გორა (დასახლება)
გორა, დიხაგუძუბა, დიხაზურგა, თელი, თეფე — არქეოლოგიურ ძეგლთა კატეგორია, დასახლების ერთ-ერთი უძველესი სახეობა მეტნაკლებად შემაღლებულ ადგილზე. სოციალური ისტორიის თვალსაზრისით, გორა არის გვარის სამოსახლო, სამეურნეო საკულტო ადგილი, სიმაგრე, ხშირად სამაროვანიც. ამისდა მიხედვით გვაქვს გორასაცხოვრისი, გორანამოსახლარი, გორასახელოსნო, გორაციხე, გორასამლოცველო და გორასამარხი. გარეგნულად გორებში სამი ჯგუფი გამოირჩევა: განმხოლოებული, განკიდული და ამოზიდული (ნ. ბერძენიშვილი). გორებად დასახლება ნეოლითის ხანაში დაიწყო, როდესაც მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარების შედეგად გვარი ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდა. სამოსახლოდ ირჩევდნენ ბუნებრივ შემაღლებებს, უპირატესად ვაკეზე ან ვაკიდან ზეგნისაკენ გარდამავალ ზონაში, რომელიც მდიდარი იყო სამიწათმოქმედო სავარგულებითა და საძოვრებით. მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარება განსაზღვრავდა გორების განლაგების ზოლს. მეურნეობის ხასიათი მოითხოვდა მეტნაკლებად მუდმივ დასახლებას, თვით საცხოვრისისა და სამეურნეო დოვლათის დაცვას (გაჩნდა გორაციხის ფუნქცია). ერთ ადგილას დიდხანს ცხოვრების შედეგად სხვადასხვა დროს საცხოვრებელ და სხვა ნაგებობათა ნანგრევები ერთიმეორეს ემატებოდა და თანდათან ზრდიდა გორების სიმაღლეს. ასე იქმნებოდა ე. წ. ამოზიდული გორები. მათი შექმნა შესაძლებელი იყო მხოლოდ მწარმოებლური მეურნეობის მქონე საზოგადოების არსებობის პირობებში. ამოზიდული გორების დამახასიათებელია ძირითადად წინა აზიისა და სამხრეთ ევროპოსათვის, სადაც ნეოლითური ხანის მიწურულიდან ბუნებრივი პირობები და საზოგადოების სოცციალურ-ეკონომიკური დაწინაურება ხელს უწყობდა ერთ ადგილას ადამიანის ხანგრძლივ ცხოვრებას (მაგ., იერიქონი). ზოგი გორა ძველი ქალაქების ნანგრევებს წარმოადგენს (მაგ., ნიმრუდ-დაღი). საქართველოში უძველესი გორები გვიანდელი ნეოლითის და ენეოლითის ხანას განეკუთვნება (შულავერის გორა, იმირის გორა, არუხლოს გორა და სხვა). გავრცელებული იყო აგრეთვე ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში (გუდაბერტყა, ხიზაანთ გორა, ქვაცხელები). შუა ბრინჯაოს ხანის ფენების შემცვლელი გორები ჯერჯერობით მხოლოდ კახეთშია აღმოჩენილი (ალაზნის ველის ნამოსახლარები). განსაკუთრებით ხშირი იუო გორებად დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანაში, როდესაც წინ წამოიწია გორის თავდაცვითმა ფუნქციამ. თხრილითა და გალავნით გამაგრებული გორების გარშემო ამ დროს გაჩნდა სამოსახლოები, რაც საზოგადოების განვითარებაში მომხდარი ცვლილებების მაჩვენებელია. გორებად დასახლება საფუძველს უყრიდა საქართველოს ისტორიული "ქვეყანაების" ჩამოყალიბების პროცესს.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფაქიძე ა., გორა, გორანამოსახლარი, გორასამარხი, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966;
- ბერძენიშვილი ნ., ერთი ფურცელი ისტორიულ-გეოგრაფიული დღიურიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, ტ. 1;
- აფაქიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 221.
- აფაქიძე ა., მინდიაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 98.