სასწავლო პროგრამების რედაქციის მიერ.

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან თეორიული მექანიკის კათედრასთან მუშაობს მექანიკის საქალაქო სემინარი მექანიკაში, რომლის დაარსების ინიციატორი და მეცნიერი ხელმძღვანელი სამი ათეული წლის მანძილზე იყო ალექსი გორგიძე. დღეს ეს სემინარი ა. გორგიძის სახელს ატარებს და აგრძელებს ძველ ტრადიციებს.

სახელმძღვანელოები

რედაქტირება

ალექსი გორგიძემ შესანიშნავად გამოიყენა თავისი მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება და ქართულ ენაზე შექმნა ორიგინალური სახელმძღვანელოები თეორიულ მექანიკაში:

  • 1959 წ. „თეორიული მექანიკის კურსი“, წიგნი I. სტატიკა-კინემატიკა.
  • 1965 წ. „თეორიული მექანიკის კურსი“, წიგნი II. დინამიკა.

1993 წელს დაწესდა საქართველოს საინჟინრო აკადემიის ალექსი გორგიძის სახელობის პრემია, ხოლო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კი ალექსი გორგიძის სახელობის სტიპენდია, ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა ა. გორგიძის სახელი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო მექანიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიას მინიჭებული აქვს ალექსი გორგიძის სახელი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • თეორიული მექანიკა, წგ. 1–2, თბ., 1990–91;
  • თეორიული მექანიკის კურსი. დინამიკა, თბ., 1997;
  • Некоторые обобщения задач кручения и изгиба составных брусьев, Тб., 2001;
  • К истории развития механики в Грузии, Тб., 2001.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება