გორაბერეჟოულის სასახლე

გორაბერეჟოულის სასახლეეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი.[1] მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში. წარმოადგენდა გურიის ერისთავების რეზიდენციას. აშენებული იყო საბრძოლო დანიშნულებით. სახლი აგებულია გორაკზე, XVII-XVIII საუკუნეებში. ერისთავების სასახლე შემორჩენილი არაა, შემორჩენილია გალავნით დაცული საბრძოლო დანიშნულების ციხე-დარბაზი.

დიუბუა დე მონპერეს ნახატი, ერისთავების სასახლე

არქიტექტურა

რედაქტირება
 
გალავანი

ციხე-დარბაზი მდებარეობს შემაღლებული გორის ჩრდილოეთ ნაწილში პარკის ტერიტორიაზე. ციხეს მისასვლელი სამხრეთიდან აქვს, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან გორა მკვეთრად დაფერდებულია. ციხე-დარბაზი ჩრდილო-სამხრეთის ღერძზეა წაგრძელებული. სასახლეს სამხრეთით მიდგმული აქვს 4-6 მ სიმაღლის თავდაცვითი გალავანი. გალავანი ნაგებია რიყის ქვებით კირის დუღაბზე. დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლები უფრო გრძელია ვიდრე სამხრეთის, ხოლო ჩრდილოეთით გალავანს სასახლე კრავს. სამხრეთით გალავნის კედლების შეერთების ადგილი მომრგვალებულია. გალავანს შემოუყვება სათოფურები. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებზე საბრძოლო ბილიკები ფიქსირდება. ციხის ეზოში, სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში 1.70 მ. სიმაღლის წრიული ფორმის კედელია შემორჩენილი. კედელსა და გალავანს შორის არსებულ სივრცეში ჩადგმულია ბეტონის სხმული ავზი (სიმაღლე 2.50 მ.). სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მოწყობილია ღია მარანი. დასავლეთ კედელთან მიშენებულია საწნახელი (2.5x1 მ), რომელიც ნაგებია პატარა ზომის რიყის ქვებით ხსნარზე. საწნახელის შიდა და გარე პირი ნალესია.

 
ციხე-დარბაზი

ციხე-დარბაზის ფასადი მიმართულია ეზოსკენ და წარმოადგენს შვიდ სვეტზე არსებული შუშაბანდს. სვეტები ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით რომლებიც ბრტყელი კაპიტელებით მთავრდება. პირველ სართულზე ორი ოთახია. აღმოსავლეთით მდებარე ოთახში ბუხარი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული დასავლეთ კედელში ორი ნიშაა გამოყვანილი. ოთახს იატაკი არ აქვს. მეორე სართულზე ასასვლელი აღმოსავლეთიდან ბეტონის კიბით არის შესაძლებელი რომელიც გალავანს არის მიდგმული. მეორე სართულის ორივე ოთახის შესასვლელი კარი გადის შუშაბანდიან კორიდორში. აღმოსავლეთ ოთახში ჩრდილოეთ კედელში აივანზე გასასვლელი კარია გაჭრილი. დასავლეთ კედელში გაჭრილი კარი გადის მეორე ოთახში, სადაც ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ბუხარია. დასავლეთ კედელში სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთით ასევე აივანზე გასასვლელი კარია. ჩრდილოეთ ფასადზე გამავალი აივანი აღარ არის შემორჩენილი. სასახლე ნაგებია რიყის ქვებით ხოლო ფანჯრებისა და აივანზე გამავალი კარების წირთხლები თლილი ქვიშაქვის კვადრებითაა ამოყვანილი. გადახურულია თუნუქით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10763